კახა კალაძე - ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია - არასოდეს გვიკადრია და ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ

მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს, რომ კონკრეტულ არეალში განვითარდეს და მოწესრიგდეს სივრცე.

„ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი? - ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ შეიცვალოს ასეთი ზონები ან მოხდეს ადგილმონაცვლეობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ მდგომარეობა მიწის ზონალური სტატუსის შეცვლით, როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა. მაშინვე გაჩნდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ასეთ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება - ან გამოისყიდოს ასეთი მიწები, ან შეუცვალოს ზონირება. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ არეალში ვერ ვხედავ პრობლემას, რომ განვითარდეს და მოწესრიგდეს ეს სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.

„მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან მძიმედ დაზიანდა „ლაგუნა ვერე“, 13 ივნისის სტიქიამ ძალიან დააზიანა არსებული სივრცე. როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. მოვუწოდებთ ყველას ჩართულობისკენ და ერთად შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.

„ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული.

„თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ. ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე.

­

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი