ბაჩო დოლიძე - ლევან ხაბეიშვილი სულ რამდენიმე საათია თავმჯდომარეა და პოლიტიკური იერიშის მიტანა არ მგონია, სწორი იყოს - დიდ შეცდომად მივიჩნევ პარტიიდან გასვლას

არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველ რგოლში ვიყო, რადგან ბევრი საკითხის გარშემო ჩვენი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ, სადაც დავინახავ, რომ ლევან ხაბეიშვილს ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდება, იქ ვიქნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრმა, ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თუ დაინახავს, რომ კონკრეტული გეგმა ან ნაბიჯები რეალისტურია და შედეგზე ორიენტირებული, არა პოპულისტური, პარტიის ახალი თავმჯდომარის გვერდით იქნება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის პოსტი დატოვა, რათა არჩეულ თავმჯდომარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდეს, დააკომპლექტოს გუნდი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

„ქუჩაში გასვლის არც პრობლემა და არც კომპლექსი არ არსებობს, თუ გასვლა იქნება რეზულტატზე ორიენტირებული. ეს არ არის ის კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება ახალარჩეული თავმჯდომარის დაკნინება მოხდეს. წარმატებას ვუსურვებ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ ყველა დანაპირების იმპლემენტირებას.

საორგანიზაციო მდივნის პოსტი დავტოვე არა იმიტომ, რომ საბოტაჟის რეჟიმში გადავდივარ. არჩეულ თავმჯდომარეს სრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დააკომპლექტოს გუნდი ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ. ლევან ხაბეიშვილი სულ რამდენიმე საათია თავმჯდომარეა და დღეს პოლიტიკური იერიში, რომ მივიტანო არ მგონია სწორი იყოს. მივცეთ შესაძლებლობა პირველ რიგში, ეცადოს და განახორციელოს დაპირებები, რასაც იძლეოდა. სადაც დავინახავთ, რომ გეგმა ან კონკრეტული ნაბიჯები რეალისტურია და შედეგზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მის გვერდით ვიქნებით.

დღევანდელ დღეს უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რაც არის, ამას ვერ გავექცევით. ეს არ არის უკანასკნელი არჩევნები, რომელიც პარტიამ ჩაატარა. პარტიაში სხვადასხვა დონის არჩევნები სულ იქნება. ბრძოლა წინ არის, მაგრამ დღეს გამარჯვებულ კანდიდატს უნდა მივულოცოთ და ვუსურვოთ წარმატებები“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, გუნდში დარჩენით უფლებას იტოვებს, ჰქონდეს განსხვავებული ხედვა კონკრეტულ მოქმედებებთან და ტაქტიკასთან დაკავშირებით.

„მე არ ვაპირებ იმ კონკრეტული მოქმედებისთვის, რასაც ლევანი დაგეგმავს, ხელის შეშლას, მაგრამ უფლებას ვიტოვებ, მქონდეს განსხვავებული ხედვა ტაქტიკასთან მიმართებაში და კონკრეტულ მოქმედებებთან დაკავშირებით. იქ, სადაც ვხედავ. რომ არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი სცენარი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას ჩემი ღია პოზიცია ან გამოვთქვა ან - არა. ნამდვილად არ ვაპირებ ჩუმად ყოფნას. პირიქით, გუნდში მექნება ჩემი პოზიცია დაფიქსირებული და არა ისე, რომ გუნდში არაფერთან დაკავშირებით არ ვისაუბრო, ვაგროვებდე ამ ყველაფერს რამდენიმე თვე და შემდეგ, როდესაც მომენტი მოვა, მერე გამოვიყენო, სამწუხაროდ რასაც ადგილი ჰქონდა. მე აქტიურად ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნას.

არ ვაპირებ ვიყო მმართველ რგოლში იმიტომ, რომ ბევრი საკითხის გარშემო ჩვენი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ, სადაც დავინახავ რომ ლევანს ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდება, მე იქ, რა თქმა უნდა, ვიქნები“,- განაცხადა მან.

დოლიძე დიდ შეცდომად მიიჩნევს პარტიიდან გასვლას.

„ჩვენ, როდესაც განვაცხადეთ, რომ კონკრეტულ პოზიციას არ დავიკავებთ არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებთ. ამ პარტიაში საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, მათ შორის, ნიკა მელიას. 2013 წელს ვაკეში მაჟორიტარ დეპუტატად ვიდექი, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს გამარჯვებას ზეიმობს, ქვეყნიდან გადიოდნენ. დიდ შეცდომად მივიჩნევ პარტიიდან გასვლას. არ მგონია ეს იყოს სწორი. ამ ეტაპზე არავითარ პოზიციას არ ვიკავებ, არც სურვილი მაქვს. აქტიურობის დრო მოვა, მაგრამ ბრძოლას სხვადასხვა მეთოდი აქვს. სადაც დავინახავ, რომ ბრძოლის ის მეთოდია არჩეული, რომელიც არაფრის მომტანია და მხოლოდ პოპულიზმზეა აგებული, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით