ვახტანგ ძაბირაძე - „საფრთხობელა“ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ხილული გახდა ამომრჩევლისთვის - „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ის, რომ ამ სცენარის გათამაშებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი 30%-ით მაინც შეამცირა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარებით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო მაშინ, როცა ენმ-ს პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ჩატარდა, რაც მთავარია, პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდნენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომლებიც დღეს არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კულისები და ორივე უკვე ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებას.

მისი თქმით, თუ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ ხელი ურევია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითაც მან არამარტო მოიგო, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბა, როგორც აგრესიული პარტია, რომელიც ემზადება რევანშისთვის.

„პიარის თვალსაზრისით უკვე ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ „ქართული ოცნება“ თუ აქამდე, ზოგადად მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობდა, ფაქტობრივად, ახლა შეუძლია თქვას, რომ ორი მიმართულება, რაც ქვეყნისთვის საზიანოა ქართული პოლიტიკის სივრცეში ბრუნდება. ერთი არის რეპრესიები, რომელიც ვანო მერაბიშვილთან ასოცირდება და მეორე არის ელიტური კორუფცია, რომელიც კეზერაშვილთან ასოცირდება. ანუ „საფრთხობელა“ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ხილული გახდა ნებისმიერი ამომრჩევლისთვის. ამასთან. „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ის, რომ ამ სცენარის გათამაშებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი 30% -ით მაინც შეამცირა, რაც იმის ნიშნავს, რომ ენმ-ს ეს შემადგენლობა თუნდაც თეორიული თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ რაიმე ხიფათს ვერ შეუქმნის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, თუმცა, გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ამ შემადგენლობას პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით რაში სჭირდებოდა ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

„გვერდიდან რომ შეხედო ამ ყველაფერს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გაყარეს და შექმნეს ისეთის სიტუაცია, რომ მათთვის არასასურველმა პიროვნებებმა ამ პოლიტსაბჭოში მუშაობაზე ან თვითონ უნდა თქვან უარი ან ნელ-ნელა მოიშორეს და გაინაპირეს. რეალურად რომ ვთქვათ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ხვალ და ზეგ ეს ფრთა „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად გადაეღობება, იმიტომ, რომ მათი ადგილი იქ უკვე აღარ არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს და მისი მომხრეების პოლიტიკურ ინტელექტსა და რესურსს, ძაბირაძის მოსაზრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური ინტელექტის ნაწილი დაკარგა ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც პარტიიდან წევრები გავიდნენ, საუბარია „ევროპულ საქართველოზე“.

„შემდეგ თანდათან კარგავდა და ამ მხრივ, ახლა მე მგონი, საბოლოო ნაბიჯიც გადაიდგა. დღეს რომ ნიკა მელია და მისი გუნდი ხაბეიშვილსა და მის გუნდს შეადარო, თუნდაც ცისკარიშვილის და ბეჟაშვილის დონეზე და ამას დავუმატოთ დავით კირკიტაძე, ჩანს, რომ ეს პოლიტიკური გუნდი ძალიან სუსტია მელიას გუნდთან შედარებით. მელიას გუნდი ამ თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერი იყო და რჩება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და არ გამორიცხავს, რომ პროცესიდან გამომდინარე ნიკა მელიას გუნდმა პარტიაც დატოვოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა