ზურაბ ჩხაიძე - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია - კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, როგორიცაა ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები, ნორმაშია. პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს მხოლოდ ადვოკატის ხედვაა. პაციენტს ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ამოწმებენ და მისი პარამეტრები კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ შეესაბამება, ამიტომ ის მკურნალობას პალატაში აგრძელებს.

კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. რისკებზე მე ზოგადად ვსაუბრობ, რადგან კოვიდს გართულებები ახასიათებს. ამ შემთხვევაში, როდესაც სხვა თანმხლები დაავადებებიც არის, გართულებები გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, რაიმე მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გართულებებთან გვექნება, არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ასევე, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა, ნევროლოგიური სტატუსის გამო, კოვიდინფიცირებული პაციენტისთვის საჭირო კონკრეტული მედიკამენტები ვერ მიიღო.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება.

„მისი მკურნალობა შეზღუდული არანაირად არ არის. მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება. პალატაში არც რაიმე დამატებითი აპარატურა შეუტანიათ, რადგან ეს პაციენტს არ ესაჭიროება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა და ქალბატონმა გიული ალასანიამ იციან, რომ პალატა სრულად იყო აღჭურვილი იმ აუცილებელი ტექნიკით, რაც პაციენტს სჭირდებოდა და ის იმავე პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილის სატურაცია ნორმის ფარგლებშია, ამიტომ მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდება. რა საჭიროა სასუნთქი აპარატი?

რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არ ვიცი რატომ. არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს მიერ გონების კარგვა არ დაუფიქსირებია. პაციენტს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია.

მე გეუბნებით იმ რეალობას, რაც არის. ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ეს გონების კარგვა იწერება, როგორც ინფორმაცია „პაციენტის გადმოცემით“, მაგრამ დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა PCR ტესტი არ წარმოადგინეს. როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, სხვა ყველა ადამიანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა, PCR ტესტი ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.

„პაციენტთან შესვლა პენიტენციური სამსახურის პრეროგატივაა. რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა. ყველა იმ პირის ტესტის პასუხი, ვისაც პაციენტთან ჰქონდა შეხება, უარყოფითია. ერთადერთი, შემსვლელთა შორის არიან ადვოკატები, რომლებმაც PCR ტესტი არ წარმოადგინეს. შეიძლება სწრაფმა ტესტმა აჩვენოს უარყოფითი შედეგი მაგრამ PCR ტესტი სხვაა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო