ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

კოლექტიური დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემის შემდეგ სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება დაპირისპირებულ ძალებს შორის ძალთა ბალანსი, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის ფრონტებზე, და როდის იქნება მზად უკრაინა შეტევითი ოპერაციის დასაწყებად, ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, ბოლო რამშტაინის დასულების შემდეგ უკრაინის გულშემატკივრებში იყო გარკვეული იმედგაცრუება იმის გამო, რომ გერმანიამ რამდენიმე დღით გადაავადა გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გადაცემასთან დაკავშირებით.

ახლა უკვე ვიცით, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უკრაინა 150-მდე „ლეოპარდს“ მიიღებს. გარდა ამისა, უკრაინა სხვადასხვა ტიპის ტანკებს მიიღებს ევროპული ქვეყნებიდან, კანადამ მიიღო გადაწყვეტილება გადასცეს 200 ჯავშანტრასპორტიორი.

ცალკე საუბრის თემაა, ამერიკელების მიერ უკრაინისთვის 31 „აბრამსის“ გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რაზეც განცხადება პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ თავდაცვისა და საგარეო უწყებების ხელმძღვანელების გვერდით ყოფნის ფონზე გააკეთა.

გასაგებია, რომ რამდენიმე სატანკო ბატალიონების მომზადებას დროს დასჭირდება, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინას შეტევითი ოპერაციის მომზადებაში ეხმარება.

მას შემდეგ, რაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ, სამხედრო საქმის სპეციალისტები ამბობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტი ეტაპი მალე დადგება.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ტანკების გადაცემა? და სავარაუდოდ, როდის შეიძლება იყოს მზად უკრაინა შეტევითი ოპერაციის დასაწყებად?

- რუსეთ-უკრაინის ომი დროში გაიწელა. დასავლეთში არავის სურს მუდმივად პრობლემებში ცხოვრება. თან უკრაინელმა ხალხმა, ხელმძღვანელობამ და შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა და რუსების დამარცხება. ამიტომ დასავლეთში დაიძლია აქამდე არსებული ტაბუები და „წითელი ხაზები“. მათ მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება - ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება.

ამ სტრატეგიის ნაწილია დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაც. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება - ვინ რამდენ და რა მოდიფიკაციის ტანკს გადასცემს უკრაინას.

პარალელურად დაწყებულია უკრაინელი ტანკისტების მომზადებაც, რადგან მათ პირველად მოუწევთ დასავლური ტანკების გამოყენება. ტექნიკური მოსაზრებებით არჩევანი ძირითადად გერმანული წარმოების „ლეოპარდებზე“ გაკეთდა. შესაბამისად მთავარი როლი მათ დაეკისრებათ. მაგრამ უკრაინელებს ასევე გადაეცემათ ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული წარმოების ტანკებიც და ესეც კარგია. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს, დასავლური ტანკების უკრაინაში ჩაყვანას, პერსონალის მომზადებას, ლოჯისტიკის აწყობას და ა.შ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ამ ყველაფერს, დასავლური ტანკების უკრაინაში ჩაყვანას, პერსონალის მომზადებას, ლოჯისტიკის აწყობას და ა.შ, რამდენიმე კვირა დასჭირდება

უკრაინული კონტრშეტევის ორგანიზებას დასჭირდება სავარაუდო შეტევის ადგილების საარტილერიო დამუშავება. ეს საშუალებებიც გადაეცემა უკრაინას, ჯავშანმანქანები (ტანკების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შემდეგ ცოცხალი ძალის გადასაყვანად და ეს ტექნიკაც მიეწოდება უკრაინას) და სამხედრო ავიაცია (ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად და იქიდან მოწინააღმდეგის ძალების გასანადგურებლად.

ძალიან მალე, 14-15 თებერვალს გაიმართება რამშტაინის მორიგი შეხვედრა, სადაც სწორედ სამხედრო ავიაციის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ. უკრაინას დასჭირდება ამ ყველაფრის დაგროვება და შემდეგ ერთიანი შეტევის ორგანიზება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაზაფხულზე მოხდება.

14-15 თებერვალს გაიმართება რამშტაინის მორიგი შეხვედრა, სადაც სწორედ სამხედრო ავიაციის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ. უკრაინას დასჭირდება ამ ყველაფრის დაგროვება და შემდეგ ერთიანი შეტევის ორგანიზება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაზაფხულზე მოხდება

ცხადია, არც რუსები სხედან უსაქმოდ. ისინიც ხედავენ, რას გამოიწვევს დასავლური ტექნიკის ჩასვლა უკრაინაში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ ამ სახის დახმარებას არც არავინ გაუწევთ და კიდევ უფრო ძველი, უმეტეს შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში წარმოებული შეიარაღებით ბრძოლა მოუწევთ, რომლებიც ახლა გამოაქვთ საწყობებიდან. ამიტომ ისინი დასწრებაზე მოქმედებას შეეცდებიან.

მეორე საკითხია, რა ფასად დაუჯდებათ შეტევის ორგანიზება ან რამდენად შედეგიანი იქნება მათი ეს ჩანაფიქრი. საეჭვოა, რომ მათ ამ ომში რაიმე სახის სტრატეგიული გარდატეხის შეტანა მოახერხონ. თუ რაიმე სახის წინსვლა ექნებათ, ეს იქნება უდიდესი დანაკარგების შედეგად, რაც დავინახეთ კიდეც როგორც ბახმუტთან, ისე სოლედართან გამართული ბრძოლებისას.

ასეთ შემთხვევაში რუსები შეტევის შემდეგ ისინი კიდევ უფრო გამოიფიტებიან და უკრაინას გაუადვილდება წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება.

- ამ პროცესების ფონზე, გერმანიამ დაიწყო პოლონეთში აღმოსავლეთის ფრონტის დასაცავად „პატრიოტების“ გაგზავნა. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის ფრონტის დასაცავად გერმანიიდან პოლონეთში „პატრიოტების“ გაგზავნა?

- ამით დასავლეთში თავს იზღვევენ. როგორც უკრაინის დაცულობა ნიშნავს პოლონეთის დაცულობას, ისე პოლონეთის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებაცაა. ბუნებაში ცალკე, განყენებულად არაფერი არსებობს.

ასევეა საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაშიც. ამ ომმა დასავლეთის კონსოლიდაცია და გამოფხიზლება გამოიწვია. დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს. მათ მზერა აღმოსავლეთ ევროპისკენ მოაპყრეს და ეს ჩვენთვისაც კარგია.

ამ ომმა დასავლეთის კონსოლიდაცია და გამოფხიზლება გამოიწვია. დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს. მათ მზერა აღმოსავლეთ ევროპისკენ მოაპყრეს და ეს ჩვენთვისაც კარგია

- უდავოა, რომ ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ახლა უკრაინასთან დაკავშირებით ხდება, საინტერესო იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია.

დამკვირვებელთა უმეტესობამ პრესკონფერენციაზე ბაიდენის გვერდით ოსტინისა და ბლინკენის დგომა თეთრ სახლის ადმინისტრაციაში მკვეთრად ანტირუსული ფრთის არა მხოლოდ გაძლიერების, არამედ დომინანტობის ფაქტად შეაფასა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ აშშ და რუსეთი მოლაპარაკებული არიან აწარმოონ ომი უკრაინაში. თუმცა, რომ ამგვარი მტკიცებისთვის, არანაირი საფუძველი არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ რუსეთი ისევე აქტიურად მუშაობს ამერიკულ და ევროპულ მოედანზე, როგორც ომის დაწყებამდე. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს რესურსიც განუსაზღვრელი აღარაა. ამის კარგი მაგალითია ომამდე გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები.

კითხვას ასე დავსვამდი - შეიძლება ითქვას, რომ თეთრი სახლის ანტირუსული პოლიტიკა მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე რუსები უკრაინიდან არ გავლენ?

- თეთრი სახლის პოლიტიკა არ არის ანტირუსული. ეს არის უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. არც აშშ და არც უკრაინა არ შეჭრილან რუსეთში. პირიქით, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. კიევი თავს იცავს და ამ საქმეში მას ვაშინგტონი ეხმარება.

თეთრი სახლის პოლიტიკა არ არის ანტირუსული. ეს არის უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. არც აშშ და არც უკრაინა არ შეჭრილან რუსეთში. პირიქით, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. კიევი თავს იცავს და ამ საქმეში მას ვაშინგტონი ეხმარება

რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს დახმარება იქნება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი ნიშნავს 1991 წლის საზღვრებზე გასვლას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყრას.

- ვნახეთ, რომ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა პრესკონფერენციაზე იხუმრა - „რუსები ევროპის ფინეთიზაციით იმუქრებოდნენ და ფინეთის ნატოზაცია მიიღესო.

ფინეთის თემაზე ბაიდენმა კი იხუმრა, მაგრამ ამ ხუმრობას წინ უძღოდა ერდოღანის განცხადება, რომ ანკარა მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. შვედეთისო, და არა ფინეთისო.

გასაგებია, რომ უკრაინა-რუსეთის ომში თურქეთის როლი საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოიყურება. ანკარის ინიციატივით დაიწყო უკრაინამ უკრაინის ბლოკირებული პორტებიდან ხორბლის გატანა.

მეტიც, ანკარა, მხარს უჭერს თურქებით, აზერბაიჯანელებითა და ყირგიზებით დაკომპლექტებული შენაერთების ბრძოლას რუსების წინააღმდეგ, მეორე მხრივ ერდოღანი კრემლს თურქეთისათვის სასარგებლო თემებზე ევაჭრება,

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ანკარა-მოსკოვის ურთიერთობებს? და კიდევ - თქვენი აზრით, რამდენ ხანს იყოყმანებს ანკარა ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხში?

- ამ ეტაპზე ფინეთზე დიდი პრობლემა შვედეთთან დაკავშირებითაა, სადაც ახლახან დაფიქსირდა ანტითურქული და ისლამოფობიური ინციდენტები, მათ შორის იყო ყურანის დაწვის ფაქტიც, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა თურქეთ-შვედეთის ურთიერთობებზე.

ფინეთი კი ტრადიციულად საგარეო პოლიტიკაში შვედეთთან ერთად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ფინეთმაც გადაწყვიტა ერთგვარი პაუზა აიღოს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ანკარის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ეს კომპლექსური საკითხია. ანკარას, ერთი მხრივ, არ სურს რუსეთის გაძლიერება, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იარაღსაც აწვდის მას. მაგრამ, მეორე მხრივ, მას სჭირდება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება რუსეთთან, განსაკუთრებით იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც ამ ბოლო დროს დადგა თურქეთის ეკონომიკა.

ანკარას, ერთი მხრივ, არ სურს რუსეთის გაძლიერება, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იარაღსაც აწვდის მას. მაგრამ, მეორე მხრივ, მას სჭირდება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება რუსეთთან, განსაკუთრებით იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც ამ ბოლო დროს დადგა თურქეთის ეკონომიკა

თან იმ ფონზე, როდესაც თურქეთში მოახლოვდა მეტად მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სახის პროგრესი შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შემდეგში ვნახოთ რა იქნება.

- ფაქტია, რომ რაც უფრო მეტად ეხმარება დასავლეთი უკრაინას, მით მეტად აძლიერებს კრემლი საომარ პროპაგანდასა და ანტიდასავლურ რიტორიკას.

ვითარებაში, როცა დასავლეთი უკრაინას ეხმარება, რუსეთში სულ უფრო გახშირდა საუბრები იმაზე, რომ კრემლი მალე დაიწყებს ახალ მობილიზაციას. ანტიპუტინისტურად განწყობილ რუს დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ კრემლს სურს უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაცია“ „სახალხო ომად“ აქციოს. ადმინისტრაციული რესურსის მონაწილეობითა და პროპაგანდით ხერხდება მობილიზაციის უზრუნველყოფა.

ამისთვის კრემლის პროპაგანდა აქტიურად იყენებს თეზისს, რომ უკრაინაში რუსეთი კოლექტიურ დასავლეთსა და ნატოს ებრძვის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნატო უკრაინა-რუსეთის ომში რეალურად არ მონაწილეობს. იგულისხმება ნატოელი ჯარისკაცების ომში მონაწილეობა.

გასაგებია ისიც, რომ რუსეთს გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ვხედავთ, რომ სულ მეტი რუსეთის მოქალაქისთვის გაუგებარია უკრაინაში რუსეთის ომის წარმოების მიზნები. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ომს რუსეთში მხარს ბევრი უჭერს.

თქვენი დაკვირვებით შეძლებს კრემლი უკრაინაში წარმოებული „სპეცოპერაციის“ „სახალხო ომად“ ქცევას“ და ომის წარმოების თვალსაზრისით რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?

- რა სახელიც არ უნდა დაარქვას კრემლმა ამ ომს, რა მსხვერპლიც არ უნდა გაიღოს, სიტუაციას ბრძოლის ველზე მაინც ვეღარ შეატრიალებს. ახლა ამ მობილიზებულებით, რომლებიც კრემლისთვის რეალურად მხოლოდ „საზარბაზნე ხორცს“ წარმოადგენს, დროის მოგება ხდება. დიდი მსხვერპლის ფასად ხერხდება რუსეთის მარცხის გადავადება. მაგრამ რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო ყოვლისმომცველი იქნება რუსეთის იმპერიის კოლაფსი.

დიდი მსხვერპლის ფასად ხერხდება რუსეთის მარცხის გადავადება. მაგრამ რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო ყოვლისმომცველი იქნება რუსეთის იმპერიის კოლაფსი

ეს კერძო არმიების შექმნა („ვაგნერი“, კადიროველები და ა.შ.) მომავალი სამოქალაქო დაპირისპირების პირველი ნიშნებია, რომელიც დაიწყება რუსეთის უკრაინაში დამარცხებისა და პუტინის რეჟიმის კრახის შემდეგ. გარკვეული ძალები რუსეთის შიგნით უკვე ემზადებიან ამ დაპირისპირებისთვის.

- თქვენ რამდენად სერიოზულად აღიქვით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის პოდოლიაკის განცხადება იმის შესახებ, რომ კიევი მალე დაბომბავს მოსკოვს, პეტერბურგსა და ეკატერინბურგს?

- უკრაინა აცხადებს, რომ ის არ დგას რუსეთის ტერიტორიების დაბომბვების უკან და სწორადაც იქცევა.

რაც შეეხება რუსეთის ქალაქებს, თუ კიევი, დნიპრო და ოდესა იბომბება, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს მოსკოვში, პეტერბურგში და სხვა რუსულ ქალაქებში? რაც უფრო სისხლისმღვრელი იქნება ეს ომი, ასეთი ალბათობის ხარისხიც მოიმატებს. შეუძლებელია, თესდე ამხელა ბოროტებას და ის შენ არ დაგიბრუნდეს.

მოსკოვის დაბომბვას ნაკლებად ექნება სამხედრო დატვირთვა. თუ ეს მოხდა, მას უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა იქნება. ცხადია, რომ მას შესაძლოა შოკური რეაქცია მოჰყვეს რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთა მხრიდან, რომლებიც დაინახავენ, რომ ომი უკვე მათთან მივიდა, სადაც დაცულად უკვე ვეღარავინ იგრძნობს თავს.

მოსკოვის დაბომბვას ნაკლებად ექნება სამხედრო დატვირთვა. თუ ეს მოხდა, მას უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა იქნება. ცხადია, რომ მას შესაძლოა შოკური რეაქცია მოჰყვეს რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთა მხრიდან, რომლებიც დაინახავენ, რომ ომი უკვე მათთან მივიდა, სადაც დაცულად უკვე ვეღარავინ იგრძნობს თავს

- უკრაინის თემაზე საუბრისას აქტიურად განიხილება კიევსა და მინსკს შორის დაწყებული ღია თუ კულუარებში დაწყებული მოლაპარაკებები.

მხედველობაში მაქვს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ კიევმა მინსკს უკრაინასა და ბელორუს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის ხელმოწერა შესთავაზა.

პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა თქვა, რომ კრემლში ამგვარი ინფორმაცია არ აქვთ. თუ კიევმა მინსკს ამგვარი რამ შესთავაზა, ძნელი დასაჯერებელია ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. თქვენ როგორ აღიქვით მინსკისთვის კიევის შეთავაზება და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- არავინ იცის, ლუკაშენკოს ეს ნათქვამი რამდენად შეესაბამება რეალობას. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ლუკაშენკომ ხელები გაისვარა ამ ომში და როდესაც ამ ომის შემდეგ სპეციალური ტრიბუნალი გაიმართება, იქ პუტინისა და მისი გარემოცვის გარდა, ლუკაშენკოც გასამართლდება.

სხვათა შორის, ეს უკვე ჩაწერილია ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გასასამართლებლად.

ლუკაშენკომ ხელები გაისვარა ამ ომში და როდესაც ამ ომის შემდეგ სპეციალური ტრიბუნალი გაიმართება, იქ პუტინისა და მისი გარემოცვის გარდა, ლუკაშენკოც გასამართლდება

იქ პირდაპირ წერია შემდეგი: „ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, რათა გაასამართლოს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკო და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც თანამონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიიდანაც და რომლის ლოგისტიკური მხარდაჭერითაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“

ასე, რომ ლუკაშენკოც პუტინის მსგავსად პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.

- გასულ კვირა უკრაინის ხელისუფლებაში დიდი წმენდის კვირა იყო. პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით ბევრმა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა თანამდებობა.

ფაქტია, რომ ეს პროცესი უკრაინაში კიევში აშშ-ს სპეცსამსახურების შეფის ვიზიტის შემდეგ დაიწყო. თანამდებობების დატოვება მოუწიათ იმათ, ვისაც ომის ფონზე კორუფციაში წაუყენა ბრალი, ან იქნა ეჭვმიტანილი.

დამკვირვებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ სწორედ რუსული მეხუთე კოლონის სისუსტემ განაპირობა რუსული „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა უკრაინაში. კორუფციაში დადანაშაულებულებსა და ეჭვმიტანილებს ყველას რუსული მეხუთე კოლონის წევრობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, ცხადია, რომ უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალმა დაიწყო არასანდო ადამიანებისგან გათავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებამდე უკრაინა საკმაოზე მეტად კორუმპირებული ქვეყანა იყო, გაქვთ განცდა, რომ ამ გათავისუფლებების შემდეგ სახელისუფლებო ვერტიკალი არასანდო ადამიანებისგან მაქსიმალურად გათავისუფლდება, რაც უკრაინულ საქმეს წაადგება?

- კორუფცია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოების მტერი და რუსეთის მთავარი მოკავშირეა ნებისმიერ ქვეყანაში. ის უფრო ვერაგია, ვიდრე ტანკში მჯდომი მოწინააღმდეგე.

კორუმპირებული ადამიანები შენიანად გაჩვენებენ თავს, ასრულებენ შენ ეროვნულ ჰიმნს, წარმოადგენენ შენ ქვეყანას. მაგრამ, ამავე დროს იპარავენ იმ ხალხის ფულს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების დახმარებასაც და ამით ჩრდილს აყენებენ როგორც ქვეყნის პრესტიჟს, ისე სასაუბრო თემას აძლევენ პრორუსულ ძალებს იმავე დასავლეთში.

კორუმპირებული ადამიანები შენიანად გაჩვენებენ თავს, ასრულებენ შენ ეროვნულ ჰიმნს, წარმოადგენენ შენ ქვეყანას. მაგრამ, ამავე დროს იპარავენ იმ ხალხის ფულს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების დახმარებასაც და ამით ჩრდილს აყენებენ როგორც ქვეყნის პრესტიჟს, ისე სასაუბრო თემას აძლევენ პრორუსულ ძალებს იმავე დასავლეთში

უკრაინის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ამ ყველაფერს. ამიტომ იგი ცდილობს ამ მეტასტაზების მოცილებას, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია და სასარგებლოა უკრაინისთვის.

კორუფცია ყველგან შეიძლება არსებობდეს. მაგრამ მთავარია, გაქვს თუ არა მასთან ბრძოლის ნება და უკრაინამ აჩვენა, რომ მას აქვს ასეთი ნება. დასავლეთი ხედავს ამას და შესაბამისად, გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით