ანა ნაცვლიშვილი - თუ ასე გაგრძელდება, დავკარგავთ გელათს - მოვუწოდებ თეა წულუკიანს, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა, რომ გელათი გადარჩეს

დასკვნაში წერია, რომ თუ ასე გაგრძელდება, ჩვენ დავკარგავთ გელათს - მოვუწოდებ თეა წულუკიანს, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა ამ თუ სხვა არაერთი მძიმე დასკვნის საფუძველზე და ეს გეგმა აღასრულოს, რათა გელათი გადარჩეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კულტურის მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომლებიც გელათის მონასტერთან დაკავშირებით მიმდინარეობს და გახსნას პროცესი, რათა სპეციალისტებმა შეძლონ მუშაობა და ხელისუფლებისთვის გამოსავლის შეთავაზება.

„ხელში მიჭირავს ახლახან გამოქვეყნებული ძალიან შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი დასკვნა გელათის მონასტერთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მასში წერია ყველა ის ფაქტი და მოვლენა, რომელიც დამართეს მონასტერს ე.წ . რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენ გვქონდა რა დარგის შესაბამის სპეციალისტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ეს უმძიმესი შედეგი დადგებოდა და ვაყენებდით განმეორებითად ხელისუფლების წინაშე წინადადებებს, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან ის უმძიმესი შედეგი, რაც ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის ოფიციალურ დასკვნაში უკვე წერია, რომ არის დამდგარი. დასკვნაში ასევე წერია, რომ თუ ასე გაგრძელდება და ამ ეტაპისთვის არაფერი გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ სხვანაირად გაგრძელდება, ჩვენ დავკარგავთ გელათს. ასეთი მძიმე დასკვნა მე არ წამიკითხავს, არ გამიგია და ორმაგად მძიმეა ასეთი დასკვნა, როდესაც ის ეხება საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ, რელიგიურ, ისტორიულ კერას. ეს უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს დაუდევრობად, არაპროფესიონალიზმად, გულგრილობად. პირადად თეა წულუკიანის, კულტურის მინისტრის, პასუხისმგებლობაა დანაშაულები, რაც ხდება გელათთან მიმართებით და მე მინდა მას მოვუწოდო - არავითარი გადადექი და არავითარი სახლში წადი, უსწრაფესად დადოს მოქმედების გეგმა ამ დასკვნის და არაერთი სხვა მძიმე დასკვნის საფუძველზე და ეს გეგმა აღასრულოს, რათა გელათი გადარჩეს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი, პროცესი არის სრულიად ჩაკეტილი, ფაქტობრივად, გასამხედროებული. ამ პროცესში მას არ ჰყავს ჩართული არც ქართველი და არც უცხოელი შესაბამისი სპეციალისტები. ქართველი პროფესიონალებისთვის ეს პროცესი არის ფაქტობრივად, საიდუმლო, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ ჩაიხედონ საკითხებში და შესთავაზონ სახელმწიფოს და ქვეყანას გამოსავლის გზები. ყველა მძიმე დასკვნა, რომელიც პროფესიულია, მიუთითებს, რომ ამ წლების განმავლობაში, მათ შორის წულუკიანის მინისტრობის დროს გაწეული სამუშაოები, არის არასწორი, არის შეცდომით, რამაც დააზიანა ძეგლი და ეს დაზიანება შეიძლება იყოს შეუქცევადი დღეის მდგომარეობით. მოვუწოდებ მინისტრს, აიღოს პასუხისმგებლობა, დადოს გეგმა და გააკეთოს ყველაფერი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, რომ გადარჩეს გელათი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა