ლაჩინის დერეფნის ბლოკადა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, ლაჩინის დერეფანი, რომელიც არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღს სომხეთის რესპუბლიკასთან, რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტის“ კონტროლის ქვეშ გადადის, ხოლო აზერბაიჯანი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას ორივე მიმართულებით.

ლაჩინის გზა მცირე ხნით იქნა გადაკეტილი 3 დეკემბერს, რა დროსაც აზერბაიჯანელ საჯარო მოხელეებსა და რუს სამშვიდობოებს შორის დაპირისპირება მოხდა. აზერბაიჯანელებმა განაცხადეს, რომ ისინი ცდილობდნენ მთიან ყარაბაღში შეღწევას, რათა გამოიკვლიონ ცნობები, რომელიც მათი თქმით, მაღაროებიდან წიაღისეულის უკანანო მოპოვებას და რეალიზებას ეხებოდა. თუმცა, ეს ბლოკირება რამდენიმე საათში იქნა აღკვეთილი.

12 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ გადაკეტა სტეფანაკერტი - გორისის გზა, ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. რუსული „სამშვიდობო კონტინგენტის“ სარდლობა მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან სამოქალაქო ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის აღდგენის მიზნით.

საყურადღებოა, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ სიტუაციის ესკალაცია მოხდა მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც 23 ნოემბერს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების („კუხო“) წევრი ქვეყნების სამიტს თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ ორ საბოლოო დოკუმენტზე.

სომხეთმა ხელი არ მოაწერა „კუხო“-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციას, ასევე გადაწყვეტილების პროექტს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერევნის დახმარების შესახებ. ფაქტობრივად, ეს იყო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის დემარში, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციაში ქვეყნის მონაწილეობამ არ გადაარჩინა იგი აზერბაიჯანის აგრესიისგან, რომელიც არ არის „კუხო“-ს წევრი.

„კუხო“-ს წევრთა სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური დაცვის გარანტიების მიუხედავად, 2020 წელს აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთს.

მან ასევე დასძინა, რომ ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარ წარუმატებლობად წევრთა რეაქციის არქონას მიიჩნევს. სომხეთის პრემიერმა გაიხსენა, რომ 2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს „კუხო“-ს გადაწყვეტის შემუშავებას ერთი დღე დასჭირდა, რამაც დიდწილად ხელი შეუწყო არეულობის ჩაქრობას და გადატრიალების თავიდან აცილებას.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა ასევე გამოაქვეყნა ფაშინიანის განმარტება, თუ რატომ თქვა უარი ორ საბოლოო დოკუმენტზე ხელმოწერაზე. პრემიერის თქმით, დეკლარაციასა და დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს აკლია აზერბაიჯანის ქმედებების აუცილებელი და ლოგიკური პოლიტიკური შეფასება მოკავშირეთა ურთიერთობების თვალსაზრისით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანულ მხარეს ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბაქოში კატეგორიულად უარყოფენ ბლოკადის ფაქტს, რასაც სამოქალაქო აქტივისტებისა და გარემოსდამცველების საპროტესტო აქციას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს პროტესტი მიმართულია „სომხური მხარის უკანონო ქმედებების“ წინააღმდეგ.

17 იანვარს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გარკვეული საკვები პროდუქტებისთვის (მათ შორის ბრინჯი, მარცვლეული და შაქარი) სასურსათო ტალონების გაცემა დაიწყო.

ლაჩინის დერეფნის ბლოკადა სპონტანურად არ მომხდარა. აზერბაიჯანის მთავრობის ნებართვის ან მხარდაჭერის გარეშე (რადგან ამ ტერიტორიებზე საშვის გარეშე შესვლა შეუძლებელია) ეს ვერ მოხდებოდა.

