მარიამ ჯიშკარიანი - იუსტიციის სამინისტროს და სამხარაულის ბიუროს საპასუხოდ მოვამზადებთ დასკვნის დასკვნის დასკვნას - რატი ბრეგაძე მიიღებს საკადრის პასუხს

რატი ბრეგაძე არის მხარე - ის, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა, - ასე ეხმიანება ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მათ მიერ მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და იუსტიციის სამინისტროს კიდევ მოუწევს მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა.

„აბსურდია. დასკვნის დასკვნის მომზადება რას ნიშნავს, არ ვიცი. ვინ დანიშნა სამხარაულის ბიურო ჩვენს დირექტორად, ვერ გეტყვით. ცენტრი „ემპათია“ შეისწავლის სამხარაულის დასკვნას, მომზადდება დასკვნის დასკვნის დასკვნა და კიდევ მოუწევს იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენა მტკიცებულებების, რის საფუძველზე ჩაატარეს დასკვნის ექსპერტიზა. გავეცნობით როგორ ჩაატარეს ეს ექსპერტიზა და საერთოდ დიაგნოზები, რომლებიც მან დაასახელა, მაგალითად, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით, ერთი ერთში ემთხვევა კლინიკა „ვივამედის“ დიაგნოზებს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზს, როგორ დაადგინა სამხარაულის ბიურომ ფსიქიატრიული დიაგნოზი პაციენტის გამოკითხვის გარეშე, ეს ჩვენთვის უცნობია.

რატი ბრეგაძე არის მხარე. მასზე მიმდინარეობს გამოძიება პენიტენციურ სამსახურში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, გარდა ამისა, ევროკავშირს სტამბულის პროტოკოლის იმპლემენტაციაზე უამრავი ტრენინგი აქვს მოწყობილი ბრეგაძის უწყებისათვის, ამიტომ ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი უნდა იყოს და შესაბამისად, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. რატი ბრეგაძე, რა თქმა უნდა, ვერ ენდობა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, რადგან იქ ცხადად წერია, რომ ციხეთა სისტემაში წამება განხორციელდა. ასე რომ, რატი ბრეგაძის მოსაზრება ჩვენთვის ნაკლებ საინტერესოა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა