ეს ემოციურ ფონზე და ხელის დაქნევით ჩატარებული აქციები არ არის, ყველა გადაწყვეტილება პრაგმატულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საპროტესტო მოძრაობას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი შემოუერთდება.
„მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არ არის ოპოზიციის ან ერთი პარტიის სურვილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმე, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის სიმბოლო და ის უსამართლობა, რაც ჩვენს თავს დღეს ხდება, ამაზე ყველას საღი აზრის მქონე ადამიანის და საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს. დღევანდელი შეკრება კანცელარიასთან 17:00 საათზე არის ერთ-ერთი იმ ქმედებათაგან, რომელსაც მხოლოდ საზოგადოების ნაწილი განახორციელებს იმიტომ, რომ მთავარი მოქმედებები წინ არის. ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, მიდის აქტიური კომუნიკაციები აშშ-ს დედაქალაქში, ასევე ევროპის პოლიტიკურ ცენტრებში. ამას მწარე რეაგირება მოჰყვება, ეს მწარე რეაგირება ცუდი რუსეთისათვის და ჩვენი მომავლისთვის იქნება, თუ ხელისუფლება აზრს არ შეიცვლის.
ქართული ხელისუფლება აუცილებლად გონს მოვა, ოღონდ ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა, რასაც ჩვენ ამაში გადავიხდით. როგორ ვაპირებთ ამ ყველაფერს: პირველი, ვგეგმავთ საერთაშორისო, დიპლომატიური გზით და პოლიტიკური ზეწოლით. ჩვენი ინტერესების დაცვას ქუჩაში ვაპირებთ. ეს ნიშნავს, ჩვენი ოჯახის წევრების და შვილების მომავლისათვის ბრძოლას, ეს არის სამართლიანი ბრძოლა და ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მოვიგოთ”, - განაცხადა ჩალაძემ.
ამასთან, გიორგი ჩალაძე ფიქრობს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში მანდატები არ უნდა დატოვონ.
„ვფიქრობ, რომ ახლა მანდატების დატოვების გადაწყვეტილება არ არის სწორი. თუმცა ეს გადაწყვეტილება პარტიაში უნდა მიიღონ და ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, ახლა რაიმეს გაჟღერება. გადაწყვეტილება ერთობლივად მიღებული უნდა იყოს და არა ერთი ადამიანის პოზიციის დაფიქსირება“,- განაცხადა ჩალაძემ.