როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, შეზღუდული მქონდა პოზიტიური როლის შესრულება - კანონს, რომელზეც ყველა თანხმდებოდა, რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მხარდაჭერა არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციონერი ვიყავი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო მანდატს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს.
როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ის ტოვებს პოლიტიკას და უბრუნდება კერძო სექტორს.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო პარტიის თავმჯდომარე და მასთან ამ საკითხზე ისაუბრა კიდეც.
„ჩემთვის მთავარი არის, შემძლებოდა, რომ მემსახურა იმ ამომრჩევლისთვის, ვინც მხარი დამიჭირა. იმ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ ვართ და მე ვარ პირადად, როცა არ მეძლევა საშუალება ვიყო ეფექტური მაჟორიტარი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს იყო პოლიტიკური თანამდებობა, მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. ერთ- ერთი კარგი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი გახლდით, ყველა თანხმდებოდა, რომ ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი ოპოზიციონერი, ამ კანონს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა მომსახურებოდა, არ ჰქონდა მხარდაჭერა, იყო ასეთი სხვა შემთხვევებიც. შესაბამისად, მე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს შეზღუდული მქონდა პოზიტიური როლის შესრულება. ეს მეხება მე და არ შემიძლია სხვის ნაცვლად ვისაუბრო, ვინ რას როგორ ასრულებს, მე როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩავთვალე, რომ იმ ნდობის მანდატს ვერ ვამართლებდი”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, პარტიის და საპარლამენტო მანდატის დატოვების თაობაზე განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა გუშინ გააკეთა.