მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის ანგარიში წერტილს უსვამს სპეკულაციებს, თითქოს საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებდა - საქართველო რეფორმების კუთხით ლიდერია

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში წერტილს უსვამს სპეკულაციებს, თითქოს საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებდა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის ანგარიში 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით პროგრესთან ერთად ქმნის საფუძველს, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

„ანგარიში კარგია იმ კუთხით, რომ წერტილს უსვამს სპეკულაციებს, თითქოს საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ იმსახურებდა. საქართველო ყველა კრიტერიუმით ადასტურებს, რომ რეფორმების კუთხით ლიდერია. ძალიან ბევრ სფეროში ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. მეორე მხრივ, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ კარგად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

ანგარიში, როგორც წესი, ერთი მხრივ არის საფუძველი ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, ევროკავშირის რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, დიდი დატვირთვა აქვს შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ამიტომ, მთელი ძალისხმევა გავწიეთ, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი კარგი ყოფილიყო. ბევრი მიმართულებით გვაქვს კიდეც პროგრესი. ორივე ერთად ქმნის საფუძველს, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს კანდიდატი ქვეყანა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა შეხედულებას, რომ მიხელ სააკაშვილის საკითხი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეაფერხებს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ „სააკაშვილი 12 რეკომენდაციის ნაწილი არ არის და ვერ იქნება“.

„ეს არის მცდელობა იმ ადამიანების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში გააჩინონ საკითხები, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ და მხოლოდ პრობლემების შემქმნელი იქნება. სწორედ ასე ხედავენ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ამის გამოყენება ევროინტეგრაციას წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია, რადგან ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანება ხდება. მეორე მხრივ, 12 რეკომენდაცია ბევრი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. სააკაშვილი 12 რეკომენდაციის ნაწილი არ არის და ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვაჩვენოთ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში