თეონა ჭალიძე - NDI-ის კვლევის შედეგები სოციალურ ჭრილში საგანგაშოა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგები საგანგაშოა, თუმცა მათ ვისაც ყოველდღიურად შეხება აქვთ „ჩვეულებრივ“ ადამიანებთან, დიდად არ გაუკვირდებოდათ.

„მაშინ, როცა საქართველოში 667 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირია, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს და სხვადასხვა სოციალური პენსიის მიმღებთაგან 360 000-ზე მეტ ადამიანს საპენსიო სესხის აღება მოუწია არსებობისთვის, კვლევის შედეგები ლოგიკურია. გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია. ფასების ზრდა - 39%-ისთვის, სამუშაო ადგილები - 38%-ისთვის, სიღარიბე - 30%-ისთვის, ტერიტორიული მთლიანობა - 25%-ისთვის და პენსიები - 24%-ისთვის.

მოსახლეობის ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. ყოველი მეორე კი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. ეკონომიის მიზნით გასულ წელთან შედარებით საჭმელზე ნაკლებს ხარჯავს გამოკითხულთა 77%; შეზღუდულად ყიდულობს ტანსაცმელს 74%; ფულის დაზოგვის მიზნით ნაკლებს დადის მანქანით 34%;

ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიას შეზღუდულად მოიხმარს გამოკითხულთა 53%; ნაკლებს ხარჯავს ჯანდაცვასა და წამლებზე 35%; ნაკლებს ხარჯავს საჭმელზე - 32%“,- აცხადებს თეონა ჭალიძე.

მისივე განმარტებით, კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

„NDI-ს“ ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით ვერ პოულობს. სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს. იმ გამოკითხული მოსახლეობიდან, რომელიც ამბობს რომ დაუსაქმებელია, 49% ეძებს სამსახურს, ეძებს მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით - 20%, არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით -16%; დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს - 8%; ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით (ანაზღაურების გარდა) -5%-მა“, - აღნიშნა ჭალიძემ.

მისივე თქმით, თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9%-იდან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს და აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

„ნათელია რომ ხელისუფლება ვერაფერს ვერ და არ აკეთებს. გამოკითხულთა 61% კი ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ გარკვეული მიდგომები და სტრატეგიები გადაიხედოს პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ და ხალხი გახდეს პრიორიტეტი,“- აცხადებს ჭალიძე.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის