გურამ მაჭარაშვილი - თავად მედიის მხრიდან ხდება მედიასტანდარტების დარღვევა - მედიათავისუფლების მიმართულებით სხვა პრობლემა არ არსებობს

თუ ვინმეს წინსვლა და კანდიდატის სტატუსი არ უხარია, ვიცით, ვინც არიან - ისინი განაგრძობენ თავიანთ სამყაროში ცხოვრებას, ჩვენთვის და საქართველოსთვის კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოზიტიური სიგნალია, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არაერთ რეზოლუციაშია ჩაწერილი, რომ საქართველო ევროპასთან ნამდვილად თავსებადია და ახლა ეს საკითხი პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

„ევროპის საბჭოდან მიღებული რეკომენდაციები საქართველოში სრულდებოდა და ახლაც იქნება გათვალისწინებული. არ არსებობს ქვეყანა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდეს რაიმე ტიპის რეკომენდაცია, მით უფრო, მას რეკომენდაციები ექნება არაწევრ ქვეყანასთან. ზოგადად, არაერთ რეზოლუციაშია ჩაწერილი, რომ საქართველო ნამდვილად არის თავსებადი ევროპასთან, უბრალოდ, ახლა ეს დამოკიდებულია პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა გარკვეული ტიპის რეკომენდაციები, ბუნებრივია, რომ გაგრძელდება. ეს გაგრძელდება არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, არამედ შემდეგაც. კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს რეფორმების დასრულებას. ეს ისეთი სფეროებია, რომ მუდმივად განახლებადია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს შეტყობინება პოზიტიურია. თუ ვინმეს წინსვლა და კანდიდატის სტატუსი არ უხარია, ვიცით, ვინც არიან - ისინი განაგრძობენ თავიანთ სამყაროში ცხოვრებას. ჩვენთვის და საქართველოსთვის კი ეს პოზიტიური სიგნალია“, - განცხადება გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც მედიაგარემოზეა საუბარი, მაჭარაშვილის თქმით, „თუ სადმე შეიძლება იყოს მედიის თავისუფლების ხარისხი, ეს არის საქართველო“.

„საკანონმდებლო ბაზიდანაც რომ დავიწყოთ, სუბიექტს რამდენიმე დღეში შეუძლია ტელევიზია შექმნას, შექმნის შემდეგ კი არანაირი წნეხი არ არსებობს მედიაზე. თავად მედიის მხრიდან ხდება მედიასტანდარტების დარღვევა - სიყალბის გავრცელებით, სიძულვილის ენით და ა.შ. მედიათავისუფლების მიმართულებით სხვა პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიმართონ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებსა და შეშფოთებას. ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო