მეუფე შიო - თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს

მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან, დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად - მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე - ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამავე დროს, ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც. იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისაგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყო, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე, მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს. ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ მადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდა, დაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა.

შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო.

რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში - ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი - ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის. ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, ამინ!ჩვენთან არს ღმერთი!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია