საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული

ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე გეოპოლიტიკური პროცესის გამოყოფას, რომელიც დღეს საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ახდენს გავლენას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს ტენდენციები უფრო ხანგრძლივი ხასიათისაა და ხშირად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა ქართულ ანალიტიკურ თუ სამეცნიერო წრეებში. ამ პროცესების მნიშვნელობა კი ცალსახაა - შესაძლოა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაში პოსტ-საბჭოთა ერა დასრულდა და ახალი მრავალი გამოწვევის და ამავდროულად შესაძლებლობის პერიოდი დაიწყო.

დღეს საქართველოს გარშემო არსებული კრიზისები თუ საომარი მოქმედებები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რთულია ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ. თუმცა, როგორც ამ წერილში იქნება ნაჩვენები, ეს ქაოტური ვითარება რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაზრდას უწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებთან მეტად დაახლოების საწინდარი ხდება.

დავიწყოთ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკით შავი ზღვის რეგიონისადმი. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო და ევროკავშირი შავი ზღვის ფართო რეგიონში უფრო აქტიური როლისთვის ემზადებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატოსა და ევროკავშირში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთის სამხედრო-ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად მოიმატებს. ამ დროისთვის დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ევროკავშირის პერსპექტივის/კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო, სადაც შავის ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ.

დღეს, საქართველოს უფრო დიდი როლი უკავია შავი ზღვის რეგიონში, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო. მიზეზი მარტივია: კოლექტიურ დასავლეთს ესაჭიროება კასპიის რეგიონთან, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. ამისთვის კი საქართველო პრაქტიკულად ერთადერთ დერეფანს წარმოადგენს. საქართველო 2022 წლამდეც მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ცვალებადი სავაჭრო-ტრანზიტული გზების ფონზე მისი როლი საგრძნობლად იმატებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასეთ კომფორტულ ტრანზიტულ პოზიციაში თავის ისტორიაში არასდროს ყოფილა. არც 1990-იან წლებში, არც XIX საუკუნეში, როდესაც ბაქოდან საქართველოთი ნავთობის გატანა დაიწყო და არც საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში, როდესაც XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის დროს ქართული სამეფო რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა.

თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო. თანამედროვე ეპოქაში საქართველო მხოლოდ ტრანზიტულად მიმზიდველი ქვეყანა არ უნდა იყოს, არამედ უნდა შეეჩვიოს ტრანზიტის როლის მიღმა ფიქრსაც. გეოგრაფიული გამტარობა მნიშვნელოვანია და უნდა იყოს კიდევაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის პოზიციონირებისას. მაგრამ ის არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. დღევანდელ ცვალებად გეოპოლიტიკურ სურათში თბილისს ბევრად მეტი შესაძლებლობა ეძლევა თავისი როლის გაძლიერებისთვის, რაც გეოგრაფიულ ტრანზიტთან ერთად სხვა კომპონენტების გამოყენებასაც უნდა ითვალისწინებდეს.

მეორე მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს უშუალო სამეზობლოში მიმდინარეობს. მეორე მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მისი ელვისებური სამხედრო წარმატება და შემდგომში დასუსტებულ სომხეთზე ზეწოლა დიდ უკმაყოფილებას იწვევს ირანში. ბაქომ და თეირანმა გრძელვადიან და, რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდი მასშტაბების მეტოქეობაში შეაბიჯეს. თუ 1990-იანი წლებიდან აზერბაიჯანისთვის საფრთხე მხოლოდ სომხეთიდან მომდინარეობდა, ამიერიდან ბაქოს ორიენტირი როგორც დასავლეთ, ასევე სამხრეთ მიმართულებებზეა გადაჭიმული.

უდავოა, რომ აზერბაიჯანი და ირანი შეეცდებიან ორმხრივ ურთიერთობებში პრაგმატიზმის შენარჩუნებას, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ამის გაკეთება სულ უფრო მეტად გაძნელდება. ისლამური რესპუბლიკის გადმოსახედიდან, მის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ერთგვარი თურქულენოვანი რკალი იკვრება და მის სრულად ჩამოყალიბებისთვის ერთადერთ რგოლად სომხეთის სიუნიკის პროვინცია რჩება.

2022 წელს ირანის მიერ კაპანში (სიუნიკის მნიშვნელოვანი ქალაქი) საკონსულოს გახსნა პირდაპირი ნიშანი იყო იმისა, რომ თეირანი შეეწინააღმდეგება საზღვრების ცვლილებებს სამხრეთ კავკასიაში და სომხეთზე აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახიჩევანამდე ე. წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გატარებას. ამას უნდა დაემატოს აწ უკვე ყოველწლიური ხასიათის ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვართან, ხოლო სომხეთთან კი მეტად გაძლიერებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანის მიერ სამხრეთ კავკასიაში გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 2020 წლამდე თეირანი თუ არა პასიურ, ყოველ შემთხვევაში არც თუ ისე მოწინავე როლს ასრულებდა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ამის ახსნა შეიძლება იმითაც, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეგიონს, როგორც მაგალითად ერაყი-ლიბანი-სირიის მიმართულება, სპარსეთის ყურე ან თუნდაც იემენი. თუმცა მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შედეგები თეირანს აიძულებს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და მეტად აქტიური გახდეს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯან-სომხეთის მიმართულებაზე.

მეორე მიზეზი ირანის სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებისა არის რუსეთი, მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოსკოვის პოზიციების შედარებითი შესუსტება სამხრეთ კავკასიაში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ორმხრივი ურთიერთობების არც ერთ მონაკვეთში რუსეთს ირანი ასე არ სჭირდებოდა, როგორც ეს დღესაა. ამას კარგად ხვდებიან თეირანში, რომელიც სანქციების ქვეშ ცხოვრების ხრიკებს უზიარებს რუსეთს, მისგან ძვირადღირებულ სამხედრო ტექნოლოგიებს იღებს და ასაღებს იმას, რისი წარმოებასაც თვითონ ახერხებს, მაგალითად, დრონებს.

რუსეთს ესაჭიროება ირანი როგორც ქვეყანა, რომლითაც ის დაუკავშირდება მახლობელ აღმოსავლეთს, ინდოეთს და ინდოეთის ოკეანეს. რუსეთის სისუსტემ/დაკავებულობამ უკრაინაში ირანს საშუალება მისცა მეტად აქტიური გახდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე, სივრცეში, სადაც მოსკოვის პოზიციები 2022 წლამდე დიდწილად ხელუხებლად მიიჩნეოდა.

ამავდროულად, ირანის მიერ რუსეთის სისუსტეების გამოყენება არ ნიშნავს მოსკოვსა და თეირანს შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე ურთიერთობების სრულ გადახედვას. ორივე ძალა ლიბერალური წესწყობილების რადიკალური ცვლილებების მომხრეა. ორივე ხშირად მოიშველიებს რეგიონალიზმის პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიაში არარეგიონალური ძალები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ თეირანისთვის რუსეთი და მისი სამხედრო ბაზები ბევრად მისაღებია, ვიდრე დასავლეთის (ნატოს) ან თუნდაც თურქეთის სამხედრო გავლენა.

ჩვენს სამეზობლოში მეორე მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომლისთვის 2023 წელი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს, თურქეთია. დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მათი გამარჯვებული, თურქეთის შიდა განვითარების ტრაექტორიისთვის გადამწყვეტი იქნება. ასე იქნება ეს თუ არა ანკარის საგარეო პოლიტიკისთვის სრულიად განსხვავებულ საკითხს წარმოადგენს. ნიუანსური ცვლილებები ალბათ გარდაუვალი იქნება. შესაძლოა, ნატო-ში თურქეთის როლი გადაფასდეს - მთელ რიგ საკითხებში ალიანსთან მეტად დაახლოება მოხდეს. ასევე, მოსალოდნელია აშშ-სთან თუ საბერძნეთთან დაძაბულობის შემცირების მცდელობები. თუმცა რადიკალურ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა ხელისუფლებამ რეგიონში თურქეთის როლის გაზრდის გზას გადაუხვიოს. მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში თურქეთი გააგრძელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, დიდი მხარდაჭერა იქნება შუა დერეფნის იდეისთვის.

თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკა ასევე გარდაუვალია მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. თურქეთი ხუთ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონს ესაზღვრება: შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, სირია-ერაყი, ბალკანეთი და ხმელთაშუა ზღვა. ყველა ეს არეალი ცალკე დამოუკიდებელ გეოგრაფიულ სივრცეს წარმოადგენს და ამავდროულად ერთმანეთთან გარკვეულ ბმაში არიან. ყველა ამ რეგიონში სხვადასხვა სიმძაფრის გეოპოლიტიკური დაძაბულობა პრევალირებს. თურქეთს მოუწევს, ისევე როგორც ამას უკანასკნელი წლების განმავლობაში აკეთებდა, იქნება ეს სამხრეთ კავკასიაში თუ სირიაში, აქტიური პოლიტიკა აწარმოოს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.

მეტიც, რადგან ანკარა, ისევე როგორც თეირანი, კარგად გრძნობს რუსეთის სისუსტეებს, ის ცდილობს უკრაინაში მოსკოვის დაკავებულობა სათავისოდ გამოიყენოს. წინა წერილებში არაერთხელ შევეცადე გამემახვილებინა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის არასიმყარეზე. პრესტიჟის დაცემა, ეკონომიკური სისუსტეები, მოკავშირეებთან გაღრმავებული უნდობლობა და, რაც მთავარია, უკრაინაში განცდილი მწვავე სამხედრო მარცხები, ეს ტენდენციები არ გამოჩენილა ბოლო დროს, არამედ იყო მრავალწლიანი პროცესების დაგვირგვინება. რუსეთს დიდი სამხედრო და ეკონომიკური ძალისხმევა და რაც მთავარია სწორი (შეცვლილი) საგარეო პოლიტიკა დასჭირდება სამხრეთ კავკასიაში გავლენების შესანარჩუნებლად.

მეტიც, თურქეთისთვის სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების კუთხით. იქაც, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში, რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს თავისი პოზიციების შენარჩუნება. ცენტრალური აზიის ქვეყნებს არ სურთ ერთგვარი რუსულ-ჩინური კონდომინიუმის ქვეშ მოექცნენ. ამისთვის კი საჭიროა სხვა არარეგიონალური ძალების მოზიდვა და ამ კუთხით თურქეთი წონიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

ამრიგად, შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში მრავალპოლუსიანი პერიოდი იწყება. ერთდროულად რამდენიმე დიდი მოთამაშე (თურქეთი, ირანი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირიდაჩინეთი) ცდილობს რეგიონზე თავისი გავლენის გავრცელებას, რაც ხარისხობრივად განსხვავდება 1990-იანი წლებისგან. ამით სამხრეთ კავკასიაში დასრულდა პოსტ-საბჭოური პერიოდი: რუსეთი არა უმთავრესი, არამედ სულ უფრო მეტად მხოლოდ ერთ-ერთ მოთამაშედ ყალიბდება. ირანს, თურქეთს და ევროკავშირს უფრო მეტი ინსტრუმენტი გააჩნიათ რეგიონში გავლენისთვის. ეს კი, დღეს, სამხრეთ კავკასიის მცირე ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში მეტი მანევრირების და პოტენციურად პოზიციების მნიშვნელოვნად გამაგრების საშუალებას აძლევს.

ემილ ავდალიანი

ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის