ლაშა ხუციშვილი - ბიზნესთან ერთად სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისთვის, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა საინვესტიციო პოლიტიკის ფუნდამენტია.

მისი განმარტებით, მთავრობა ყურადღებას უთმობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და დღეს, საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის შემდეგ ორ წელიწადში, სრულად შეძლო აღედგინა ფისკალური პარამეტრები პანდემიამდელ დონემდე.

„2022 წელი მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის კუთხით, იყო საკმაოდ წარმატებული. ამ წელს, მთავრობის ვალი დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს და ჩამოსცდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შევამცირეთ და დავასტაბილურეთ ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება უფრო და უფრო იკრებს ძალას და მეტად ხელშესახები ხდება.

„აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია გასულ წელს თურქეთთან დადებული დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება, რითაც შესაძლებელი გახდა თურქული შუალედური პროდუქტის გამოყენებით საქართველოში წარმოებულ საბოლოო პროდუქტზეც გავრცელდეს DCFTA-ის რეჟიმი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომის ბაზრის თავისუფლება, მინიმალური საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობაზე.

„საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროექტების ეფექტურობას განსაზღვრავს. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია, რომელიც ბიუჯეტიდან ხორციელდება, წინასწარ გადის შესაბამის შეფასებას და მხოლოდ ამის შემდგომ აისახება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, ჩვენ ავიღეთ ზღვარი 20 მლნ ლარის ოდენობით და ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და ამ ზღვარს აღემატება, გადის შესაბამის ეკონომიკურ დასაბუთებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი იმპლემენტაცია. ბუნებრივია, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და რომელზედაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმ კრიტერიუმების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ინვესტიციებს. მაგალითად, ჩვენ ვაშენებთ ჩქაროსნულ მაგისტრალს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს სატვირთო გადაზიდვებსა და ტრანზიტის პოტენციალის ათვისებას; ვაკეთებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რათა ტურისტებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ესა თუ ის საკურორტო ადგილი, იქ წახალისდეს კერძო ინვესტიციებიც. რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რათა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და უკეთ გამოვიყენოთ სატრანზიტო დერეფანი, ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, სადაც იგეგმება წახალისების ახალი სქემის შემოტანა, რომელიც შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო