კომპანია „ვოლვო ქარ კავკასიამ“ 2022 წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ვოლვო ქარ კავკასიამ“, რომელიც 4 ქვეყანაში ოპერირებს, 2022 წლის გეგმა 35%-იანი გადაჭარბებით შეასრულა და წლის ბოლოს, ჯამში, 50%-იანი ზრდა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიისგან დატოვებული გრძელვადიანი გლობალური პრობლემებისა და რეგიონში მიმდინარე ომით გამოწვეული ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, უპრეცედენტოა კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში - 27%-ით, სომხეთში - 200%-ით, ხოლო უზბეკეთში 125%-ით გაიზარდა.

2022 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორმა გაგა კოხრეიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელსაც შვედეთის ცენტრალური ოფისი ითხოვს.

„2022 წლის დასაწყისში მიწოდების პრობლემებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ისიც საეჭვო იყო, შევძლებდით თუ არა გეგმის შესრულებას. თუმცა არსებული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ - საუკეთესო წელი გვქონდა.

საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ბიზნესის განვითარების კუთხითაც, რაც ბრენდის აუდიტის სტანდარტების შედეგებშიც აისახა. შევძელით და VOLVO-ს მიერ გაწერილი 150 პუნქტი სერვისებისა და გაყიდვების მიმართულებით 100 პროცენტით შევასრულეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რომლებსაც შვედეთის ცენტრალური ოფისი ითხოვს“,- აღნიშნავს კოხრეიძე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, 2022 წელს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო - VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმების მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელიც ახალ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.

„აღნიშნული შოურუმების პროექტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მასში შესაბამისი მოცულობის ინვესტიციაცაა ჩადებული. მხოლოდ საქართველოში მისი მოცულობა 15 მილიონი ლარია.

ასევე გასულ წელს კომპანიამ საბოლოო დასტური მიიღო ავტოინდუსტრიისა და „ვოლვოს“ მთავარ ტრენდზე - ელექტრომობილების იმპორტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში უკვე შესაძლებელი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორის გაგა კოხრეიძის თქმით, გასულ წელს საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა დამუხტვად ე.წ plug-in ჰიბრიდ XC90 და XC60 მოდელებზე.

„XC40 და C40 - ესენია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები დღეს ბაზარზე, რომლებსაც სრული დამუხტვის შემთხვევაში 440კმ-მდე დაფარვა შეუძლიათ და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. აღნიშნული პროექტი ბევრი მიმართულებითაა მოგებიანი და სასარგებლო. რეგიონში საკმაოდ დიდი გადასახადებია შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე მაშინ, როცა, მაგალითად, უზბეკეთში ელექტრომობილების იმპორტზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადი მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბაზარზე ელექტრომობილების შეყვანა ყველაზე მოგებიანი იქნება. ამასთანავე, ტრენდზე გაზრდილია მოთხოვნა საქართველოშიც პრემიუმ სეგმენტში და ზოგადად საავტომობილო სფეროში.

გასულ წელს საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა დამუხტვად ე.წ plug-in ჰიბრიდ XC90 და XC60 მოდელებზე. ჩვენც ეს ნიშა დავიჭირეთ, რამაც გაამართლა და 2021 წელთან შედარებით დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 82%-ით გავზარდეთ“,- აღნიშნავს კოხრეიძე.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პანდემიის გამოწვევებს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველაზე თამამი ნაბიჯით უპასუხა.

„როდესაც გლობალური ბიზნესის 2022 წლის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ყველა შემთხვევაში უნდა შევეხოთ ორ მთავარ ფაქტორს - პანდემიის მემკვიდრეობას და რუსეთის ომს უკრაინაში. პანდემიის გამოწვევებს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველაზე თამამი ნაბიჯით უპასუხა. ჯერ კიდევ 2021 წელს კომპანიამ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა, რაც გასულ წელსაც აქტუალური იყო და მომსახურების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი - პროცესებს მარტივად წარმართვა მნიშვნელოვნად განაპირობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი, გაგა კოხრეიძე განმარტავს, რომ ონლაინმაღაზიები რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა მათი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.

„თუმცა ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ „touch&feel" - ახლა მომხმარებელს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია ჩაეწეროს ტესტდრაივზე და „ვოლვოს“ სასურველი მოდელები გამოცადოს.

დიდი გამოწვევა იყო ომი უკრაინაში და გაზრდილი ლოგისტიკური ვადები. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია EMEA-ს რეგიონში. ომის დაწყებისთანავე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხება და ფინანსური არასტაბილურობა იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოწვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღმოფხვრა და ალტერნატიულ გზებზე გადასვლა“,- აღნიშნავს გაგა კოხრეიძე.

„თეგეთა ჰოლდინგის“ ცნობით, კომპანიაში არსებობის მეოთხე წელს ოპტიმისტურად უყურებენ და შედეგების გაუმჯობესებასაც ვარაუდობენ.

„ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი გრძელვადიანი სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა იძლევა, რომლის მთავარი მიმართულებები აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროექტების დიგიტალიზაცია და ელექტრომობილების მომავალია. დიდი გეგმების შესრულებას კი საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ კავკასიამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზარზე - აზერბაიჯანში პარტნიორი კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი პარტნიორისგან - „არალ ავტოსგან“ კი გაყიდვების გაორმაგებას ელოდებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე განმარტავს, რომ „Volvo Cars 2025 წლისთვის ავტომობილების 50%-ს - მხოლოდ ჰიბრიდულს, ხოლო მეორე ნახევარს სრულად ელექტრიფიცირებულს აწარმოებს. 2030 წლისთვის კი მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების წარმოებაა დაგეგმილი.

„2023-იდან ყოველი წელი ახალი, სრულად ელექტრიფიცირებული ვოლვოს წარდგენის წელი იქნება. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ დამუხტვადი ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი საგრძნობლად გავზარდეთ.

ჩვენი მიზანია, რომ 2023 წელს არ გადავუხვიოთ არსებულ მიმართულებას და მაქსიმალურად ვეცადოთ, შევქმნათ ნამდვილი შვედური გამოცდილება და მომხმარებელს რეგიონის ოთხივე ქვეყანაში მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეყოლება ელექტრომანქანები, იმედი გვაქვს, რომ ლოგისტიკური პრობლემები თავს აღარ იჩენს და გვექნება დამატებით ორი სრულფასოვანი შოურუმი, რაც აუცილებლად გაზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და, შესაბამისად, გაყიდვებსაც“,- აღნიშნავს კოხრეიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო