გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი მიმოიხილეს. მაია ბითაძემ ელჩს ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებულ ვალდებულებებს.
„ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ყველა ვალდებულების შესრულების პარალელურად უფრო გააქტიურდება ის პროცესი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მან ხაზი გაუსვა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და ყველა იმ ვალდებულების შესრულებაში ოპოზიციის მონაწილეობა", - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა ოპოზიცია უფრო აქტიურად იყოს ჩართული კანონმდებლობის ფორმირების პროცესში.
„ჩვენ ისეთ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ახალ კარს ხსნის, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ქვეყნის განვითარების ახალი მიმართულება, ის მიმართულება, რომელიც ევროკავშირში უკვე სტაბილურად არის ჩამოყალიბებული და ქვეყანაში ინვესტიციების და განვითარების ახალი ხაზის გახსნის წინაპირობად შეიძლება იქცეს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქებში, მათ შორის დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების საკითხებს, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება.
„ელჩს გავაცანით ის კანონპროექტები, რომლის ინიცირებაც კომიტეტის მხრიდან მოხდება, ეს არის კლიმატის ცვლილების ახალი კანონი, ასევე ქალაქებში გამწვანების საკითხების ინტეგრირება სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში. გავაცანით საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური მდგომარეობის და მობილობის გაუმჯობესების გათვალისწინებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.