საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება ახლად დაარსებულ "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდს", რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, სრულ დეზინფორმაციაზე აგებული ამ სიუჟეტით, საზოგადოების გარკვეულ წრეებში გამიზნულად ხდება ერთგვარი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების შეტანა, რითაც შესაძლებელია ჩრდილი მიადგეს უნივერსიტეტის სახელსა და შესაბამისად, ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიასაც.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, განმარტების სახით, ცალსახად და პირდაპირ განაცხადოს შემდეგი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“, რომელიც 2022 წლის 19 დეკემბერს უნივერსიტეტისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ერთობლივი ინიციატივითა და თანაპარტნიორობით დაარსდა, მთლიანად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მხოლოდ სტუ-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას, ხელშეწყობასა და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.

ცნობილი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მშობლიურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთობა მას არასოდეს შეუწყვეტია. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბიზნესმენი, რომელსაც აქვს ქველმოქმედების სურვილი, ზრუნავდეს მშობლიური უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებაზე და მის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში მხარდაჭერას უცხადებდეს.

ფონდი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა უახლესი გამოგონებების, ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების წარმოებაში დანერგვას, რასაც თავის მხრივ, მოჰყვება ახალი საწარმოების გახსნა და შრომის ბაზარზე დამატებითი სამუშაო ადგილების ფორმირება, შესაბამისად კი - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. საქველმოქმედო ფონდი არ არის შემხებლობაში უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობასთან. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“ ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, კერძოდ კი, მიმდინარეობს ფონდის აღმასრულებელი საბჭოს ფორმირება, რომელშიც გაერთიანდებიან ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, მედიასაშუალებები. ფონდი ფუნქციონირებას საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად შეუდგება. როგორც წესი, ევროპის, ამერიკის თუ აზიის ცნობილ უნივერსიტეტებში მოქმედებს კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ფონდები და ალუმნები, რომელთა შემოწირულებები ცნობილ ბიზნესმენთა, მეცენატთა, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ფონდების მხრიდან ივსება და ეს საერთაშორისო საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს არ აღძრავს, პირიქით - ასეთ ქმედებებს საზოგადოება ყოველთვის მიესალმება. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ შექმნის იდეას უკვე გამოეხმაურნენ საზღვარგარეთ მცხოვრები სტუ-ის კურსდამთავრებული ბიზნესმენები და ჩვენი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ჩაერთონ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს გამჭვირვალობის პრინციპებს და მზად არის მედიასთან ღიად ითანამშრომლოს. შესაბამისად, „უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ საქმიანობა იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე და ის, გარკვეული პერიოდულობით, თავისი საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას საჯაროდ წარუდგენს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ მსგავსად მიკერძოებული დამოკიდებულებით შექმნილი და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული მედიაკონტენტი ვერ შეაფერხებს „უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ საქმიანობას და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სხვა ბიზნესმენები და საქართველოში მოქმედი კომპანიებიც შეუერთდებიან; მეტიც, ასწლოვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ალუმნის ამ სახით დაარსებაზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მის გამოცდილებას სხვა ქართული უნივერსიტეტებიც გაიზიარებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა