ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკულ ტექ-კომპანია „ლინეატს“ შორის თანამშრომლობა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „ლინეატ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და „ლინეატის“ მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და „ლინეატ ჯორჯია“ ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტებს კომპანია „ლინეატი“ სტიპენდიას გამოუყოფს. სტიპენდიანტების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ლინეატთან“. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტებისთვის. შეთავაზება ითვალისწინებს სტაჟირების პროგრამის განხორციელებას, სპეციალური სტიპენდიის დაწესებას და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმებას. ამისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და წარმატებით გაართვან თავი იმ პროექტებს, რომლებსაც კომპანია მათ შესთავაზებს“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ქუთაისში ვიმყოფები. მე მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა წარმედგინა სასტიპენდიო პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სიამოვნებით ვისაუბრე ამ თემაზე და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებსაც ვუპასუხე. მესამედ ვიმყოფები საქართველოში და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვარ „ლინეატს“, უნივერსიტეტსა და ფართო საზოგადოებას შორის მზარდი პარტნიორობის ხილვით“, - აღნიშნა „ლინეატის“ მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ლინეატის“ ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორმა ჰარისონ გრინ-ფიშბექმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია ამერიკის წამყვანი კომპანიების ტექნიკურ გამოწვევებსა და მათ გადაწყვეტილებებზე.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 000-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით 1 მილიარდ ევრომდე.

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა