ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ჭამენ - როცა ერთად იყვნენ, მაშინ არ ჰქონდათ არაფრის რესურსი და როცა გახლეჩილები არიან, მითუმეტეს არ აქვთ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ჭამენ და ერთმანეთის კრიტიკაზე არიან გადასულები. როდესაც ერთად იყვნენ, მაშინ არ ჰქონდათ არაფრის რესურსი და როცა გახლეჩილები არიან, მითუმეტეს არაფრის რესურსი არ აქვთ, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ რადიკალური ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არ არის საინტერესო.

„ჩვენთვის რადიკალური ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არ არის საინტერესო. არაფრის რესურსი არ აქვთ, ასეთი ინიციატივები ადრეც ჰქონდათ, თუმცა სრული კრახით დასრულდა, ახლაც კრახით დამთავრდება.

ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში", ერთმანეთს ჭამენ და ერთმანეთის კრიტიკაზე არიან გადასულები. როდესაც ერთად იყვნენ, მაშინ არ ჰქონდათ არაფრის რესურსი და როცა გახლეჩილები არიან, მითუმეტეს არაფრის რესურსი არ აქვთ",- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო