ანა ბუჩუკური - ვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის კი შემოვიღოთ განსხვავებული პირობები

ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბუჩუკურის განმარტებით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომიკური ინტერესი დაკმაყოფილდება, თუმცა, როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, „სხვა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ვიზა“.

„საქართველოში ძალიან ბევრი რუსი მიგრანტი არის შემოსული. ტურისტების წინააღმდეგ არავინ ვართ, მაგრამ ჩამოსული რუსი მიგრანტების რაოდენობა ძალიან ბევრია და ეს ადამიანები აფუძნებენ ბიზნესებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას. დიდი რაოდენობის რუსების შემოსვლის ფონზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ამან გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასის გაზრდა. ჩვენს, ქართველ სტუდენტებს რომ ქირა გაუძვირდათ და მის გადახდას ვეღარ ახერხებენ, რათა თბილისში გააგრძელონ სწავლა, ეს პირდაპირ კავშირშია რუსების დიდ ნაკადთან, რამაც გაზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, რამაც გაზარდა მისი ფასი. ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთხოვნილი გვაქვს დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით. კარგად გვესმის, რომ იქ ბევრი ქართველია და ამ ადამიანებზე განსხვავებული რეჟიმის დაწესება შესაძლებელია, რადგან ჩვენ ეს გაგვიკეთებია პანდემიის დროს, როდესაც საზღვრები ჩაიკეტა და ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებდა. რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღე იყვნენ უვიზოდ, როგორც ტურისტები - ამით ეკონომიკური ინტერესი, რაც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ, დაკმაყოფილდება, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ვიზა. ვიზის დაწესება ამ უკონტროლო მიგრაციას დაარეგულირებს. ასევე სახელმწიფო უწყებებისთვის უფრო მარტივი იქნება, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საკითხი გააკონტროლოს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ანგარიშზე ისაუბრა.

„ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველო არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას სჯობს, არამედ რეგიონში კიდევ ბევრ ქვეყანას, მაგრამ ახლა ჩვენგან პოლიტიკური მზაობის ჩვენებას ელოდებიან. ეს დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - ამისთვის საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა. ერთია, რომ ჩვენ უნდა გაგვიხარდეს პოზიტიური დასკვნა ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით, მაგრამ შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. აღნიშნული დასკვნით დადასტურდა, რომ თუკი ვინმე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი, ეს არის დასავლეთი - აშშ და ევროკავშირი. ამ დასკვნის პირველივე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის ივნისის მდგომარეობას ასახავს. რეალურად, ჩვენ რეკომენდაციები მივიღეთ ივნისში და ეს ცალკე შესასრულებელი სამუშაო დავალებაა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის