საარჩევნო კომისიის წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკურ საბჭოს შეუძლია.
ის პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ალექსანდრე მილორავას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს.
"კენჭისყრის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ პოლიტიკურ საბჭოს, რადგან როგორც რეგისტრაციის, ისე კენჭისყრის ვადები მიღებული იყო პოლიტიკური საბჭოს მიერ. შესაბამისად, ამ ვადებზე მსჯელობა არ შედის კომისიის კომპეტენციაში. კომისია არ არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება რაიმე სახის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით",- განაცხადა კვიტაიშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გუშინ, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე გამოცხადებული ცხელი ხაზის ნომერი არ წარმოადგენს პარტიის ცხელი ხაზის ნომერს. ნინო კვიტაიშვილმა პარტიის ცხელი ხაზის ნომერი გაასაჯაროვა.
"პარტიაში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერზე შეუძლია დარეკოს ყველა ამომრჩეველმა მიუხედავად იმისა, თუ ვისთვის აპირებს ხმის მიცემას. ამ ცხელ ხაზზე თითოეულ კანდიდატს ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი და სწორედ ისინი მუშაობენ ოპერატორებად. ამიტომ, ამ ცხელ ხაზზე მიკერძოება და სხვა შინაარსის კითხვები ზოგადად, არის გამორიცხული. ეს არის მხოლოდ ამომრჩევლის მხარდაჭერისთვის, მისი დახმარებისთვის განკუთვნილი ცხელი ხაზი და შეგიძლიათ მიმართოთ. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ტექნიკურ პრობლემასთან დაკავშირებით და პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე. ჩვენ არ ვარჩევთ ამომრჩეველს. ყველას, მიუხედავად კუთვნილებისა, თანაბარ დახმარებას უწევენ, როგორც ტექნიკური ჯგუფი, ისე პარტიაში მოქმედი ცხელი ხაზი",-განაცხადა კვიტაიშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის ალექსანდრე მილორავას განცხადებით, თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივებას მოითხოვენ.
მილორავას განცხადებით, მათი ინფორმაციით, არჩევნებში გიორგი მუმლაძე ლიდერობს.