ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, აუშრინე არმონაიტემ ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ოქმში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა და ის წარმატებით დასრულდა.
„საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო. ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ, როგორიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ლიეტუვას ხელშეწყობა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ყურადღება განვითარების პროგრამებში ლიეტუველი ექსპერტების ჩართულობასა და ამ ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა, რომელიც მას ევროპულ ინტეგრაციაში დაეხმარა.
„დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა“ - ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია. „გირტეკა“ საქართველოში მუშაობას დაიწყებს და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური, წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან პირისპირ შეხვედრა გაიმართა.