ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023

დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს

“წითელ ხაზებს” მიღმა არსებულ რა იარაღს ითხოვს უკრაინა და წავა თუ არა დასავლეთი ამ ნაბიჯზე

ევროპა პოლიტიკას ცვლის და ემიგრანტების გაძევებას იწყებს - რა ელით ქართველებს?

* * *

დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს

პირველი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძარობაში” არჩევნების შემდეგ - ენმ-ის ლიდერთა ნაწილი ახლად არჩეულ თავჯდომარეს არაკოლეგიალურობაში ადანაშაულებს და საჯარო განცხადებების წინასწარ მათთან შეთანხმებას სთხოვს. ხატია დეკანოიძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის თანამდებობა ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ დატოვა, როდესაც მან განაცხადა, რომ მზად არის, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან მანდატებზე, პარლამენტსა და საკრებულოებში; დეკანოიძე ამ განცხადებას პოპულისტურ პოლიტიკად აფასებს და ამბობს, რომ პარტიაში პოპულისტური პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელების კრიტიკას არ იზიარებს და კინკლაობის ნაცვლად პარტიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ენმ-ის ახალად არჩეული თავმჯდომარის განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს.

“ლელოში” იმედი აქვთ, რომ “ნაცმოძრაობაში” გაერკვევიან როგორ მოიქცნენ საკუთარ მანდატებს, თავად კი ეს პოზიციონირება სწორად არ მიაჩნიათ. “ოცნებაში” კი აცხადებენ, ნაცმოძრაობის მანდატები არავის სჭირდება. “რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას მოითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებას, რა თქმა უნდა სჯობს პარლამენტიდან გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე”, - აცხადებს “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხაბეიშვილის ამ განცხადებას უცნაურს, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილს უწოდებს და აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატების დატოვებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ექსპერტი პეტრე მამრაძე კი ვარაუდობს, რომ მანდატებს არ დატოვებენ, მაგრამ ბოიკოტს გამოაცხადებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უცნაური განცხადებაა, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილი. “ქართულ ოცნებას” არაფერში არ სჭირდება “ნაცმოძრაობამ” მანდატები რომ დატოვოს. ამ ნაბიჯით “ნაცმოძარობა” პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ თავი უნდა დაანებონ არასერიოზული განცხადებების გაკეთებას. ხაბეიშივილი აღარ არის აქტივისტი, პარტიის თავმჯდომარეა და განცხადებას აკეთებს უკვე პარტიის სახელით. როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში, ვერ გეტყვით, დამარცხებული მხარე არ ჩქარობს პარტიის დატოვებას, ალბათ ელოდებიან ხაბეიშვილი როგორ დაიხსნის მიშას ციხიდან. ამ ეტაპზე პარტია შეიძლება არ დაიშალოს. პირველი გადინება ინტელექტუალების მოხდა 2016 წელს და ახლა ვიღა რჩება ინტელექტუალი...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ პარტიაში ერთადერთი ხმის მომტანი იყო სააკაშვილი, რომელსაც ჰყავდა თავისი ბირთვული ელექტორატი, რომელიც წლიდან წლამდე არ იზრდებოდა, მაგრამ არც მცირდებოდა. ეხლა როცა გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი თავისი მდგომარების გამო ხმების მომტანი აღარ არის, დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, პარტიულ ელიტას შორის. ვის დარჩება პირველობა. მელიამ წააგო არჩევნები. გაიმარჯვა კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა ხაბემ. მაგრამ, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ამ პარტიაში მათი ნებისმიერი მოქმედება იქნება კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება პარტიის დაშლას, არა მგონია, რომ დაიშალოს, ამის რესურსი არ აქვთ. მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პერფორმანსები ბევრი იქნება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, პარლამენტს არ დატოვებენ, ბოიკოტი შეიძლება გამოაცხადონ, რაც მათ საქმეს კიდევ უფრო ნულისკენ წაიყვანს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“წითელ ხაზებს” მიღმა არსებულ რა იარაღს ითხოვს უკრაინა და წავა თუ არა დასავლეთი ამ ნაბიჯზე

“ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის გადაცემაზე ჯერ კიდევ თავს იკავებს, ნატოს წევრი ლიეტუვა კი მოუწოდებს, რომ ალიანსმა “წითელი ხაზების” გავლება შეწყვიტოს და კიევს გადასცეს ის, რაც სჭირდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, სამხედრო დახმარებაში “ეფ-16” გამანადგურებელი თვითმფრინავების გარდა, მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი რაკეტები იგულისხმება, რომლის მეშვეობით უკრაინას შეუძლია, რუსეთის სიღრმეში კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილებს დაარტყას. მათი განმარტებით, ნატო თავს რამდენიმე მიზეზის გამო იკავებს, მათ შორის სიტუაციის ესკალაციის საფრთხისა და იმის გამო, რომ ალიანსში ერთიანი პოზიცია არაა და წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებებში სკეპტიციზმი იგრძნობა. თუმცა დასძენენ, რომ არაა გამორიცხული, რომ ნატომ პოზიცია შეცვალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “წითელ ხაზებს” მიღმა არსებულ რა იარაღს ითხოვს უკრაინა და წავა თუ არა დასავლეთი ამ ნაბიჯზე.

“მე ვნახე ბევრი წითელი ხაზი, რომელიც გავლებულ იქნა. ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს “წითელი ხაზები” გავლებულია არა ჩვენ მიერ, დასავლეთის დემოკრატიების მიერ, არამედ რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ ხაზების გავლებას დაშინებისა და მუქარის გზით ცდილობს. ის ცდილობს ეს ხაზები თავს მოგვახვიოს”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მისივე განმარტებით, უკრაინასთან მიმართებით, რამდენიმე “წითელ ხაზზე” გადაბიჯება უკვე მოხდა. “ვსაუბრობ არა მხოლოდ ტანკებზე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ერთ დროს ასევე იყო ტაბუ. მე ეს კარგად მახსოვს. როდესაც ომი დაიწყო, გერმანიამ თავიდან კატეგორიულად განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს გაგზავნიდა, მაგრამ არა იარაღს, მაგრამ ამ “წითელ ხაზზე” გადაბიჯებაც საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა”, - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ერთ ხაზის გადალახვა მალე შესაძლებელი გახდება და უკრაინას დაუკმაყოფილდება თხოვნა ავიაგამანადგურებლებისა და შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის შესახებ. ამასთან “როიტერსისგან” ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, შესაძლოა, შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები შევიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე, სავარაუდოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ახალი პაკეტი “პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობას, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალასა და “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოცავს. წყაროს ცნობით, საუბარია სახმელეთო ბაზირების მცირე დიამეტრის ბომბის (GLშDB) შეძენაზე, რომლის დიაპაზონი 150 კმ-ია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, უკრაინა “ეფ-16”-ის გარდა შორმსროლელ მაღალი სიზუსტის რაკეტებს ითოვს და ნატოს თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზიც ეს შეიძლება იყოს, რადგან ამით კიევს საშუალება მიეცემა, რომ რუსეთს სიღრმეში დაარტყას. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, რომლის გამოც ნატო გარკვეული სახეობის იარაღის კიევისთვის გადაცემისგან თავს იკავებს. ამასთან კაკაჩია გვეუბნება, რომ არაა გამორიცხული, რომ ალიანსმა პოზიცია შეცვალოს”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინა ნატოსგან “ეფ-16”-ების გარდა რასაც ითხოვს, ესენია შორსმსროლელი მაღალი სიზუსტის რაკეტები “ატაკემსი”, რომელთა რადიუსი 160-დან დაახლოებით 250 კმ-ის მანძილზე და ასევე მძიმე ტანკები... შორმსროლელი რაკეტები, ეს ის იარაღია, რომლითაც შეიძლება უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დაარტყას. დაარტყას იმ ობიექტებს, რომლითაც შეიძლება რუსეთმა უკრაინაზე სავარაუდო შეტევა დაიწყოს - ბელგოროდი-კურსკის რაიონები და ასევე ზურგისა და მომარაგების ობიექტებს, რომლებიც რუსეთის სიღრმეშია. ამერიკელები “აბრამსების” გადაცემაზეც იყვნენ წინააღმდეგები, მაგრამ მერე დათანხმდნენ და არა გამორიცხული, რომ ამ იარაღზეც შეცვალონ პოზიცია, მათი გადაწყვეტილებები ცოტა არაპროგნოზირებადია ხოლმე” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ თავშეკავებას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი ისაა, რომ დახმარებამ ჯაჭვური რეაქცია არ გამოიწვიოს, არ შეუქმნან შთაბეჭდილება პუტინს, რომ ის კუთხეში მიმწყვდეულია და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს. მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს თავად კოალიციის წევრებს შორის გარკვეული განსხვავებები, რადგან ყველა წევრი ამ დახმარებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება. მესამე მიზეზი ხარჯებია, მილიარდობით დოლარზეა საუბარი, აშკარად ჩანს, რომ ამ ომს ბოლო არ უჩანს, და ბევრი ფიქრობს, რომ ეს სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნატო კონსენსუსით მოქმედებს, ამასთან ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თანამდეროვე ნატოს სტანდარტების იარაღის გამოყენებას უკრაინელების მომზადება სჭირდება. ტანკების მიწოდება, ეს მხოლოდ გადაცემას არ ნიშნავს, ამას ნაწილები უნდა, რომელიც ფუჭდება, ასევე ლოჯისტიკური მხარდაჭრაა საჭირო. კომპლექსური პროცესია. ვიღაცეები მხოლოდ ტანკს ხედავენ, მაგრამ მის უკან ათასი რამ დგას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისა კორნელი კაკაჩიამ და შეკითხვაზე - “საბოლოო ჯამში რამდენად შეიძლება დათანხმდეს ნატო იმ იარაღის მიწოდებაზე, რაზეც ახლა თავს იკავებს?” - პასუხობს:

“ეს თანდათანობით უნდა მოხდეს, რადგან სხვა გზას ჩვენ ვერ ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მანდ სხვა გზა არ არსებობს. თავადაც იციან რუსეთის გამარჯება რას ნიშნავს, ეს უკვე წარმოუდგენელია. თუ უნდათ, რომ ეს იმი დასრულდეს, უკრაინას უნდა მიეწოდოს იგივე თვითმფრინავები, რომელსაც ითხოვენ და ზოგადად უნდა უზრუნველჰყონ, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯკვებით დასრულდეს. ეს სცენარი სხვა ვარიანტს უკვე არ ტოვებს, შუალედური ვარიანტის შანსი თანდათან მცირდება”.

ევროპა პოლიტიკას ცვლის და ემიგრანტების გაძევებას იწყებს - რა ელით ქართველებს?”

“ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. ევროპაში მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა და ლტოლვილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ახლა სამშობლოდან წასული ემიგრანტები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათი ბედი გაურკვეველია. ევროკავშირი კი უფრო ზუსტად იმ მიგრანტების დეპორტაციას გეგმავს, რომელთა განაცხადი თავშესაფრის ან რეგულაციის თაობაზე უარყოფილი იქნება. მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო მეტად გაართულა, რადგან უკრაინის მოსახლეობის მესამედს სურს ევროპაში გაქცევა, ამას ემატებიან მოლდოველებიც და რუსებიც, ხოლო საქართველოდან მოსახლეობის გადინება ისედაც ყოველთვის დიდი იყო. ახლა მნიშვნელოვანია, რა ელით ქართველ ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში, ხოლო მათ ახლობლებს სამშობლოში. ეს სერიოზული პრობლემას წინაშე დააყენებს ქართველთა დიდ ნაკადს. როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გამკაცრებული წესები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს ეხება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა პოლიტიკას ცვლის და ემიგრანტების გაძევებას იწყებს - რა ელით ქართველებს?

“საქართველოსთან მიმართებით არსებითად არაფერი იცვლება, რადგან რეადმისიის ხელშეკრულება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების რაოდენობაც, შესაბამისად, ეს პროცესი შეიძლება უფრო შეიზღუდოს და უფრო ნაკლებ ადამიანს მიეცეს თავშესაფარი, შესაბამისად, მოხდეს მათი დეპორტაცია”, - აღნიშნა გოგიშვილმა, რომლის განმარტებით პროცესის დაჩქარება ლტოლვილების დიდი რაოდენობით მატებამ გამოიწვია. “დამატებით რამდენიმე მილიონი ლტოლვილი გაჩნდა ევროპაში, რაც დაკავშირებულია საკმაოდ დიდი რესურსების ხარჯვასთან. მათ შორის, თავშესაფრიდან დაწყებული, სოციალური შემწეობით დამთავრებული. ეს არ არის მარტივი, თითოეული მიგრანტის შენახვა წელიწადში, სახელმწიფოს დაახლოებით, 25 000 ევრომდე უჯდება. რაც შეეხება დეპორტაციას, პრინციპში აქაც სიახლე არაფერია, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებოდნენ თავშესაფარზე, მას ეძლეოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. ხშირი იყო ფაქტები, როდესაც ამას ბოროტად იყენებდნენ პოტენციური ლტოლვილები და არ ტოვებდნენ ქვეყანას, ცდილობდნენ იქ დარჩენილიყვნენ არალეგალურად, რაც ქვეყნისთვის დამატებით ხარჯებთან და საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, კრიმინალთან”, - დასძინა გოგიშვილმა, რომლის თქმით, "ეს ეხება ყველა იმ მიგრანტს, რომელიც ჩადის ევროკავშირის მითითებულ ქვეყნებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოდან მოქალაქეების დიდი რაოდენობით გადინებას სტატისტიკაც ადასტურებს. 2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ საქართველოს 13 000 მოქალაქე იმყოფებოდა, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 10 165-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველი ბევრია. ქართველების უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრობს, რაც მდგომარეობას კიდევ ართულებს. არსებული მდგომარეობა, როგორც აღმოჩნდა ლტოლვილებისთვის ჯერჯერობით უცხოა და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც ესპანეთში მცხოვრები თინა რევაზიშვილი აღნიშნავს, ემიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკვე მრავალი წელია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ჩამოსვლისთანავე მოვითხოვე საბუთი და ახლა არალეგალი აღარ ვარ, თუმცა ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ახალი ჩამოსულები არიან და ჯერჯერობით არც საბუთი აქვთ. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ შესაძლოა, მათი ქვეყნიდან გაძდევების საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ეს თუ ასე მოხდება, ყველას ძალიან გაუჭირდება”, - აღნიშნა რევაზიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას. იგივეს ამბობს იტალიაში მცხოვები სოფიკო კაკიაშვილი. როგორც დეპორტაციისა და გამკაცრებული წესების შესახებ ჯერჯერობით იქაც არაფერი იცის. “იტალიაში ბევრი ქართველია, როგოროც ლეგალურად, ისე არალეგალურად. ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და მსგავსი ფაქტის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. როცა არალეგალი ხარ, რისკი მუდმივადაა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოგიწიოს ქვეყნიდან წასვლა”, - ამბობს კაკიაშვილი. მიგრანტთა ნაკადის შემცირების მიზნით ევროკავშირის მხრიდან ეს პირველი მცდელობა არ არის, თუმცა ახლა ქვეყნებს ისე გაუჭირდა, რომ ამდენ ლტოლვილს ვერაფრით წვდებიან. სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ქართველთა დიდი რაოდენობით დეპორტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა გამკაცრებულ პირობებში ცხოვრება მათთვის ნამდვილად გართულდება”, - დასძენს გამოცემა.

“ქართველ მიგრანტთა დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებშია წასული - საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა. მათი დიდი ნაწილი იმდენად დიდი ხანია, რაც არალეგალურად ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, რომ უკვე გამომუშავებული აქვთ ინსტიქტი და მათი დეპორტაცია იქიდან ვერ მოხდება. ემიგრანტები ადვილად არ ჩაუვარდებიან ხელში იქაურ სამართალდამცავებს. არ ველოდები, რომ ქართველებს მასობრივად გამოაძევებენ. ისიც ფაქტია, რომ არალეგალებს უფრო გაურთულდებათ უცხო ქვეყანაში ცხოვრება. გაუჭირდებათ გადაადგილება, შესაძლოა ამან მათ შემოსავალზეც იმოქმედოს და გადმორიცხულ თანხებზეც. ახლა ყველა მხრიდან პრობლემებია, რაც არსებულმა პოლიტიკურმა და საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია. სადეპორტაციო ღონისძიებები უფრო მეტად რუსი მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და არა ქართველი, უკრაინელი ან მოლდოველი ემიგრანტებიკენ. არალეგალი მიგრანტებისადმი ბრძოლის ტალღები ყოველთვის იყო ევროკავშირში და ესეც ერთი ასეთი ტალღაა, რომელიც უარყოფითად აისახება ჩვენს მიგრანტებზე, ქვეყანასა და მათ ნათესავებზეც კი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო წარდგენილი, 2021 წელს კი მათი რაოდენობა 14 600-ს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 2021 წელს 13%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება 10 595 მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღეს, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 12 120-ს შეადგენდა. შემცირდა საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაც. 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა 5 495 მოქალაქე, 2020 წელს კი - 6 330 მოქალაქე”, - წერს სტატიის ავტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა