თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება

ევროკომისიის ანგარიშის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის სპეციალისტს და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორს, თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თეონა, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის ძირითადად პოზიტიური შეფასებები იმის შესახებ, რომ „თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“.

მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ობიექტურ კრიტერიუმებზე გადაწყვეტილებების მიღების პირობებში საქართველო წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.“

არადა ანგარიში ძირითადად ეხება ეკონომიკის სექტორს. კერძოდ DCFTA-ს, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორისრომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია

ვიდრე ანგარიშის სხვა დეტალებზე გადავალთ, გვინდა თქვენგან მოვისმინოთ რომელ „თითქმის ყველა სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი“ რაზეც ევროკომისიის ანგარიშშია საუბარი?

- ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ამ ანგარიშმა მცირე გაურკვევლობაც კი გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან ზოგი მას მიიჩნევს მხოლოდ ტექნიკურ ნაწილად, ზოგი - ეკონომიკურ, და ზოგიც - ჩვენი ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის საბოლოო შეფასებად,.

კი, ეს არის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აფასებს საქართველოს მზაობას, როგორ უახლოვდება იგი არა მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებლობას, არამედ მის ყველა პოლიტიკასთან.

ამიტომ, არ იქნება სწორი თუკი ვიტყვით, რომ მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი ფასდება - დოკუმენტში ევროკავშირის გაფართოების თითქმის ყველა თავის მიხედვით არის ასახული შეფასება. არც ის არის სწორი, რომ მხოლოდ შეფასება მივიჩნიოთ კომისიის ვერდიქტად კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე - იგი რომ არ აფასებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც არის მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებები.

შედეგები თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ მომზადების კარგი და განსაკუთრებით კარგი დონე ჯერ არც ერთ სფეროში არ გვაქვს. ცხადია, უნდა აღინიშნოს მიღწეული პროგრესი, მაგრამ ცრუ მოლოდინების შექმნას უნდა ვერიდოთ, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საკმაოდ ბიუროკრატიულ და გრძელ პროცესად

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიამ შეგვაფასა ევროკავშირის გაფართოების ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელია პროგრესის 5 დონიანი შკალით შეფასება: მომზადების ადრეული დონე, გარკვეული დონე, საშუალო დონე, კარგი დონე და განსაკუთრებით კარგი დრო (საბოლოო ეტაპი).

სიფრთხილე გვმართებს, რომ შედეგები თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ მომზადების კარგი და განსაკუთრებით კარგი დონე ჯერ არც ერთ სფეროში არ გვაქვს. ცხადია, უნდა აღინიშნოს მიღწეული პროგრესი, მაგრამ ცრუ მოლოდინების შექმნას უნდა ვერიდოთ, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საკმაოდ ბიუროკრატიულ და გრძელ პროცესად.

- გასაგებია, რომ საქართველო დაწინაურებულია ორ საკითხში: - ბიზნესის დაფუძნება ერთ დღეშია შესაძლებელი, ასვე განვითარებულია გადახდის სისტემები.

მაგრამ, იმავე ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 9 მიმართულებით საქართველო საშუალო დონეზეა, 17 მიმართულებით საქართველო გარკვეულ დონეზეა, 6 მიმართულებით საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა.

დაგვავალებთ თუ უკეთ გაგვარკვევთ რომელ მიმართულებებშია საქართველო „საშუალო დონეზე,“ რომელზეა „გარკვეულ დონეზე“ და რომელია ის 6 მიმართულება, რომელშიც „საქართველო მხოლოდ მომზადების ადრეულ ეტაპზეა“?

- მკითხველმა რომ აღიქვას სტრუქტურულად, თუ რა მიმართულებით შეგვაფასა ევროკომისიამ, უნდა ვახსენო, რომ სულ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით არის ე.წ. 6 კლასტერი.

პირველ კლასტერში შედის: სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები. მართლმსაჯულება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი.

ევროკომისიის მიხედვით, გვაქვს გარკვეული დონის მომზადება მართლმსაჯულების სფეროში, დადებითად აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს რამდენიმე განსაკუთრებით ტერორიზმის, მიგრაციის და უცხოელების თავშესაფრის რეგულაციის სფეროში. თუმცა, აღინიშნება ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაციის სისუსტე. გვაქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროშიც. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის უფრო მეტი გათანაბრება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

სტატისტიკის მხრივ, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე.

ევროკავშირი აღნიშნავს რომ მართალია, ქვეყანას აქვს სამართლებრივი ინსტრუმენტები სტატისტიკური მონაცემების მოსაპოვებლად. თუმცა, ნაკლოვანებებია გამოვლენილი ადმინისტრაციულ შესაძლებლებში. კერძოდ სკეპტიკური დამოკიდებულებაა რესურსების ადეკვატურობასთან დაკავშირებით - მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქსტატს აქვს შედარებით მცირე თანამშრომელთა რაოდენობა და რომ მათი ხელფასების დონე არ შეესაბამება სხვა საჯარო სამსახური სფეროებში თანამდებობის პირების.

რაც შეეხება ფინანსურ კონტროლს, აქაც გვაქვს მომზადების გარკვეული დონე. მართალია, ფინანსური კონტროლის მიჩნეულია ადეკვატური საფუძვლის მქონედ. თუმცა, მთავარ პრობლემად რჩება ფინანსური მენეჯმენტისა და კონტროლისა აგრეთვე შიდა აუდიტის არაეფექტური განხორციელება. აღნიშნულია, რომ ფინანსური ინსპექცია საჯარო სექტორში გადახედვას საჭიროებს.

მე-2 კლასტერში გვაქვს გარკვეული მომზადების დონე საქონლის თავისუფალი გადაადგილების კუთხით. გამოსასწორებელია საკანონმდებლო მიდგომა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებსა და ქიმიკატებთან დაკავშირებით.

ადრეული მომზადების დონე გვაქვს მუშაკთა გადაადგილების თავისუფლების მხრივ. ქვეყანას დასჭირდება კანონმდებლობის ყოვლისმომცველი თანხვედრა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ასევე რეკომენდებულია ქართველი საჯარო მოხელეების ტრენინგები ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების დაუფლების მიზნით.

საქართველო ზომიერად (საშუალოდ) არის მომზადებული დაფუძნების უფლებასა და მომსახურების გაწევის თავისუფლების მხრივ. დადებითად არის შეფასებული კერძო და იურიდიული პირების მიერ კომპანიების ჩამოყალიბების პრაქტიკა. ასევე ვართ ზომიერად მომზადებული კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების არეალში. ძალისხმევაა საჭიროა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის გადახდებისა და ფინანსური სერვისების დირექტივასთან.

კომპანიის სამართალს რაც შეეხება, გვაქვს მომზადების გარკვეული დონე და აღნიშნულია, რომ საჭიროა ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა ზედამხედველობა და გამოძიება წარიმართოს ეფექტურად.

ხოლო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებების შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ასევე, გასაუმჯობესებელია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება.

საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა. არსებითი ცვლილებებია საჭირო საქართველოს სახელმწიფო დახმარების კანონმდებლობაში. აგრეთვე უნდა გააგრძელოს კანონმდებლობის დაახლოება დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას და კარტელების რეგულაციის მხრივ.

ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. საჭიროა ევროკავშირის საბაზრო ინფრასტრუქტურის დირექტივებთან დაახლოება. აღნიშნულია, რომ კაპიტალის ბაზრები რჩება განუვითარებელი. გვაქვს აგრეთვე მომზადების გარკვეული დონე მომხმარებელთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

მე-3 კლასტერში, ციფრულ ტრანსფორმაციას და მედიის სფეროში მომზადების გარკვეული დონე გვაქვს. არის სტრატეგიები, თუმცა აღსრულების სფეროში გვჭირდება პროგრესი. მომზადების გარკვეული დონე გვაქვს გადასახადების სფეროშიც. სოციალური პოლიტიკა და დასაქმების სფეროშიც მომზადების გარკვეული დონე გვაქვს.

საქართველო ეკონომიკურ და მონეტარული პოლიტიკაში ზომიერად არის მომზადებული. რაც შეეხება ფულად პოლიტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკი მიჩნეულია ეფექტურ და დამოუკიდებელ ინსტიტუტად. თუმცა, ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საბიუჯეტო კომიტეტის ინსტიტუციური მოწყობა და მისი ანალიტიკური საქმიანობა საჭიროებს შემდგომ სრულყოფას.

საქართველო ზომიერად არის მომზადებული საწარმოთა და სამრეწველო პოლიტიკის სფეროში. განსაკუთრებული საჭიროა ყურადღება შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაცია.

აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალიან მოკლე დროში მიაღწია კარგ პროგრესს კვლევისა და ინოვაციების მხრივ. როგორც იცით, დაკავშირებული ვართ ჰორიზონტის პროგრამასთან - ამ შესაძლებლობის ათვისება სწორად მიდის საქართველოში. აღსანიშნავია შენიშვნა, რომ საქართველოს სწორად გათვლილი სტრატეგია, მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო და პროფესიული დიასპორის მოზიდვა საქართველოში.

განათლებისა და კულტურის სფეროში გვაქვს საშუალო მომზადების დონე. ფართო გაგებით, საქართველოს პოლიტიკა შეესაბამება ევროკავშირის მიზნებს. საქართველო ზომიერად არის მომზადებული საბაჟო კავშირის სფეროში. ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული და ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი IT სექტორში.

რაც შეეხება მე-4 კლასტერს, სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროში გვაქვს გარკვეული მომზადების დონე. საგზაო უსაფრთხოების კუთხით გვჭირდება მუშაობა. ენერგეტიკის სფეროში გვაქვს გარკვეული მომზადების დონე. საჭიროა ინსტიტუციური კოორდინაცია, შიდა ბაზრების განვითარება და მათი შემდგომი ინტეგრაცია რეგიონულ ბაზრებში. ტრანსევროპული ქსელების მიხედვით გვაქვს გარკვეული მომზადების დონე.

სამუშაოა საკანონმდებლო ბაზრის დახვეწის მიმართულებით, აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არასაკმარისად არის განვითარებული. ხოლო გარემოსა და კლიმატის ცვლილება გვაქვს ადრეული მომზადების დონე. ძალიან სუსტია საქართველოს მზაობა, რომ ამ კუთხით შეასრულოს ევროკავშირში წევრობის ვალდებულება. ვალდებულებების შეუსრულებლობის „უფსკრული“ უფრო მეტად გაღრმავდა ევროკავშირის „მწვანეთა შეთანხმების“ მიღების შემდეგ.

მე-5 კლასტერში კი სულ ვართ მომზადების ადრეულ ეტაპზე. ეს შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აგრეთვე სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ფიტო სანიტარულ პოლიტიკას, მეთევზეობის პოლიტიკას.

აგრეთვე რეგიონული პოლიტიკა რეგიონული განვითარება რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ევროკავშირის პროგრამების და ფონდების გამოყენება უნდა მოხდეს უფრო ეფექტურად, ასევე ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები - აქაც მომზადების ადრეულ ეტაპზე ვართ.

ხოლო მე-6 კლასტერი კი ეხება საგარეო ურთიერთობებსა და საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებასა და თავდაცვის პოლიტიკას, სადაც გვაქვს საშუალო დონის მზაობა.

- ფაქტია, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არ ეხება იმ ნაწილს, რომელიც ეხება და არ აფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას.

არ ეხება სასამართლო რეფორმის, დეპოლიტიზაციის, დეოლიგაქიზაციის, მედიის თავისუფლების, ელიტურ კორუფციის ფაქტების გამოძიებას. ასევე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების, სახალხო დამცველის არჩევის და სხვა პირობების შესრულება.

ფაქტია ისიც, რომ ევროკომისიის გამოქვეყნებული ანგარიშით არც დადებითად და არც უარყოფითად ამ დოკუმენტით არ შეფასებულა ჩამოთვლილი პრობლემების გადასაწყვეტად გადადგმული ნაბიჯები, იმას ნიშნავს, რომ ეს პირობები კვლავ შესასრულებელი გვაქვს.

თქვენი აზრით, ამ ანგარიშში რატომ არ მოხვდა 12 პუნქტიან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული შეფასებები?

რადგან 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ანგარიშში არაფერია ნათქვამი, მათი გარეშე რამდენად მართებულია დასკვნა, რომ „ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია“?

- ზოგადად, ანალიტიკური რეპორტის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების (იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები) მიხედვით, შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

თუმცა, გარკვევით უნდა აღინიშნოს, ამ შეფასების შინაარსი არ გულისხმობს ევროკომისიის წინარე შეფასებების შინაარსის ჩანაცვლებას ან გადაფასებას, არამედ ეს ანგარიში ფარავს იმ მიმართულებებს, რაც ევროკომისიის ადრეული დასკვნები არ მოიცავდა.

გარკვევით უნდა აღინიშნოს, ამ შეფასების შინაარსი არ გულისხმობს ევროკომისიის წინარე შეფასებების შინაარსის ჩანაცვლებას ან გადაფასებას, არამედ ეს ანგარიში ფარავს იმ მიმართულებებს, რაც ევროკომისიის ადრეული დასკვნები არ მოიცავდა

ვფიქრობ, მთავარი მიზეზი,, თუ რატომ არ მოხვდა ცნობილი 12 რეკომენდაციების ირგვლივ მსჯელობა ამ ანგარიშში არის შემდეგი :

ევროკომისიის წინა დასკვნა - მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე ასახავდა ამ რეკომენდაციების სულისკვეთებას, ხოლო ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომ საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზაზე მოხდებოდა გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ანუ იმავე დროს და იგივე მეთოდოლოგიით.

ეს მეთოდოლოგიის მიზანია შეაფასოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. პერიოდად გათვლილი არის მიმდინარე წლის ოქტომბერი. შესაბამისად, ამ ანგარიშში ტექნიკურად ვერ მოხვდებოდა საქართველოს პროგრესის სრულად შეფასება.

- როცა ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში, სახალხო დამცველი არჩევაც კი ვერ მოხერხდა ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად, სავარაუდოდ, რას ეფუძნება ხელისუფლების ოპტიმიზმი? და რამდენად მართებულია მტკიცება, რომ საქართველო 2023 წელს აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსს?

- ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დიდ წილად იქნება დამოკიდებული გაფართოების პაკეტის პირობებში მიღებულ შეფასებაზე, რასაც უნდა ველოდოთ ოქტომბერში.

ცხადია, ამ ანალიტიკურ ანგარიშში აღნიშული პროგრესი იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი. თუმცა, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება.

უნდა ველოდოთ, რომ მოცემული ანალიტიკური ანგარიშის და ოქტომბერში დაგეგმილი შეფასების შინაარსი განსაზღვრავენ, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წელს.

- ქართველ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესრულების პერსპექტივებს. ასევე ხელისუფლების პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთის მსგავსად საქართველო „სუვერენული დემოკრატიის“ პოლიტიკას ატარებს, რაც „საქართველოს შემთხვევაში საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული

მეორე ნაწილის მტკიცებით, „საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში აძლიერებს რუსეთის პოზიციებს“.

ბრიუსელიდან ასე არ ჩანს, როგორც ჩვენში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები მიიჩნევენ, თუ ბრიუსელი ყველაფერს ხედავს, მაგრამ გვაძლევს შანს არ ჩამოვრჩეთ უკრაინასა და მოლდოვას?

- ჩემი დაკვირვებით, ბრიუსელში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მდგრადობაზე გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები, როგორც ევროინსტიტუციების, ასევე ექსპერტულ წრეებშიც.

ანგარიშშიც ნახსენებია, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. თუმცა, საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა მაინც საშუალოზე მაღალ ციფრულზე რჩება, ამიტომ გვაქვს საშუალო დონის მომზადება.

მოლოდინია, რომ ეს დონე კიდევ უფრო აიწევს და ანგარიშ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქართველომ, შეძლოს შემზღუდველი ზომების გამოყენებაც, თუკი ამის მოთხოვნილება გაჩნდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა