აკია ბარბაქაძე - პოლიტიკური პროცესების ღალატია, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ ნაბიჯებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი გადამალულია - საქართველოსა და შვილების მომავლის გამო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, წყენა გადავდოთ

24 თებერვლის დღის წესრიგი იქნება პირველ რიგში, სოლიდარობა და გარკვეული მოთხოვნების დაყენება, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

აკია ბარბაქაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოცემულობის შექმნას შეეცდებიან.

„პოლიტიკური პროცესია და იქნება პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების მართული პროცესი, მაგრამ შეუძლებელია საზოგადოებრივმა სახეებმა ვმართოთ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს პოლიტიკური მოცემულობაა. მოგვწონს ეს პოლიტიკოსები თუ არ მოგვწონს, ეს რეალობაა, რომ საქართველოში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არის ამ ხალხით და ამ ფერებით წარმოდგენილი. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვცდილობთ, ახალი პოლიტიკური მოცემულობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, სადაც ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ღარიბაშვილების, კობახიძეების და იმ რაღაცა გამოყოფილების დღის წესრიგზე, რომლებსაც ისინი გვიქმნიან და გვაკნინებენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძის თქმით, წყენები გვერდზე უნდა გადავდოთ და 24 თებერვლის აქციაზე ყველა უნდა გამოვიდეს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესების ღალატი, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს, სწორ პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის გადამალული, აი, ესაა კოლაბორაციონიზმი. ყველა უნდა გამოვიდეს მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. მე იქ არც ცოლად მომყავს არავინ და არც სიძედ მჭირდება ვინმე. მომწონს თუ არ მომწონს საქართველოს გამო, ჩვენი სამშობლოს გამო, ჩვენი შვილების მომავლის გამო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიტანთ ერთმანეთს თუ არ ვიტანთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნავი რომ იძირება და წყალია ამოსახაპი და ნიჩაბია მოსასმელი, იქ ვინმე იწყებს ლაპარაკს, რომ მე ამის მოსმული ნიჩაბი არ მინდა? წყენა გვერდზე გადავდოთ ბატონებო რა, თორემ 1921 წელი განმეორდება, ლევილის სასაფლაოზე რომ მტყუან-მართალს არჩევდნენ და სამშობლოს გარეშე დარჩნენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ამასთან, აკია ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლების ოცნებაა, მაგრამ 24 თებერვლის აქცია კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა.

„კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ეს ხელისუფლება ვერ გამოგვიყვანს, წერტილი. ეს მათი ოცნებაა, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოგვიყვანონ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ არიან გასულები კონსტიტუციის ფარგლებიდან. თვითონ აქვს ნათქვამი პრემიერ-მინისტრს, რომ რუსეთი რომ დაესხას თავს საქართველოს, ის ქვეყანას არ დაიცავს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო