ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ვერცერთი კომპანია გარისკავს, რომ რუსეთ-საქართველოს ფრენები განახორციელოს - ლავროვისგან შექება შხამნარევია და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია

ის, რაც იგეგმებოდა რუსეთთან ორმხრივი ფრენების თვალსაზრისით, უბრალოდ ვერ შედგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადების შემდეგ ვერცერთი კომპანია გარისკავს, რომ განახორციელოს რუსეთ-საქართველოს ფრენების მომსახურება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

ვაშაკიძის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი კომპონენტია „იმ ძალიან ცუდი სურათისა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ავტორიტეტი პრაქტიკულად მთლიანად დანგრეულია“.

„ის, რაც იგეგმებოდა რუსეთთან ორმხრივი ფრენების თვალსაზრისით, უბრალოდ ვერ შედგება. ამ განცხადების შემდეგ ვერცერთი კომპანია ვერ და არც გარისკავს, რომ განახორციელოს ამ ფრენების მომსახურება. სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა საქმე - პირდაპირ მიუთითებენ საქართველოს და პრაქტიკულად რუსეთის კლუბის წევრებად ვევლინებით საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტია იმ ძალიან ცუდი სურათისა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ავტორიტეტი პრაქტიკულად, მთლიანად დანგრეულია. ჩვენი ავტორიტეტის ასეთი საშინელი დონე ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მახსოვს. თუ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ რუსული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას ამ ფრენებში და საქართველოს მხარე ამას ხელს შეუწყობს, განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ეს ძალიან მკაცრი და კონკრეტული პოზიციაა. სანქცირების და ზეწოლის სხვა ზომებიც მოიძებნება, რათა აიძულო ამისგან ხელი რომ აიღონ. ამასთან, პირველადი ლოგიკა გვკარნახობს, რომ თბილისის აეროპორტს თურქული კომპანიები ემსახურებიან, ბათუმის აეროპორტი საერთოდ თურქულ სისტემაში ზის. თურქეთი კი თვითონ შეუერთდა საჰაერო სანქციებს და არ მგონია, თურქულმა კომპანიებმა გაბედონ და დაარღვიონ თავისი ქვეყნის პოლიტიკა და გარისკონ სანქციების ქვეშ მოხვედრა“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელშიც ლავროვმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, ეს ლავროვის მხრიდან განხორციელებული პიარ-სვლა არის, რათა საქართველოს დასავლეთთან გაუცხოება კიდევ უფრო გააღრმაოს და კიდევ უფრო დააახლოოს რუსეთის ორბიტასთან.

„რუსეთის მიზანი ამ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე წარმოაჩინოს, რომ ვიღაცები მაინც არიან მასთან - ეს მას იმიჯისთვის სჭირდება. ამასთან, რუსეთი ყოველთვის შეეცდება საქართველოს მიტაცებას და თავის ორბიტაში ჩათრევას. საქართველოს დანგრეული იმიჯი ამ პროცესს ხელს უწყობს. ლავროვი მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გარანტირებულ დანგრევას და მის უფრო მეტ ჩამოშორებას სტრატეგიული პარტნიორებისგან. სინამდვილეში, შექება ლავროვისგან შხამნარევია და დღეს საერთაშორისო არენაზე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. შეუძლებელია ლავროვს არ ესმოდეს თუ რა პოლიტიკურ ზიანს აყენებს საქართველოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა