ფსიქიატრი კორნელიუს კატონა - სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში - ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ ის იქნება გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

სააკაშვილს აქვს დემენცია და მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში,- ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ან გადავადების შესახებ მსჯელობენ.

მისი თქმით, კვლევების შედეგად მან ჯანმრთელობის მხრივ სააკაშვილის შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა.

„კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ „რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამო და მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები“, - განაცხადა ექსპერტმა.

მან ასევე არასათანადო მკურნალობაზე გაამახვილა ყურადღება და ამავდროულად აღნიშნა, რომ თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.

„ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში. მე ვეთანხმები დოქტორ ლახანს და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს”, - განაცხადა ფსიქიატრმა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დასმულ კითხვებზე - არის თუ არა ის მძიმე და ქრონიკული ავადმყოფი და პატიმრობაში შემდგომი ყოფნა უარყოფითად იმოქმედებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - ფსიქიატრმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ძირითადი ბარიერი, რომ მან სასჯელი მოიხადოს.

„პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება, ასევე მას აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომლის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისი მკურნალობა არ დაინიშნა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება“, - განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, ადვოკატმა მას მიმართა კითხვით, შესაძლებელია თუ არა, რომ ფსიქოთერაპია ტარდებოდეს მიყურადებისა და თვალთვალის პირობებში, რაზეც ფსიქიატრმა აღნიშნა.

„მე ვფიქრობ, რომ ვიდეომეთვალყურეობის პირობებში ფსიქოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობა მისთვის იქნება შეუძლებელია და პირიქით, ვიდეომეთვალყურეობა ამ ტიპის დახმარებას გახდის შეუძლებელს და საწინააღმდეგო ეფექტი ექნება“, - განაცხადა ფსიქიატრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა