არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის

ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩილ თალაკვაძემ მონიტორინგის კომიტეტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალზედ სასარგებლოა, რომ რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა პოლიტიკური პარტიის კონსტრუქციული და ფართო ჩართულობის მნიშვნელობა და მოწოდება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა მათგანის მონაწილეობით. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო წლებში გაწეულ სამუშაოებზეც ისაუბრა და რამდენიმე საკითხი გამოყო. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა, შრომის ახალი კოდექსი, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, შშმ პირების უფლებების დასაცავად ახალი კანონმდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების ახალი რეგულაციების მიღება.

„ახლა ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე, ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. მედია გახდა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი. პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობისთვის მივიღეთ ახალი კანონები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაში რეფორმაზე და აღნიშნა, რომ 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, აღდგა შეჯიბრებითობა და დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, საქართველოს აქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ევროინტეგრაციისთვის დემოკრატიული რეფორმების გზას.

„დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო 10 წლის წინ. გარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება“, - მიმართა თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო