ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, დაიბაროთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება - 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი გამოსავლის გზებით

მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ის გაძვირებული სურსათის პრობლემას შეეხო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც ასევე ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს.

ღარიბაშვილის შეფასებით, „ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება არ შეიძლება - ეს არის არასწორი საქციელი“.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე - მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს მიუღებელია - გვახსოვს, რომ ამხელა მოგებით მუშაობდნენ მედიკამენტების იმპორტიორები და ისიც გვახსოვს, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60-80%-ით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი. ჯამში, ჩვენს მოსახლეობას 200 მილიონი ლარის ეკონომია გამოუვიდა. აქაც ვხედავ, რომ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება - ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული პროცენტები და მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო