რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსიფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 2023 წელი ახალი დაწყებულია და უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ამ წლის უმთავრესი საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრობლემა მთავარი იქნება მიიღებს თუ არა საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ბევრი თვლის, რომ თუ ჩვენ წელს ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველო დარჩება დემოკრატიული, წარმატებული მომავლის გარეშე.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ეტაპად იქნა აღქმული ევროკომისიის ანგარიში. ხელისუფლება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ანგარიშს წარმატებად მიიჩნევენ, მაგრამ, ისიც ფაქტია, ეს ანგარიში ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს ეხება და არ ეხებოდა 12 პუნქტიან ევროპული რეკომენდაციებს, მათზე ანგარიშს ოქტომბრისთვის უნდა ველოდოთ.

მათი მტკიცებით, ვინც კარგად იცნობს ევროკომისიის მუშაობის სტილს, ევროკომისიის ანგარიში საქართველოს უტოვებს შანს წელს კარგად იმუშაოს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირს ჰქონდეს შესაძლებლობა საქართველო არ დარჩეს ევროპული პერსპექტივის გარეშე.

ვითარებაში, როცა როგორც ბევრი ამტკიცებს, „დასავლეთში ვერ ხვდებიან საქართველო საით მიდის და სად უკაკუნებს“, გაქვთ განცდა, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის კუთხით შედეგიანი იქნება?

- როგორც ყოველთვის, აქტუალურ საკითხს აყენებთ, რომელიც დროულად არის ხოლმე განსახილველი. საგარეო პოლიტიკის ვერსიების საჯარო განხილვას დიდი მნიშვნელობა აქვს. 90-იანებში, მოსკოვის პუტჩის დროს საგარეო პოლიტიკაზე რომ სერიოზულად გვემსჯელა, შეიძლება სამოქალაქო ომი არ მომხდარიყო.

თუ საზოგადოება მაშინ გაიაზრებდა, რომ არეულობა აწყობს რუსეთს ჩვენს დასაქუცმაცებლად, შეიძლება აგვერიდებინა დაპირისპირება. ამგვარი გართულებების შანსი ახლაც არის და ახლაც საჭიროა საგარეო პოლიტიკის ანალიზი.

დღეს ყველნაირ მოსაზრებას გაიგებთ - იმასაც, რომ ქვეყანა განუხრელი კურსით მიდის დასავლეთისკან, და იმასაც, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში მიჰყავს. წყაროებიც ყველანაირია - ქართულიც და ევროპულიც. მოდით, ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რომელი ქვეყანა საით მიდის, იმით, თუ რომელს რა ინტერესი აქვს.

ცხოველსაც, ადამიანსაც და სახელმწიფოსაც აქვს ინტერესი, რომ მისთვის სასარგებლო მიიღოს და მისთვის სახიფათოს განერიდოს. შევხედოთ ამ პრინციპით ჩვენი და ევროპის ურთიერთობის წარსულს, აწმყოს და მომავალს. წარსულში გვქონდა ევროპის ინტერესი, რათა მიგვეღო ძლიერი ქრისტიანულ ქვეყნების მფარველობა მუსულმანური აგრესიის პირობებში. აწმყოში, ანუ ახლაც გვაქვს ინტერესი, რომ დემოკრატიულმა ევროპამ დაგვიცვას აგრესიული დიქტატურის რუსეთის, საფრთხისგან და დაგვიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.

გვაქვს მეორე ინტერესიც, რომ ევროპა დაგვეხმაროს გავხდეთ ისეთი განვითარებული, როგორც თავად ევროპაა. ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ ჩვენ ინტერესებზე ევროპის მიმართ. ხოლო უფრო იშვიათად ვმსჯელობთ იმაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა და ჰქონდეს ევროპას ჩვენთან ურთიერთობაში. ვცადოთ ამის დანახვა.

წარსულში ევროპას ჩვენს მიმართ ინტერესი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა, ბუფერადაც კი ვერ გამოვადგებოდით, ვიყავით გეოგრაფიულად მისგან შორს მყოფი პატარა ქვეყანა. ამავე დროს, საქართველოს დახმარება საფრთხეს შეიცავდა - მასზე პრეტენზია ჰქონდათ ევროპისთვის სახიფათო ძლიერ მუსულმანურ ქვეყნებს.

ჰოდა მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - სულხან საბას ლუვრში უარი უთხრეს მჭიდრო კავშირებზე. ისტორიულმა წიაღსვლებმა რომ არ გაგვიტაცოს, მოკლედ ვიტყვი - ასე გაგრძელდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტამდე. აფხაზეთი ისე დაგვამხო რუსეთმა თავზე, ევროპამ არც კი შეიმჩნია.

მას შემდეგ, რაც შევარდნაძე-ალიევ-დემირელის ინიციატივით საქართველო გახდა ენერგომატარებლების ტრანზიტის ქვეყანა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყურადღება საქართველოსადმი, ძალიან ბევრი სიკეთე გაგვიკეთა ევროპამ. მიუხედავად კეთილგანწყობისა ევროპას რუსეთის შიში მაინც ეტყობოდა. მაგალითად, დაგვტოვა ატუზული ნატოს ღია კარებთან.

ანალოგიური რამ მოხდა ევროკავშირის წევრის კანდიდატობაზეც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ისმოდა აღშფოთება, რომ რუსეთი ტანკებით შევიდა ევროპულ ქვეყანაში. დაისვა საკითხი, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო უკრაინა, მოლდოვა და... საქართველო. მაკრონმა ძველი არგუმენტი მოიშველია - საქართველო ევროპისგან შორსააო. იქამდე ის და შოლცი პუტინთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ ომის შესახებ.

ისევ ევროპისგან სიშორე და რუსეთის საფრთხის შიში გახდა წინაპირობა იმისა, რომ კანდიდატობაზე უარი უთხრეს საქართველოს და 12 მოთხოვნა წაუყენეს სამომავლოდ, რომლებიც არ ჰქონდა შესრულებული არც უკრაინას და არც მოლდოვას. ძალაუნებურად გიჩნდება აზრი, რომ 12 პუნქტი უარის საბაბია და არა მიზეზი, რომ ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გაგრძელდება ისე, როგორც იყო წარსულში, მაგრამ...

საქართველოს გამო ევროპას აღარ ემუქრება საფრთხე უკრაინაში გაჭედილი რუსეთისგან... ამიტომ, 2023-ის საგარეო ვექტორს მე ოპტიმისტურად ვუყურებ

უკრაინელების გმირობამ და დასავლეთის უპრეცედენტო დახმარებამ რუსეთის ბლიც-კრიგი ჩაშალა. გაგრძელდა ომი, გაგრძელდა რუსეთის სისასტიკე, გაგრძელდა ამერიკის სიმტკიცე და დროთა განმავლობაში რუსეთი კატეგორიულად მიუღებელი გახდა მთელი ევროპისთვის.

ევროპა-ამერიკამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მაგრამ თავად ევროპაც დატოვა რუსული ენერგომატარებლების და იმ ტვირთების გარეშე, რაც ტრანზიტით რუსეთზე გადიოდა. ევროპამ დაიწყო ახალი გზების ძიება რუსეთის შემოვლით. ამ ძიებში ევროპამ აღმოაჩინა, რომ დიდი პოტენციის გზა გადის აზერბაიჯან - საქართველოზე. ახალ ენერგეტიკულ პროექტებშიც გამოჩნდა საქართველო.

საქართველომ ახალი მნიშვნელობა შეიძინა ევროპისთვის. ამ პროცესების ფონზე გერმანიის კანცლერმა შოლცმა მაკრონის ადრინდელი ნათქვამის საწინააღმდეგოდ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ევროპა თბილისამდე უნდა გაფართოვდესო. ეს განცხადებაც ახალი ფურცელია ევროპის რიტორიკაში ქართულ თემაზე.

ევროპას, ერთის მხრივ, ახალი სარგებელი გაუჩნდა საქართველოდან, მეორეს მხრივ - საქართველოს გამო ევროპას აღარ ემუქრება საფრთხე უკრაინაში გაჭესილი რუსეთისგან. მოსალოდნელია, რომ ეს ორი სიახლე გადამწყვეტი იქნება საქრთველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაში, უამისოდ ევროპა თბილისამდე ვერ გაფართოვდება. ამიტომ, 2023-ის საგარეო ვექტორს მე ოპტიმისტურად ვუყურებ.

- ქართველ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესრულების პერსპექტივებს. ასევე ხელისუფლების პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთის მსგავსად საქართველო „სუვერენული დემოკრატიის“ პოლიტიკას ატარებს, რაც „საქართველოს შემთხვევაში საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული“.

მეორე ნაწილის მტკიცებით, „საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში აძლიერებს რუსეთის პოზიციებს“. ამგვარად პროცესების შესაფასებლად ბევრი არგუმენტი მოჰყვათ.

მხოლოდ რამოდენიმეს გავიხსენებ, ვითარებაში, როცა ევროპამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსულ კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიესალმნენ რუსეთის განზრახვას აღადგინოს საქართველოსთან ფრენები. ვაშინგტონს ჩვენთვის იმის შეხსენებაც კი დასჭირდა, რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანაში 10% ეკონომიკურ ზრდა, რუსეთთან მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური კავშირები და 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი რუსული გზავნილები, მინისტრმა ლავროვმა უკვე ორჯერ დაგვაყვედრა.

ხელისუფლების გაცხადებული ევროპული მიზნების ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ზრდას?

- წინა საკითხშიც შეიძლება წამომეწია მესამე მხარის, ანუ რუსეთის საკითხი, რადგან ევროპასთან ჩვენს ურთიერთობაზეც მოქმედებს ეს ფაქტორი. მართალი ბრძანდებით, ბევრი ლაპარაკობს საქართველო რუსეთისკენ მიდისო. ისევ სარგებელის და საფრთხის ბალანსზე დავფიქრდეთ.

როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის სანქციებით ჩაკეტვამ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაზარდა. ე.ი. თუ საქართველო რუსეთის გახდება „როგორც ზოგიერთებს სურთ და ჰგონიათ“, მაშინ იგი დაკარგავს ახალ სატრანზიტო პერსპექტივებს და დიდ შემოსავლებს. ე.ი. რუსეთისკენ მოძრაობა მომგებიანი არაა და პირიქით - წამგებიანია საქართველოსთვის.

ართუ მოგება, საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობა საფრთხესაც შეიცავს, მას გარიყავს მსოფლიო. უდიდესი ეკონომიური და სამხედრო პოტენციალის მქონე ჩინეთმაც კი უგვერდა რუსეთს, რადგან რუსეთის უაზრო პოლიტიკა და მსოფლიოს მხრიდან სანქციები ჩინეთისთვისაც კი წამგებიანია. ამ ფონზე დამაჯერებელი არაა საქართველოს ერთგულება რუსეთისთვის. პირიქით, რუსეთის მარცხი მომგებიანია საქართველოს გამთლიანებისთვის, რაზეც ბევრი თქმულა და არ დავუბრუნდები ამ საკითხს.

ამ ფონზე დამაჯერებელი არაა საქართველოს ერთგულება რუსეთისთვის. პირიქით, რუსეთის მარცხი მომგებიანია საქართველოს გამთლიანებისთვის, რაზეც ბევრი თქმულა და არ დავუბრუნდები ამ საკითხს

ახლა ვნახოთ რუსეთის ინტერესები. სანამ ომი აქვს და მსოფლიოს უპირისპირდება, რუსეთს აწყობს, რომ თავის მოქალაქეებს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს, რომ მას კეთილისმსურველები ჰყავს და მარტო არა დგას მსოფლიოს პირისპირ. ამიტომ ფასიანი აგენტებით თუ უფასო სასარგებლო იდიოტებით ავრცელებს ვერსიებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები აქვთ თავად უკრაინას, დასავლეთს და კიდევ სხვა ქვეყნებს საქართველოს ჩათვლით.

საქართველოს გაშავება რუსეთისთვის განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან თუ საქართველოს პრორუსობს დაიჯერებს დასავლეთი, იგი ძნელად დათანხმდება, რომ ტრანზიტმა საქართვლოზე გაიაროს. თუ დასავლეთი უარს იტყვის კავკასიურ ტრანზიტზე, იგი მოასუსტებს სანქციებს, საქართველოზე ტრანზიტი აღარ გაივლის და ჩინეთის მილიარდიანი ტრანზიტები ადრე თუ გვიან ისევ რუსეთს დაუბრუნდება.

აგერ ლავროვიც ხმამაღლა მოგვეფერა, რომ გააღვივოს დასავლეთის ეჭვები. უსაფუძვლო ეჭვებით ოტელომ დეზდემონა დაახრჩო და რუსისთვის დასაშვები ვერსიაა, რომ დასავლეთმა ეჭვების საფუძველზე ჩვენ მოგვახრჩოს. რადგან რუსეთს აწყობს ეჭვების გაღვივება, იგი ამღვრევს როგორც მსოფლიოს, ისე ჩვენს საინფორმაციო სივრცეს.

აგერ ლავროვიც ხმამაღლა მოგვეფერა, რომ გააღვივოს დასავლეთის ეჭვები. უსაფუძვლო ეჭვებით ოტელომ დეზდემონა დააღრჩო და რუსისთვის დასაშვები ვერსიაა, რომ დასავლეთმა ეჭვების საფუძველზე ჩვენ მოგვახრჩოს. რადგან რუსეთს აწყობს ეჭვების გაღვივება, იგი ამღვრევს როგორც მსოფლიოს, ისე ჩვენს საინფორმაციო სივრცეს

ჩვენი საინფორმაციო სივრცის ამღვრევა იმით არის მომგებიანი რუსეთისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს პოლიტიკური პროტესტები, აირიოს ქვეყანა და... ჩაიშლება დიდი ტრანზიტის გაყვანა კავკასიაზე და ის ისევ რუსეთს დაუბრუნდება. ქვეყნის არევის გამკეთებლები საქართველოში მოიძებნება, ახლაც იმუქრებიან შიდა ომით.

მოკლედ, საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ. სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, რომ დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს.

მოსკოვმა ფრენის აღდგენის ეს ინიციატივა დააგდო უკვე მერამდენედ, ხოლო ამერიკამ თავის პარტნიორ საქართველოს საჯაროდ განუცხადა - მაგის დრო არააო. ჭკვიან ხალხს რა გამოლევს ამ დუნიაზე.

საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხადავ. სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, რომ დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს

- ვითარებაში, როცა საქართველო არც ევროკავშირის წევრი არაა, არც ნატოს, რჩება შთაბეჭდილება, ამგვარ რუსულ საფრთხეებს ხელისუფლება ან არ, ან გაუგებარ მიზეზთა გამო ვერ ამჩნევს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნისთვის შესაძლოა საფრთხე აღმოჩნდეს?

- ეკონომისტი არა ვარ. პოლიტიკის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, გადაწყვეტილებების მოტივებზე ვამბობ ხოლმე ორიოდ სიტყვას. საქართველოს პოლიტიკური პერსპექტივებიდან და დასავლეთთან ახალი პროექტების დასახვის ფონზე რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირების გაღრმავების მოტივს ვერ ვხედავ საქართველოში.

კერძო ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ტენდენცია, ალბათ, იქნება, მაგრამ ეს სახიფათოა თუ არა, ვერ გეტყვით. საინტერესოა ეკონომისტის შეფასება.

- რადგან 2023 წლის მთავარი პრობლემა იქნება მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, კითხვას ასე დავსვამდი - იმისთვის რომ საქართველომ არ დაკარგოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა და პარლამენტში მყოფმა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციამ?

- ევროპული პერსპექტივისთვის ევროპას უნდა სჭირდებოდე. დღეს მას სჭირდები როგორც ევროპაზე ორიენტირებული სატრანზიტო ქვეყანა. თუ სატრანზიტო გზის ფუნქცია უნდა შევასრულოთ, პოლიტიკური ნაღმების ფეთქება უნდა შეწყდეს, ნაღმებიანი გზა არაა მიმზიდველი.

- ფაქტია, რომ ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევა ბევრი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ კვლევით მიღებული 25%-ის გამო სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

მაგრამ, ისიც ფაქტია, ბოლო კვლევაში არც „ნაციონალების“ 6%-ია მთავარი და არც სხვა მონაცემი. მთავარია ის, რომ გამოკითხულთა 61%-ს არ ჰყავს მათი მოსაწონი პოლიტიკური ძალა.

კვლევებს კარგა ხანია ვადევნებთ თვალს, მაგრამ არც კი მახსენდება პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით ამდენი ე.წ. „ჩამოუყალიბებელი“ ოდესმე გვყავდა თუ არა. მიუხედავად პოლიტიკურ პარტიათა სიმრავლისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკური სცენა ნახევრად ცარიელია.

გვინდა არ გვინდა, ასეა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებში ვხედავთ თვითკმაყოფილების წარმოუდგენელ დონეს. და ეს მაშინ, როცა ქვეყნიდან ბევრი გადის, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, მაგრამ უკან, სამწუხაროდ, ბევრი აღარ ბრუნდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევის შედეგებს?

- გავიზიარებ თქვენს შეფასებას, რომ საყურადღებო კვლევაა. მე კვლევის შეფასებას ნაციონალების 6%-ით დავიწყებ, ეს ერთპარტიულობის დადგომის სიგნალია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ახლა „ნაციონალების“ შიდა პარტიულ არჩევნებში 50 ათასზე ნაკლები დარეგისტრირდა, მივიღებთ, რომ ახლა მას აქვს 2%. ერთპარტიულობის სურათი კიდევ უფრო იკვეთება.

რეიტინგის ვარდნა ჯერ 6 და შემდეგ 2 პროცენტამდე ნიშნავს, რომ ამ პარტიას მიშას ის თაყვანისმცემლებიც ტოვებენ, რომლებსაც ადრე 20%-მდე აჰყავდათ პარტიის რეიტინგი. დეკემბერსა და მის შემდგომ პერიოდში პარტიის რეიტინგის ასეთი ვარდნის ერთადერთ მიზეზი უნდა იყოს სააკაშვილის ციხიდან გამოხსნის გაუაზრებელი კამპანია, რაც დიდი ხანია დაწყებულია.

კამპანია გაუაზრებელია, რადგან ციხიდან გამოსვლის ამ მეთოდით მიშას პოლიტიკურად გაანადგურეს. ამით გაანადგურეს პარტიაც, რისი სიძლიერეც ისევ მიშას დასჭირდებოდა.

სააკაშვილმა და მისმა ახლობლებმა არ გაითვალისწინეს, რომ „ნაციონალების“ ამომრჩეველი პიროვნულად მიშას ქარიზმით მოხიბლული ადამიანები არიან, რომლებიც მასში გმირს ხედავდნენ და ამით არსებობდა ეს პარტია. თავად მიშამ და მისმა ახლობლებმა აიკვიატეს ციხიდან გათავისუფლება ნებისმიერ ფასად.

სააკაშვილის პოლიტიკური წონა დაეცა ჯერ განთავისუფლების აკვიატებით და მერე დიაგნოზებით. ამიტომ, სააკაშვილში იმედგაცრუებულთა დიდი ნაწილი, ალბათ, უარს იტყვის არჩევნებზე და „ოცნებში“ იმედგაცრუებულებთან ერთად შექმნის „ჩამოუყალიბებლების“ უპრეცედენტოდ დიდ რიცხვს, რამაც NDI-ს გამოკვლევაში მიიპყრო ყურადღება

გათავისუფლებისთვის დაიწყეს ძახილი, რომ სააკაშვილი ფიზიკურად დასუსტებულია, დემენცია (ჭკუასუსტობა) სჭირს და სხვა ფსიქიატრიული პრობლემები აქვს. სააკაშვილის თაყვანისმცემლებისთვის მათი კერპის ჭკუასუსტობა და გასაცოდავება, ალბათ, უარესი დარტყმა იყო, ვიდრე მისი ციხეში ყოფნა იქნებოდა.

მისი, როგორც გმირის აღქმა ახლა ძნელია.

ნელსონ მანდელა 27 წელი იჯდა ციხეში. ალბათ ავადაც იყო ხოლმე, მაგრამ ამის აფიშირება არ მოხდა და მისი პოლიტიკური ავტორიტეტი ციხის პერიოდში ისე გაიზარდა, რომ მანდელა პრეზიდენტობამდე მიიყვანა.

სააკაშვილის პოლიტიკური წონა დაეცა ჯერ განთავისუფლების აკვიატებით და მერე დიაგნოზებით. ამიტომ, სააკაშვილში იმედგაცრუებულთა დიდი ნაწილი, ალბათ, უარს იტყვის არჩევნებზე და „ოცნებაში“ იმედგაცრუებულებთან ერთად შექმნის „ჩამოუყალიბებლების“ უპრეცედენტოდ დიდ რიცხვს, რამაც NDI-ს გამოკვლევაში მიიპყრო ყურადღება.

- გვერდს ვერ აუვლით მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თემას. სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება-არგაშვების საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის თემად რჩება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა არ ღირს, რადგან ეს მჯერა-არმჯერას ამბავს უფრო ჰგავს.

ბევრი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა არ იცის რა უქნას სააკაშვილს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე მთავარ-სპარინგპარტნიორად „ნაცმოძრაობა“ და მისი არაფორმალური ლიდერი სააკაშვილი ურჩევნია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- სააკაშვილი იმ დიაგნოზით და იმ იერით, რაც მას ახლა აქვს, საუკეთესო შემთხვევაში, სიბრალულს იწვევს და არა - შიშს. ამიტომ, პოლიტიკური საფრთხობელა, რაც იგულისხმეთ სპარინგ პარტნიორში, მისგან აღარ გამოვა.

„ნაციონალებში“ პოლიტიკური საფრთხობელების ახალი თაობა მოდის და „ქართული ოცნება“ მათ გამოიყენებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით