ადვოკატთა ასოციაციამ სირაქიუზის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს, რაც მიზნად საქართველოში კანონის უზენაესობისა და იურიდიული პროფესიის შემდგომ გაძლიერებას ისახავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის მასპინძლობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა დელეგაციის წევრებმა, მოსამართლე/პროფესირმა ჯეიმს ბეიკერმა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ენდრიუ ჰორსფოლმა, შეხვედრები გამართეს მართლმსაჯულების, სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ, დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო პროგრამირების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრების მთავარი თემები იყო: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და ამ პროცესში სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ჩართულობის ფორმატები.

შეხვედრის ფარგლებში, პროფესორ ჯეიმს ბეიკერისა და ენდრიუ ჰორსფოლის მონაწილეობით ეროვნული უსაფრთხოების თემაზე ბენჩ-ბარიც ჩატარდა, რომელშიც ადვოკატები და პროკურორები მონაწილეობდნენ. ასევე, პროფესორმა, ჯეიმს ბეიკერმა ადვოკატებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე - საადვოკატო საქმიანობა და ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის, ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სირაქიუზის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სპეციალური სტიპენდიით, რომელიც ყველა სასწავლო პროგრამაზე ვრცელდება - მაგისტრატურა (LLM), დოქტორანტურა (PhD), იურის დოქტორი (J.D) და პროგრამის ღირებულების მინიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას მოიცავს.

მემორანდუმი, ასევე, ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ლექტორების და ტრენერების მონაწილეობას ითვალისწინებს სირაქიუზის უნივერსიტეტის სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით და კვლევით პროგრამებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო