ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის ადვოკატების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალდების საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადეს, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს.
„საქმის სამართლებრივი პერსპექტივა არის გამამართლებელი განაჩენი არამარტო „ფულის გათეთრების საქმეზე”, არამედ იმ ნაწილში, რომელშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს დღეს სასამართლო. თუ ეს ამ ინსტანციაში არ იქნება მიღწეული, ვიცით, რომ ეს გრძელო გზაა და თუ იგივე მოხდება უზენაეს სასამართლოში, მაშინ ჩვენ მოგვიწევს სტრასბურგში წასვლა“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
„ჩვენი მოლოდინი არ შეცვლილა. უკვე რამდენიმე წელია ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას და ეს არის გამამართლებელი გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მტკიცებულებები სხვა გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას არ იძლევა“, - განაცხადა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, როგორც ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა, რის შეცვლასაც ისინი სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.