აზერბაიჯანის პოზიცია:

ბაქოს მტკიცებით, არ არსებობს მთიანი ყარაბაღის ბლოკადა. უკვე მეორე თვეა ლაჩინიდან სტეფანაკერტის (აზერბ. ხანკენდი) გზაზე, ქალაქ შუშასთან, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ეკოლოგიის სამინისტროს თანამშრომლების მოთხოვნით მთიანი ყარაბაღის მაღაროებში შესვლის მოთხოვნით, რის გამოც გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. გზაზე ორივე მიმართულებით მშვიდად გადაადგილდებიან რუსული „სამშვიდობო კონტინგენტის“, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს ხელმძღვანელობენ, მოუწოდეს აზერბაიჯანს, გახსნას ლაჩინის დერეფანი წინაპირობების გარეშე. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „Amnesty International“, „Human Rights Watch“ და „Freedom House“-მა აზერბაიჯანს ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

19 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღის ბლოკადის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელშიც დაგმობილია აზერბაიჯანის ქმედებები „მთიანი ყარაბაღის ბლოკადისთვის, რომელიც არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას“, ხოლო რუსი სამშვიდობოები - „ბლოკადის თავიდან აცილების უმოქმედობისთვის“.

„რადგან დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც აკავშირებს ომის შედეგად განადგურებულ რეგიონს სომხეთთან და გარესამყაროსთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გახსნას იგი, რათა უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და ძირითადი პროდუქტების მიწოდება და მომსახურება რეგიონის მოსახლეობისთვის“, - ნათქვამია ევროპარლამენტის დოკუმენტში.

სომხეთის პოზიცია:

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის განცხადებით, რომელიც მან 2022 წლის დეკემბერში გააკეტა: “სომხეთს აიძულებენ გახდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს [რუსეთის და ბელორუსის] წევრი, სომხური დემოკრატია წინააღმსეგობას უწევს ამას და სამხედრო ზეწოლის ქვეშაა. სამოკავშირეო სახელმწიფო - ჩვენი სუვერენიტეტის სრული დარღვევაა. ჩვენს დღის წესრიგში არ არის სამოკავშიროე სახელმწიფოში შესვლა.“

სომხეთში ლაჩინის გზის ბლოკადა უკიდურეს აღშფოთებას იწვევს და ანტირუსული განწყობების ზრდას უწყობს ხელს. 22 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობოები თავიანთი ფუნქციების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, ხოლო იანვრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს 2023 წელს ქვეყანაში „კუხო“-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამხედრო წვრთნების ჩატარებაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბრისას გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს მოუწოდა, გაეგზავნა მისია მთიან ყარაბაღში ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის გამოსაძიებლად. მოწოდებას მოსკოვის პროტესტი მოჰყვა: კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღში მხოლოდ კონფლიქტის ორივე მხარის თანხმობით შეიძლება, რაც გულისხმობს ერევნის წინადადების ბოიკოტს. 8 იანვარს სომეხმა აქტივისტებმა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის შესასვლელი გადაკეტეს და რუს ჯარისკაცებს ბლოკადაში ჩარევისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საოკუპაციო ძალებად გამოცხადდებიან. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები დაშალა (პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა), თუმცა, სავარაუდოდ, მსგავსი ქმედებები მომავალშიც მოხდება.

რუსი სამშვიდობოების პასიურობა ცხადყოფს, რომ რუსეთი უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს ფორმალური მოკავშირის სომხეთის წინაშე და კეთილგანწყობას ავლენს აზერბაიჯანის მიმართ. მოსკოვის ამ დამოკიდებულების მოტივები ბოლომდე არ არის ნათელი. შესაძლოა, ეს განპირობებულია იმის გაცნობიერებით, რომ სომხეთი იძულებულია ითანამშრომლოს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში და ერევანს უბრალოდ არ აქვს ბერკეტები კრემლისგან უფრო ეფექტური მხარდაჭერის მისაღებად. ასევე სავარაუდოა, რომ მოსკოვში დაინტერესებულნი არიან სომხების დათანხმებით სამხრეთ სომხეთის გავლით მარშრუტზე, რომლის განხორციელებას ბაქო და ანკარა ცდილობენ. ირიბად, რუსული პასიურობა შეიძლება ასევე მიუთითებდეს ბაქოს მოკავშირის - თურქეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, რომელიც მართალია რუსეთის მეტოქეა სირიქაში და კავკასიაში, მაგრამ მოსკოვი განიხილება როგორც სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის ომისა და რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებული სანქციების კონტექსტში.

ევროკავშირის პოზიცია:

გაერო-მ უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც ლაჩინის დერეფნის ბლოკადაზე იმსჯელეს. უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა ბაქოს მოუწოდა უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. თუმცა, შეხვედრის შედეგად შესაბამისი რეზოლუცია არ იქნა მიღებული.

2023 წლის 26 იანვარს ერევანში ევროკავშირსა და სომხეთის პირველი პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი გაიმართა.

დიალოგი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაჰე გევორგიანის თანათავმჯდომარეობით და და ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორის ენრიკე მორას მონაწილეობით გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთო ინტერესები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის, სომხეთისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ლაჩინის დერეფნის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების შეფერხებასთანაა დაკავშირებული.

ენრიკე მორამ განაცხადა:

„ევროკავშირი ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას უმაღლეს დონეზე, რათა ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას. ჩვენ ახლახან დავაარსეთ ევროკავშირის სამოქალაქო მისია სომხეთში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილზე სტაბილურობის გაზრდას, ხალხის უსაფრთხოებასა და ნდობის აღდგენას. ევროკავშირი-სომხეთის პირველი პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი, რომელიც დღეს დაიწყო, ცხადყოფს ჩვენს ორმხრივ ინტერესს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ, ისევე როგორც ჩვენი მზადყოფნა ვიმუშაოთ ერთად მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განსაკუთრებით ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო კონტექსტში, რომელიც აღინიშნება რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ“.

რუსეთის და ოდკბ-ს პოზიცია:

ევროკავშირისა და სომხეთის შორის გამართულ დიალოგს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განმარტებით, ერევანი „კუხო“-ს მუშაობას სკეპტიკურად უყურებს და ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ პირდაპირ განაცხადა: „ევროკავშირის მცდელობებს, ნებისმიერ ფასად გააძლიეროს საკუთარი გავლენები სომხეთში, დააკნინოს რუსეთის შუამავლობის ძალისხმევა, შეუძლია ზიანი მიაყენოს სომხების და აზერბაიჯანელების ფუნდამენტურ ინტერესებს რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისკენ დაბრუნების მისწრაფებებში“.

„კუხო“-ს გენერალურ მდივანმა სტანისლავ ზასმა 2022 წლის 20 დეკემბერს განაცხადა, რომ „კუხო ლაჩინის დერეფნის პრობლემას თავის პასუხისმგებლობად არ მიიჩნევს“. მან განმარტა, რომ „კუხოს ეს პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ლაჩინის დერეფნის საკითხის გადაწყვეტა, რომელსაც ერევანი აყენებს საერთაშორისო დონეზე, მისი პასუხისმგებლობის სფეროს მიღმაა“.

მანამდე სომხეთმა აცნობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შესახებ“, ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ზომების გამოყენებისა და დერეფნის განბლოკვის ვალდებულების მოთხოვნით.

ირანის პოზიცია:

სომხეთთან მიმართებაში ირანი მოქმედებს, როგორც რეგიონში არსებული ისტორიული საზღვრების გარანტორი. ამ მიმართულებით თეირანის მთავარი საზრუნავი ზანგეზურის დერეფნის პროექტია. მოსკოვი მხარს უჭერს ბაქოსა და თურქეთის მიერ წამოყენებულ პროექტს, რადგან ის რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს და რომელსაც რუსი სამხედროები გააკონტროლებენ. იმავდროულად, ირანი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის განხორციელება საზიანოა მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის, იმის შიშით, რომ ეს პროექტი სომხეთთან სატრანზიტო გზას და შავი ზღვის პორტებზე გასვლის შესაძლებლობას გადაკეტავს.

თეირანში მიიჩნევენ, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტის ამოქმედება დიდ გავლენას მოახდენს ირან-სომხეთის ვაჭრობაზე და შეიძლება შეწყდეს ირანის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კავშირი სამხრეთ კავკასიასთან.

გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, თეირანი შეშფოთებულია, რომ თუ ბაქო ნამდვილად დაიკავებს სიუნიქის პროვინციის სამხრეთ ნაწილს, ეს გააძლიერებს ისრაელის სადაზვერვო შესაძლებლობებს ირანის წინააღმდეგ და დიდ მას დაბრკოლებებს შეუქმნის უსაფრთხოების სფეროში.

სომხეთი თავის მხრივ ირანთან დამაკავშირებელი საზღვარზე კონტროლის დაკარგვას პრინციპულად ეწინააღმდეგება. ბლოკადა, რომელიც ფაქტიურად „ჰიბრიდული“ ქმედებაა, უნდა განიხილებოდეს, როგორც შუალედური ნაბიჯი დიპლომატიურ მეთოდებსა და სამხედრო ზომებს შორის. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი ამოქმედდება „უნდა თუ არა ეს სომხეთს“. ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც განცხადება იმის შესახებ, რომ ზანგეზურის დერეფანი ძალისმიერი გზით იქნება „გაჭრილი“.

2020 წლის 21 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კაპანში (სიუნიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. სიტყვით გამოსვილას ჰ. ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში ისტორიული საზღვრების არანაირ ცვლილებას არ მიიღებს.

„ეს ჩვენთვის წითელი ხაზია და ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა დავუპირისპირდეთ თითოეულ ასეთ განზრახვას“, - განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.

ეს ფაქტიურად იყო პირდაპირი გზავნილი ბაქოსთვის და ანკარასთვის, რომ ირანი არ დაუშვებს ამ პროექტის განხორციელებას. ამირ-აბდოლაჰიანმა ისაუბრა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ამბიციურ პროექტზე, რომელიც სომხეთისა და საქართველოს გავლით სპარსეთის ყურის ირანის პორტებს შავ ზღვასთან დააკავშირებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ნასერ ქანაანმა იმედი გამოთქვა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის საკითხი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის გზით სწრაფად და მშვიდობიანად გადაწყდება. საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შესახებ საუბარში ნასერ ქანაანმა განაცხადა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის აკეთებდა აქცენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა: „2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი განცხადების პირობების სრულყოფილად შესრულებამ შეიძლება დაასრულოს უთანხმოება ორ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“.

მოვლენებისა და შედეგების ანალიზი:

ბაქო-ერევნის დაპირისპირების ახალი რაუნდი შეიძლება დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სურვილთან, აიძულოს სომხეთი, რაც შეიძლება მალე იქნას გადაჭრილი სადავო საკითხები და მიაღწიოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელი პირობებით.

მეორე ყარაბაღის ომის დამთავრების შემდეგ კონფლიქტის ზონაში რეგულარული ესკალაცია და შეიარაღებული შეტაკებები ხშირი იყო. ზოგიერთი ექსპერტი აზერბაიჯანის ზეწოლას სომხეთზე "ჰიბრიდულ ოპერაციას" უწოდებს, რომელსაც ბაქო აწარმოებს იმისთვის, რათა სრული კონტროლი დაამყაროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი თვლის, რომ მთიან ყარაბაღში სომხური მხარე ოქროს და სხვა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებას ახორციელებს, რომელიც შემდეგ ფარულად სომხეთში იგზავნება. ბაქო რუს „სამშვიდობოებს“ აზერბაიჯანის „ეროვნული საგანძურის ძარცვაში“ ადანაშაულებს.

ბრიტანული ჟურნალი „The Economist“ მიიჩნევს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე აზერბაიჯანული მხრის ბრალდებები სომხეთის მიმართ მხოლოდ საბაბია და არა რეალური მიზეზი. ბრიტანული გამოცემა თვლის, რომ რეალური მიზანი არის სომხეთზე ზეწოლის გაძლიერება, რათა აიძულონ ისინი დათმონ სუვერენიტეტი ყარაბაღზე.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის, რუსი სამშვიდობოების და „კუხო“-ს უმოქმედობის ერთ-ერთი შედეგი სომხეთში რუსეთის გავლენის შესუსტებაა. 2023 წლის 10 იანვარს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თავის კოლეგებს „კუხო“-დან განუცხადა, რომ „შექმნილ სიტუაციაში“ სომხური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „კუხო“-ს წვრთნების ჩატარებას სომხეთში, ან სულ მცირე 2023 წელს.

სომხეთზე ზეწოლის მოხდენით აზერბაიჯანი ცდილობს რამოდენიმე ამოცანა გადაწყვიტოს:

  • როგორც ჩანს, ბაქოს მიზანია აიძულოს ერევანი გახსნას ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან დააკავშირებს.
  • ბაქო ცდილობს სომხეთი ორ ქვეყნის შორის საზღვრების დემილიტაციის ხელშეკრულების დადებისკენ დაითანხმოს.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა