ძალიან მახინჯია შეხედულება, როდესაც პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზეა საუბარი - აწყობს საქართველოს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა?! რასაკვირველია, არ აწყობს! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის დაშლა, ეს არა „ქართული ოცნების“ უპირატესობა, არამედ საქართველოს მოგება იქნება.
ვოლსკის თქმით, არ შეიძლება არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მისვლას ისახავს.
„ფაქტები, რაც საზოგადოებამ იხილა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ გაერთიანებას თუ დაშლილ გაერთიანებას არანაირი მისწრაფება არა აქვს, აღმშენებლობის თემაზე ილაპარაკოს ან ამ თემებზე შეჯიბრი და პოლემიკა გამართოს. ეს არის მავნებლური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რისი პერსპექტივაც მგონი, არ არსებობს - ქვეყანას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
არ იქნება სწორი ამ კონკრეტულ ადამიანებისგან მოვითხოვოთ, რომ საკუთარ წარსულს გადახედონ და კრიტიკული შეფასებები მისცენ იმას, რაც ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს!
ჩვენ პოლიტიკურ ველზე შეიძლება ახალი პოლიტიკური ფიგურანტები - წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ვიხილოთ, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ. იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობები... კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი და ლამობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებს სახელისუფლო სტრუქტურებისკენ გაუხსნან გზა, დაიშლებიან. ქვეყნისთვის დამაზიანებელია გარემოება, რასაც ისინი პოლიტიკურ ველზე ქმნიან - აქ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ამ ადამიანების ხელში პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდება და განვითარდება. ეს იქნება პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული რევკომი - რევოლუციური კომიტეტი, რომლის ამოცანა იქნება ხელისუფლებაში მოიყვანოს ადამიანები, ვინც ბიუჯეტი გაძარცვა, აწამა და სადისტურ მმართველობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ეს რეალობა, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ავტორიტეტს, ამომრჩეველს და საზოგადოების მხრიდან ნდობას დააკარგვინებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.