„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა გოგოლაძე ვანო მერაბიშვილზე - ასეთი ადამიანები პოლიტიკიდან გვერდზე უნდა გაიწიონ

პარტიის თავმჯდომარის არჩევნები სრულდება და თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს არათუ პარტიის განვითარების შესახებ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია, არამედ არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის თაობაზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა გოგოლაძემ პალიტრანიუსისგადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თემა არჩევნების ჩანიშვნისთვის ლაიტმოტივად გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ გუნდმა, რომელმაც არჩევნები მოითხოვა, ლევან ხაბეიშვილის მხარემ მოქმედება არასწორი პოზიციონირებით დაიწყო. ვგულისხმობ პროცესს, როგორც ჩაინიშნა არჩევნები - მიხეილ სააკაშვილის თემა ამ არჩევნების ჩანიშვნისთვის ლაიტმოტივად გამოიყენეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა იყო მთავარი კრიტიკა ნიკა მელიას მიმართ. იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ლევან ხაბეიშვილის მხარეს დგას, სამდივნოს წევრი იყო, პეტრე ცისკარიშვილი თავად არის პარტიის გენმდივანი. მე არ მახსენდება ერთი შემთხვევა, სამდივნოს ფორმატში კონკრეტული გეგმა დაედოთ და ნიკა მელია ან გუნდის რომელიმე წევრი ამ გეგმის წინააღმდეგ წასულიყო. პარტია არ არის ერთი ადამიანის და მხოლოდ თავმჯდომარის. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს ვებრძვით“, - განაცხადა გოგოლაძემ.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას, ანა გოგოლაძის თქმით, იყო მიუღებელი შეთავაზებები კეზერაშვილის მხრიდან, რაც ნიკა მელიამ არ გაიზიარა.

„მელია, როდესაც კეზერაშვილთან შევიდა მოლაპარაკებებში, ეს ამომრჩევლებისთვის და პარტიის წევრებისთვისაც ცნობილი იყო. როცა მან ეს პოლიტიკური ურთიერთობა დაამთავრა, ესეც ცნობილი იყო. ეს არ ყოფილა კულუარებში გადაწყვეტილი და დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება ან კონსპირაციული შეთანხმება კეზერაშვილსა და მელიას შორის. პროცესი აბსოლუტურად გაცხადებული იყო. იყო მიუღებელი შეთავაზებები კეზერაშვილის მხრიდან, რაც ნიკა მელიასთვის პარტიის და მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები არ იყო. მან დაამთავრა ამ კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა“, - განაცხადა გოგოლაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ თუ პარტიის მართვა კულუარებიდან მოხდება, ეს მისთვის მისაღები არ იქნება. ანა გოგოლაძემ იმედი გამოთქვა, რომ პარტია არ დაიშლება.

„ნაციონალური მოძრაობა“ დგას ისევ ადგილზე. უკანასკნელმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ ის ელექტორალურად იზრდება, არსად მიდის და არ ქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესიც სამართლიანობის გამარჯვებით დამთავრდება. პარტია გააგრძელებს ზრდას და არა დაშლას“, - განაცხადა გოგოლაძემ.

მისი თქმით, დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ვინ როგორ შემოვიდა არჩევნების ბრძოლის ველზე და როგორ აპირებს გაგრძელებას დიდ პოლიტიკურ ველზე.

„დღეს ბევრის ინტერესი ამით არის განპირობებული. მათ არ უნდათ კონკრეტული გვარების ქართულ პოლიტიკაში მობრუნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის კულუარებიდან მართვა“, - განაცხადა გოგოლაძემ.

გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა. ანა გოგოლაძის განმარტებით, მას დამსახურებებს არავინ უკარგავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანები პოლიტიკიდან გვერდზე უნდა გაიწიონ.

„არავინ უკარგავს ვანო მერაბიშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას მისი მინისტრობის პერიოდში ჰქონდა, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება შს სამინისტროს და ქართულ პოლიციას, მაგრამ პოლიტიკაში გარკვეული მოვლენების მერე ადამიანები კარგავენ ფართო მასების მხარდაჭერას. პროცესების გაჯანსაღებისთვის ხანდახან საჭიროა, რომ ასეთი ადამიანები პოლიტიკიდან გვერდზე გაიწიონ თუ გვსურს ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა და მისი დამარცხება“, - განაცხადა გოგოლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო