ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ

ინტერვიუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილთან. სონღულაშვილი სამსახურის თითქმის 1-წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

- დაახლოებით ერთი წელი გავიდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან. კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რა სახის დანაშაულს იძიებთ საგამოძიებო სამსახურის გაფართოებული მანდატის ფარგლებში?

- საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.

სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიზარდა საგამოძიებო მანდატი. კერძოდ, მის ძირითად და უმნიშვნელოვანეს ფუნქციასთან ერთად, რაც არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას უკავშირდება, სამსახური დღეს ასევე იძიებს სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს, მოქალაქეთა მიერ სხვა პირების პირადი ცხოვრების ან/და საიდუმლოების დარღვევის ფაქტებს, ჟურნალისტური საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლასა და დევნას სხვადასხვა ნიშნით. ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებით დადგენილი დარღვევების ხელახალი გამოძიების ჩატარება. უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი ქმედებების გამოძიებისას, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ძალადობასთან ერთად მიუთითებდნენ უკანონო დაკავების, მტკიცებულებათა განადგურების ან/და გაყალბების შესახებ, რასაც საგამოძიებო სამსახური ერთიანი გამოძიების ფარგლებში ვერ იძიებდა და უწევდა ამ ფაქტების გაყოფა და სხვა უწყებაში გადაგზავნა, რაც აფერხებდა ობიექტური გამოძიების სრულყოფილად წარმოებას. დღეს ასეთი მომიჯნავე დანაშაულები უკვე საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას სამსახური ერთიანად გამოიძიებს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა თუ სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს.

- როგორია მსხვერპლის ჩართულობა უშუალოდ საგამოძიებო პროცესში?

- მსხვერპლის ჩართულობა გამოძიების პროცესში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ მსხვერპლი გამოძიების პროცესში არ არის სათანადოდ ინფორმირებული, აღნიშნული იწვევს მის განმეორებით ტრავმირებას, ხოლო პირიქით, თუ იგი იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას - უმარტივდება დანაშაულით მიყენებულ ტრავმებთან გამკლავება, აქვს შესაძლებლობა გამოთქვას აზრი ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით და უჩნდება ნდობა საგამოძიებო ორგანოს მიმართ. უფრო კონკრეტულად, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სამსახურის გამომძიებელი აწვდის ინფორმაციას გამოძიების დაწყების, საქმის მასალებთან მისი წვდომის/საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის უფლებისა და შემდგომ უკვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

- როგორ ხდება მოწმეთა დაცვა, ამასთან, რამდენად აქვს მსხვერპლს უფლება, გამოძიების პროცესში ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომა, ასევე გაეცნოს საქმის მასალებს?

- 2022 წელს სამსახურმა მიიღო ქართული საგამოძიებო სივრცისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობით საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის კუთხით. უფრო კონკრეტულად კი შეიქმნა და ამოქმედდა სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება გამოძიების გამჭირვალობისა და მსხვერპლის ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, მას სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რაც პრაქტიკაში წარმატებით ხორციელდება. კერძოდ, სამსახურის გამომძიებელი საკუთარი ინიციატივით უკავშირდება მსხვერპლს, რომლის განცხადების საფუძველზეც სამსახურში უკვე მიმდინარეობს გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და აძლევს მას საქმის გაცნობის შესაძლებლობას. ასევე გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ისევ საგამოძიებო ორგანოს ინიციატივით გამომძიებელი უკავშირდება მსხვერპლს და აძლევს აღნიშნულ პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებებს გაცნობის შესაძლებლობას.

- დაახლოებით რამდენ საქმეზე მოხდა აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტის პრაქტიკაში გამოყენება?

- იმისათვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს აღნიშნული უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობით, საჭიროა მხოლოდ არსებობდეს მოცემულობა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა იძიებდეს საქმეს სამართალდამცავის მხრიდან ამ კონკრეტული მსხვერპლის მიმართ არასათანადო მოპყრობის, წამების ან/და ძალადობრივი სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მოგეხსენებათ, საქმის მასალებთან წვდომის სახელმძღვანელო პრინციპები სამსახურმა 2022 წლის ივლისიდან აამოქმედა, ამ ოთხი თვის განმავლობაში ამ უფლებით 59 საქმეზე ისარგებლეს მსხვერპლებმა.

- როგორც ცნობილი გახდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო შეიქმნება. რა მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს აღნიშნული პლატფორმა, რომელიც სამოხელეო დანაშაულების, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისთვის ეფექტური იქნება.

- როგორც თქვენც აღნიშნეთ, სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო შეიქმნა. საბჭოს წევრები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსთან ერთად, არიან გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საბჭოს მანდატის ფარგლებში მოხდება სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების საბჭოსათვის წარდგენა, აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად პრევენციის მექანიზმების ერთობლივად შემუშავება, საერთო ღონისძიებების დაგეგმვა და მომზადებული რეკომენდაციების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა მოექცეს ერთიან პოლიტიკაში და ასეთი დანაშაულების მინიმუმამდე დაყვანას, საფუძვლად სამართალდამცავ უწყებათა ერთიანი და კოორდინირებული თანამშრომლობაც დაედოს.

დანაშაულის პრევენციის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია საბჭო იყოს ეფექტიანი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობის კუთხითაც. სწორედ ამ მიზნით, საბჭო შეძლებს უწყებების ერთობლივი მუშაობის პირობებში გადაწყვიტოს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა სხვა უწყებებიდან საგამოძიებო სამსახურისათვის მტკიცებულებების გადმოცემის ვადების შემცირება, დანაშაულის შესახებ შეტყობინებების ერთიანი მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამსახურის თანამშრომელთა დაუბრკოლებლად შესვლის სამართლებრივ გარანტიების შექმნა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები.

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ადამიანის უფლებათა დამატებითი გარანტიების შექმნის კუთხით?

- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად სამსახურმა სულ ახლახანს აამოქმედა მსხვერპლთა დაცვის სპეციალური პროგრამის გამოყენების მექანიზმი. სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის საფუძველზე, გამომძიებელი არასათანადო მოპყრობის ყველა მსხვერპლს, რომლის განცხადების საფუძველზე დაიწყება გამოძიება, შესთავაზებს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას, თუკი მიიჩნევს რომ არსებობს მსხვერპლის ან/და მისი ოჯახის წვერების პირადი უსაფრთხოების ხელყოფის ან მის გადაწყვეტილებებზე უკანონო ზეგავლენის მოხდენის რისკები, მაგალითად არ მისცეს გამომძიებელს სამართალდამცავის მამხილებელი ჩვენება.

დაცვის სპეციალური პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაენიშნოს პირადი დაცვა, დროებით შეეცვალოს საცხოვრებელი ადგილი ან გამოყენებული იქნეს უსაფრთხოების სხვა ზომები.

სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების წინა პირობა გახდა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რამაც სამსახურს მიანიჭა უფლებამოსილება, შეაფასოს პროცესის მონაწილეთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საჭიროება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დასაბუთებული წინადადებით საქართველოს პროკურატურას მიმართოს.

მსხვერპლისა და გამომძიებლის კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და მსხვერპლის საგამოძიებო პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამსახური უახლოეს მომავალში გეგმავს მსხვერპლთა უფლებების დაცვის სპეციალური დანაყოფის შექმნას, ღია კონკურსის წესით შეირჩევიან შესაბამისი უნარებით აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან ერთგვარი მხარდამჭერი გიდები მსხვერპლებისათვის, ერთი მხრივ, დროულად მოახდინონ ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ყველანაირად დაეხმარონ ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობაში.

მიმაჩნია, რომ ყველა ის გარანტია, რომელსაც საგამოძიებო სამსახური სთავაზობს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს, კერძოდ იყოს ინფორმირებული და აქტიური მონაწილე სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავს გრძნობდეს დაცულად და ხელი მიუწვდებოდეს გამოძიების მასალებზე, გაზრდის მსხვერპლის ნდობასა და ჩართულობის ხარისხს სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით