ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასება არის ლოგიკური ნაბიჯი იმისკენ, რომ მომავალში მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, „რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე“.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, აღნიშნული ანგარიში ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკური შეფასებაა.
„მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასებაა Fitch-ის მიერ, იმის თუ როგორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა. განსაკუთრებით, ისეთ რთულ პერიოდში როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდგომი პერიოდი და რეგიონში მიმდინარე ომის პერიოდი. შეფასებაში აბსოლუტურად სწორად არის აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც არის სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება ეროვნული ბანკის მიერ, დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება. ამასთან, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის ფინანსები იყოს მდგრადი და ამავდროულად, დაეხმაროს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, რომ ეს არის ლოგიკური ნაბიჯი იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე. ესეც აუცილებლად მოხდება და როგორც ადრე აღნიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ, რომლის კომენტარსაც ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.