ლევან ბეჟაშვილი - დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის - ყველას მოვუწოდებ, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბოთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია - საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ მოვუწოდებთ. დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაა მიმართული.

„გუშინ, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის და განზრახ მკვლელობის ფაქტი გაფორმდა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია. საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე, მიხეილ სააკაშვილზე. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირებდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, გადაწყვეტილი გვაქვს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი საზოგადოებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ქართული საზოგადოება კოლექტიური მკვლელების საზოგადოებად აქციოს და აიძულებს ხალხს, ვიყოთ ჩუმი თანამონაწილეები მესამე პრეზიდენტის მოკვდინების. 21-ე საუკუნეში საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას, ეს არის ჩვენი ღირსების ვალდებულება და საზოგადოების ღირსების ტვირთი. საქართველოს საზოგადოებას, აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ მოვუწოდებთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ რუსული რევანშისტული რეჟიმის მიმართ. ახლა დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის. ყველას მოვუწოდებ, დღეს, მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