ლაშა ხუციშვილი - მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა - 500-ზე მეტი შემთხვევაა, როცა ბიზნეს ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა. მისივე თქმით, ამას გარდა, 500-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც ბიზნეს ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა, შესაბამისად, ეს ოპერაციები აღარ განხორციელდა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსს სრულად ემთხვევა. მისივე თქმით, სანქციების გამო, საბაჟო-გამშვებ პუნქტებს მკაცრად აკონტროლებენ და პრაქტიკულად ყველა პუნქტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვითარდება.

„დღეს საბაჟოს საერთაშორისო და მებაჟე-ოფიცრების პროფესიული დღე აღინიშნება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ მებაჟე-ოფიცერს, საბაჟო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს მივულოცო ეს დღე და წარმატება ვუსურვო. მებაჟე-ოფიცრები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ და ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს იცავენ.

საბაჟოს ყველა მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი და წარმატება აქვს. ეს საერთაშორისო ნორმების შესრულებასაც შეეხება. საქართველოს საბაჟო ორგანო შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს. ამის დასტურია ის კომუნიკაციები, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციებიდან ვიღებთ.

მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა. გარდა ამისა, 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ბიზნეს ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა, შესაბამისად, ეს ოპერაციები აღარ განხორციელდა. ჩვენ პროაქტიულად ვთანამშრომლობთ ბიზნეს ოპერატორებთან, იმისათვის, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რა ითვლება სანქციის დარღვევად.

ბუნებრივია, სანქციების გამო, საბაჟო-გამშვებ პუნქტებს მკაცრად ვაკონტროლებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვითარდება. ყაზბეგის პუნქტზე დამატებითი სკანერი დამონტაჟდა, სადაც ტვირთები სკანირდება. გასულ წელს დასრულდა ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა. უახლოეს მომავალში ლაგოდეხის პუნქტის რეაბილიტაცია დასრულდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან უკვე სრულად ჰარმონიზებულია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა