ნინო ნადირაძე - სააკაშვილის მკურნალობაში ძალიან დიდწილადაა პოლიტიკური მდგენელი, რაც ბევრი მიმართულებით ხელს გვიშლის - პირველი დღიდან არის წნეხი და გვიცხადებენ უნდობლობას

ალბათ, ამ პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის ის, რომ ძალიან დიდწილადაა პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიმართულებით ხელს გვიშლის. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველი დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვას, რა სახის ობიექტური გამოწვევები არსებობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის კუთხით.

ნინო ნადირაძემ, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, „ვივამედის“ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებების თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.

„უნდობლობა არამხოლოდ სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს პერსონალის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ბულინგს, ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, მედდები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და შეგვიძლია ეს წარმოვადგინოთ, რომ თუ ამ მიმართულებით საქმეს მსვლელობა მივეცით“, - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ნინო ნადირაძის თქმით, ის დღეში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას პაციენტს შესახებ მასთან კონტაქტში მყოფ ყველა ექიმისგან, რომელთა ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ პაციენტი ძალიან ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას.

„რა თქმა უნდა, ის შერჩევით იღებს პრეპარატებს. ყველაზე დიდ პრობლემად რჩება კვების პრობლემა და კვებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მე პირადად, არც ერთხელ დამიშურებია და დამიხევია უკან, ხშირად ავდიოდი ბატონ მიხეილთან, როდესაც ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ მის ნათქვამს ყურად არ იღებს. მისთვის დეტალურად ამიხსნია, თუ რამხელა რისკის ქვეშ აყენებს ის თავის ჯანმრთელობას, როდესაც ასეთი მცირე კალორაჟის საკვებს იღებს“, - აცხადებს ნადირაძე.

მის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხვა კვებით დანამატებზე, რომელსაც ადრე იღებდა, კატეგორიულ უარს აცხადებს.

„ის ამბობს, რომ [არიან] სხვა ექიმები, რომლებისაც უფრო სჯერა. ჩვენ ვიკითხეთ, ვისზე იყო საუბარი, უცხოელ ექსპერტებზე?! - არა. მან თქვა, რომ ქართველი ექიმები მას ეუბნებიან ეს კვებითი დანამატები და პარენტერალური კვება მისთვის ჯერ მიწოდებული არ არის. ამაზე ქალბატონმა თამარ დავარაშვილმა მოსთხოვა, რომ ჩვენ პრობლემა არ გვქონდა, კონსულტაციის სახით დაეწერათ, საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინათ პარენტერალური კვების მიზანშეუწონლობა და სხვა შენიშვნები მიეცათ. ჩვენი კლინიკის კარი ღიაა ნებისმიერი კვალიფიციური გულშემატკივარი ექიმისთვის“,- აცხადებს ნადირაძე.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, მას კოლეგებთან თანამშრომლობის იმედი ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩასაფრებული და გაუმართლებელი პოზიციის გარდა კლინიკა „ვივამედს“ მათგან არაფერი მიუღია.

„ეს იყო ქედმაღალი, ზემოდან ყურების დამოკიდებულება,რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. მათგან დღესაც ვითხოვ, თავიანთი ხელმოწერით გაამყარონ თავიანთი მოსაზრება. დააწერონ,რომ პაციენტს არ ესაჭიროება პარენტერალური კვება და სხვა დამხმარე ხელოვნური კვების საშუალებები“, - აცხადებს ნადირაძე.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა