„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “ბუილდერ 21-მა“ ადგილობრივი შესყიდვებიდან 1,212,404 ლარი მიიღო, მათ შორის 578,898 ლარი - ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
ორგანიზაციის ცნობით, შპს “ბუილდერ 21” 2019 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. იგი უმთავრესად სამშენებლო საქმიანობას ეწევა.
„თავდაპირველად კომპანიის 85% წილის მფლობელი ბაჩუკი ნაკანი იყო, 15% წილის მფლობელი და დირექტორი კი ზაზა ნიგურიანია. საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, ბაჩუკი ნაკანმა საკუთარი წილი 2022 წლის იანვარში უსასყიდლოდ გადასცა ძმას, ლაშა ნაკანს.
შპს “ბუილდერ 21” მხოლოდ მესტიის მერიის შესყიდვებში მონაწილეობს. 8 ტენდერიდან გაიმარჯვა 6 შემთხვევაში, ექვსივე კონკურენციის გარეშე მოიგო. მიღებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 490,591 ლარი შეადგინა. მათ შორის 3 ტენდერი “ბუილდერ 21-მა“ ბაჩუკი ნაკანის საკრებულოს წევრად არჩევის შემდგომ მოიგო, საერთო ღირებულებით 305,925 ლარი.
შპს “ბუილდერ 21-ს“ მიღებული აქვს 10 გამარტივებული შესყიდვაც, რომელთაგან 9 მესტიის მერიაზე, ერთი კი მესტიის N1 საჯარო სკოლაზე მოდის. ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებაა 721,813 ლარი, მათ შორისაა 272,973 ლარის 4 გამარტივებული შესყიდვა, რომელიც კომპანიამ ბაჩუკი ნაკანის საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “ბუილდერ 21-ის“ მონაწილეობა მესტიის მერიის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.