ექიმი გასტროენტეროლოგი მიხეილ სააკაშვილი - საქმე გვაქვს მეტაბოლიზმის დაუდგენელი გენეზის დარღვევასთან

საჭიროა პროფესიონალური ჯგუფის არსებობა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი - მხოლოდ გუნდი ვერ უშველის, საჭიროა ასევე სპეციალიზებული კლინიკა, სადაც ჩატარდება კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები და დაისახება გეგმა, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტმა, გასტროენტეროლოგმა მანანა კვარცხავამ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მოსამართლის, გიორგი არევაძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში ასეთი მკურნალობის ჩატარება, მანანა კვარცხავა ამბობს, რომ „საქართველოს პირობებში მკურნალობის გაიდლაინი არსებობს, მაგრამ დატრენინგებული გუნდი არ არის“.

ასევე მოსამართლის კითხვაზე, თავად თუ აქვს შესაბამისი მკურნალობისთვის კომპეტენცია, გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ „მარტო ვერაფერს გასწვდება“.

„ცალკე, როგორც გასტროენტეროლოგი კი, მაგრამ ტრენინგი არ მაქვს გავლილი“,- განაცხადა მანანა კვარცხავამ.

მოსამართლემ მას ასევე ჰკითხა, თუ ტრენინგი გავლილი არ აქვს, როგორ გასცა სამედიცინო დასკვნა, რაზეც მანანა კვარცხავამ უპასუხა, რომ გასტროენტეროლოგიის მიმართულებით მას ცოდნა და გამოცდილება აქვს.

„გასტროენტეროლოგიის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება მაქვს, მაგრამ, საქართველოში არ არსებობს გუნდი. თუ შეიკვრება გუნდი, კი, ბატონო. მაგრამ მხოლოდ გუნდი ვერ უშველის, საჭიროა სპეციალიზებული კლინიკა, სადაც ჩატარდება კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები და დაისახება გეგმა“, - განაცხადა მანანა კვარცხავამ.

გარდა ამისა, მანანა კვარცხავა განმარტავს, რა დაავადებები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე და რა დაავადებები განუვითარდა დაკავების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, დაპატიმრებამდე სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, შიმშილობის შემდეგ კი კვებითი აღდგენის თერაპიის პროცესში გათვალისწინებული არ იყო ინდივიდუალური თავისებურებები და მას ღებინება, დიარეა და საკვების მიუღებლობა დაეწყო.

„გამოსაკვლევი პირი 1-ელ ოქტომბრამდე, სანამ დააპატიმრებდნენ, პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო. მისი დიაგნოზები იყო თანდაყოლილი თალასემიის მსუბუქი ფორმა, ჟილბერის სინდრომი, სლივ-გასტრექტომიის შემდგომი მდგომარეობა, რომელიც 2017 წელს ჩაუტარდა და 2018 წელს ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული ეროზიული გასტროდუოდენიტის წარმატებული მკურნალობა - ეს იყო მისი დიაგნოზები, სანამ ის საპატიმროში მოხვდებოდა.

პატიმრობის წინა პერიოდში და [საპატიმროში] შესვლისას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის სოციალური ფუნქციონირების მოშლა, კვებითი დეფიციტი, დისპერსიური მოვლენები, იკვებებოდა სრულფასოვნად. მან პატიმრობის პერიოდში 50 დღე იშიმშილა - 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე. გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეფიდინგის პროცესი მიმდინარეობდა ზოგიერთი დარღვევებით. 10 დეკემბრიდან პაციენტს დაეწყო გულის რევა, ღებინება, დიარეა, საკვების, განსაკუთრებით კი ცილის მიუღებლობა, კვებითი აღდგენის თერაპიის პროცესში გათვალისწინებული არ იყო ინდივიდუალური თავისებურებები.

კვებითი აღდგენითი თერაპიის ფარგლებში გამოსაკვლევი პირი საქართველოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა. მანამდე საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობდა. გორის ჰოსპიტლიდან მოყოლებული პაციენტს აღენიშნება გულის რევა, ღებინება, ფაღარათი. ეს პროცესი დაამძიმა მეორე შიმშილობის ეპიზოდმაც. „ვივამედში“ შესვლისას უკვე 2022 წლის 12 მაისს, პაციენტს აღენიშნებოდა საკვების დეფიციტი, ვერ ხდებოდა კვების სრულფასოვანი აღდგენა, გრძელდებოდა წონაში კლება, მიუხედავად იმისა, რომ იღებდა საკვებ დანამატებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს პირველი და მეორე შიმშილობის დროსაც და „ვივამედში“ ყოფნის დროსაც. ანუ, საქმე გვაქვს მეტაბოლიზმის დაუდგენელი გენეზის დარღვევასთან, რომლის სრულფასოვანი დიაგნოსტირებაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მანანა კვარცხავამ.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია