გია ხუხაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩვენ მივიღებთ ან ორ სხვადასხვა სუბიექტს ან მისი მხარდამჭერების სხვა პარტიებში გადაბარგებას - ისინი, ვისაც არ სჯერა, რომ ლევან ხაბეიშვილი სასწაულს მოახდენს, შესაძლოა, „ლელოს“ მხარდამჭერებიც გახდნენ

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ პარტიის მმართველ რგოლსა და პოლიტსაბჭოში ცვლილებების შემდეგ, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველი დაკარგოს და ისინი, მათ შორის, „ლელოს“ პოტენციური მხარდამჭერები გახდნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებით, ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ სტრატეგიული მარცხი განიცადა.

„პარტიაში დაპირისპირება, კრიზისი ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. ეს არის პოლიტიკურ ემოციასა და პოლიტიკურ რაციონალიზმს შორის დაპირისპირება. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, პოპულიზმმა, წმინდა წყლის ემოციამ გაიმარჯვა რაციონალურობაზე. ემოციამ, რომელსაც არ აქვს საკმარისი კომპეტენცია და აბსურდამდე დაიყვანეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას აპროტესტებს და ეს გახადა ლამის თავისი პოლიტიკური სტრატეგიის მთავარ საკითხად, თვითონ ამ პარტიაში წესდება რაღაც გაუგებარი, კომიკური, ჩრდილოვანი მმართველობა, როდესაც ყველამ იცის, რომ პარტიის თავმჯდომარეს ჰყავს კონკრეტული ჩრდილოვანი მმართველები და გვარებით სახელდებიან. ამის შემდეგ ვიღაც ჯდება ბნელ ოთახში და პოლიტსაბჭოს შემადგენლობას წერს რაღაც გაუგებარი, რეგლამენტს მიღმა წესდებით. თითქოს, ასეთი დემოკრატიული პროცესი დაიწყეს არჩევნებთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელი იყო, მაგრამ დაამთავრეს ამით. ეს ნაწილობრივ არის არაკომპეტენტურობის ბრალი, ნაწილობრივ ამ მანკიერი ჩრდილოვანი სტრუქტურირების ბრალი. სამწუხაროდ, ის, რომ, თითქოს, ფორმალურად პარტიამ შეინარჩუნა ერთიანობა, არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ელექტორალურად ეს პარტია დიდი ხანია გაყოფილია. პროცესის მონაწილეები ვართ, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ან ორ სხვადასხვა სუბიექტს, ან თუ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა, ვნახავთ მისი მხარდამჭერების სხვა პარტიებში ძალიან სერიოზულ გადაბარგებას, სხვა პარტიების მხარდამჭერებად გაფორმებას,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, პოტენციურად შესაძლებელია, რომ ის მხარდამჭერები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილი სასწაულს მოახდენს, „ლელოს“ პოტენციური მხარდამჭერები გახდნენ.

„ასევე, შეიძლება ჩვენ მივიღოთ ახალი პარტია ნიკა მელიას ირგვლივ ან, სულაც, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყება იმედგაცრუება, პოპულისტური ტალღა გადაუვლის პარტიას, მოიხდიან სახდელივით და დაუბრუნდებიან ნორმალურ პარტიულ დღის წესრიგს. ის, რომ პარტიაში არის ძალიან მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვის გზები არ ჩანს, ფაქტია. რაც შეეხება ხელისუფლების სარგებელს, ხელისუფლებამ ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ სტრატეგიული მარცხი განიცადა. ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია იმიტომ, რომ მას შეუძლია იქილიკოს და დასავლეთსაც უთხრას, რომ „ეს გინდათ ჩემ მაგივრად, ხომ ხედავთ ვინ არიან?!“. ეს არის მისი ტაქტიკური გამარჯვება, მაგრამ სტრატეგიულად წააგო იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო პროპაგანდის მატრიცა აგებული იყო ე.წ. ორპოლუსიანობაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დღეში რომ ჩავარდა, მისგან ახლა პოლუსის, ბოროტების ღერძის ფორმირება უკვე შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ორპოლუსიანი ნარატივის გაგრძელება სამომავლო არჩევნების პრიზმაში რომ დავხატოთ, უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ერთგვარ მულტიპარტიულ პოლიტიკურ პროცესს, შეიძლება უფრო სუსტი პოლიტიკური ცენტრებით, მაგრამ ფრონტის ხაზი გაიშლება, თუმცა ამ გაშლილ ფრონტის ხაზზე ბრძოლა ხელისუფლებისთვის არაა კომფორტული. მათ არც უბრძოლიათ ასეთ ვითარებაში არასდროს და პროპაგანდისტულადაც ძნელი დასალაგებელია. ასე რომ, სტრატეგიულად მათთვის ეს დისკომფორტი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს და მივიღოთ ჩვენ რეალური მულტიპარტიული დემოკრატია, რისი კონტურები ისედაც ჩანდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა გუშინ გამართა, სადაც შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გამარჯვებული ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ამასთან, გუშინდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც აირჩიეს. დამტკიცებიდან მალევე, პოლიტსაბჭოს ახალარჩეულმა წევრებმა აკაკი მინაშვილმა და ეკა ხერხეულიძემ პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარი განაცხადეს. ყრილობას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები არ ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა