„თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტში ინიცირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული “თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტში ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

“თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თავად სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელწოდება იცვლება და მას "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“ დაერქმევა.

იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. პროექტით განისაზღვრება 12-თვიანი ვადის შემცირება და მის ნაცვლად შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: - სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ასევე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას ემსახურება.

ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობით) წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება აღარ მოხდება და ის მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება.

როგორც ამასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება განმარტავს, წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს ის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა).

რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა: I კლასის რიგითიდან - კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე - ორი წლის ნაცვლად, იქნება - ერთი წელი; სერჟანტიდან - უფროს სერჟანტამდე - სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან - კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან - მაიორამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; მაიორიდან - ვიცე-პოლკოვნიკამდე – ოთხი წლის ნაცვლად, იქნება ხუთი წელი.

ამავე პროექტის გათვალისწინებით სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა