შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე - მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ფასებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერის ინიციატივებს გამოეხმაურა ნავთობისა და სურსათის ფასთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძე განმარტავს, დასაბალანსებელი გადაწყვეტილებაა მისაღები.
"როდესაც საუბარია, რომ მოსახლეობას პროდუქტზე უნდა შეუმცირდეს ფასები და ასევე, მოგების მარჟაც შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს კომპანიებს მოგებას უმცირებს. აქ დასაბალანსებელი გადაწყვეტილებაა მისაღები, რადგან კომპანიის და მოსახლეობის ინტერესებია. მაგალითად, შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე.
მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ფასებია, სერიოზული ინფლაცია იყო გასულ წელს, თითქმის 10%. ეს მაჩვენებელი ზაფხულში ბოლომდე იქნება დასტაბილურებული. დამატებითი ინიციატივები აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, როგორც საწვავზე, ისე პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების შემცირებით დასრულდება. ამის რესურსი არსებობს. პრემიერის ინიციატივის განხორციელებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“,- აღნიშნავს კობახიძე.