„ემპათია“ - რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ „ემპათიაზე" და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად

ცენტრი „ემპათია“ ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ განცხადებაშია ნათქვამი, „დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და ის იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე მიუთითებს“.

ამასთან, ემპათია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განიხილავს, „ემპათია“ - ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს, რომელიც მან 27 იანვარს ჩაატარა.

აღნიშნულ ბრიფინგზე, მან განაცხადა, რომ „ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნის ექსპერტიზისათვის. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული თვალსაზრისით ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ დადგენილი დიაგნოზები არ არის „სარწმუნო და უტყური“. საქართველოს კანონმდებლობით ექსპერტს არ აქვს უფლება ილაპარაკოს წამებაზე და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია.

გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 - ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ - ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ - ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) - ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.

რაც შეეხება „წამება“ - ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ - იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.

აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს.

და ბოლოს, ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს - კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ - ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად“, - აღნიშნულია ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი