საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და GREDA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

როგორც რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აცხადებს, პარტნიორობას, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს შორის ჩამოყალიბდა, მემორანდუმი უფრო ნაყოფიერს და წარმატებულს გახდის.

„მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და GREDA ითანამშრომლებენ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა, განახლებადი ენერგეტიკის სფეროში მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსები, ენერგეტიკის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდა და საზოგადოებაში განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ენერგეტიკა მოიცავს აქტუალურ გამოწვევებს და ისეთ საკითხებს, რომლებიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. ჩვენი უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესი და მოწინავეა დარგისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით და იმ მხრივაც, რომ მისი აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ. ვფიქრობ, GREDA-სთან დაწყებული თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაუზრდის“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა GREDA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენი მხრიდან უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, შეიქმნა და წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“; პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით, ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა; ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე პროფესიული კურსის შემუშავებასა და დანერგვაზე. ეს საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე გზაა, ამიტომ პარტნიორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც სულ ახლახან დაარსებიდან 100 წლისთავი აღნიშნა, ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი სანდო პარტნიორი გახდა“, - აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო