არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს უარი უთხრა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასა და სასჯელის გადავადებაზე, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური რეალობა ყალიბდება.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოყურება ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობის კონტურები?

- საქმე ისაა, რომ ერთი მხრივ, არავისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს ერთადერთი უმთავრესი გამოწვევა, ეს არის ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლოს.

ყველა საკითხი, იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის უნმიშვნელოვანესი თემა, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური, სამართლებრივი, საზოგადოებრივი პროცესი ჩვენს ქვეყანაში, დღეს უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ პრიზმაში. ის, რაც გვაახლოებს სტატუსის მიღებასთან, უნდა იყოს მისასალმებელი და მხარდაჭერილი, რაც გვაშორებს პირდაპირ თუ ირიბად, უნდა იყოს კატეგორიულად მიუღებელი.

დღეს უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ პრიზმაში. ის, რაც გვაახლოებს სტატუსის მიღებასთან, უნდა იყოს მისასალმებელი და მხარდაჭერილი, რაც გვაშორებს პირდაპირ თუ ირიბად, უნდა იყოს კატეგორიულად მიუღებელი

დღევანდელი პოლიტიკური რეალობა საუბედუროდ გვეუბნება რომ, ჩვენ მიზანმიმართულად ვშორდებით ევროპის კავშირის ამ სანუკვარ პერსპექტივას. რაც, ჩემი აზრით, არის ერთი მხრივ დანაშაული, მაგრამ მეორე მხრივ მთელი პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობა სხვადასხვა დოზით.

ცხადია, რომ უმთავრესი პასუხისმგებელი, ლომის წილი,მმართველ ძალაზეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრაქტიკულად ევროპული პერსპექტივა დღეის მდგომარეობით იყოს მკვდარი, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოპოზიციას ასევე აკისრია პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით.

- ფრაქცია „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. ასევე ბოიკოტის რეჟიმზეა გადასული „სტრატეგია აღმაშენებელი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბოიკოტი გაართულებს ევროპული რეკომენდაციების შესრულებას, რამაც წლის ბოლოსთვის უნდა დაადასტუროს ევროკომისიის დასკვნამ.

სავარაუდოდ, რატომ აირჩია ფრაქცია „ნაცმოძრაობამ“ ბრძოლის ის გზა, რაც არ არის თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან?

- მე კარგად მესმის ის წარმოუდგენელი სირთულეები, რასაც აწყდება დღეს მთავარი ოპოზიციური ძალა ამ პოლიტიკურ რეალობაში, „ქართული ოცნების“ მზაკვრული მანქანების პირობებში.

მაგრამ, იმავდროულად მესმის ისიც, რომ როგორც „ქართული ოცნება“ დღეს ვერანაირად ვერ ასოცირდება წარმატებასთან, გამარჯვებასთან საქართველოსთვის, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, ვერაფრით ვეღარ ასხივებს გამარჯვებისა და წარმატების სხივს.

ამიტომ, როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ საზოგადოებამ და მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა იფიქროს იმაზე, რა არის უმჯობესი ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ჩვენ უნდა ვხდებოდეთ რომ დღეს ბოიკოტი ვერ ეხიდება საქართველოს ევროპულ გზაზე სიარულს.

ეს არის ჩემთვის ცხადი. უფრო მეტიც, მიმაჩნია რომ ეს პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად დამაზიანებელი ამ გზაზე. ეს ერთია, მაგრამ სხვა არის ის, რომ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის დაპირისპირება გადაიზარდა რაღაც თვალსაზრისით აბსურდში, და ამ აბსურდში საქართველო ვეღარ აღწევს წარმატებას, იმკვიდრებს წარუმატებელი ქვეყნის იმიჯს.

ქართულ ოცნებასა და ნაცმოძრაობას შორის დაპირისპირება გადაიზარდა რაღაც თვალსაზრისით აბსურდში, და ამ აბსურდში საქართველო ვეღარ აღწევს წარმატებას, იმკვიდრებს წარუმატებელი ქვეყნის იმიჯს

მე სულაც არ მინდა გავათანაბრო ამ ორი ძალის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა არა. უმთავრესი დანაშაული არის „ქართული ოცნების“ და ის ამას ვერსად გაექცევა, მაგრამ, მთავარ ოპოზიციურ პარტიას მართებს გაცილებით მეტი დაკვირვებულობით იმოქმედოს და არ გამოვიდეს ისე, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ის ივანიშვილის თამაშს თამაშობდეს.

მთავარ ოპოზიციურ პარტიას მართებს გაცილებით მეტი დაკვირვებულობით იმოქმედოს და არ გამოვიდეს ისე, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ის ივანიშვილის თამაშს თამაშობდეს

- თუ ისევ ბოიკოტის თემას დავუბრუნდებით, ძნელი სავარაუდოა რამდენ ხანს გასტანს ოპოზიციის ბოიკოტი. ბოიკოტში მყოფ „ნაცმოძრაობას“ აქვს იმედი რომ სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის საქმეში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.

ბევრი თვლის, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილმა „გარედან ზეწოლას გაუძლო“ და ბოიკოტს პერსპექტივა არ აქვს.

იმავდროულად, უნდა ითქვას, რომ ძნელი სავარაუდო არ იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ კონსოლიდირებული უნდა შეხვედროდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მოხდა პირიქით, სასამართლოს დასრულებამდე „ნაცმოძრაობაში“ მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევა. ფაქტია, რომ ამ არჩევნებით, „ნაცმოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ უფრო წააგო, ვიდრე მოიგო.

ძნელი დასაჯერებელია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არ სცოდნოდათ, რომ პარტიაში რყევები პარტიას დაასუსტებდა. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - რადგან სააკაშვილთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო ის განაჩენი, რაც დაიდო, რატომ შეხვდა პარტია მომხდარს უფრო დასუსტებული?

- ამ ამბავს უფრო ღრმა ფესვები აქვს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, რაღა თქმა უნდა, იყო ფიქრი იმის თაობაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ უკიდურესად დასუსტებულიყო, დაშლილიყო, იქ შექმნილიყო დაპირისპირებული ჯგუფები.

ალბათ, არავისთვის არ არის ახალი, რომ ამ გეგმის განხორციელებას ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფი დღემდე მიზანმიმართულად ცდილობს. შედეგი სახეზეა, მაგრამ მოდით ვიყოთ გულახდილი, ნუ დავაბრალებთ მთლიანად ამას „ქართულ ოცნებას“.როცა შენს მიმართ არის მზაკვრული ჩანაფიქრი, ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვები ამ პროცესში და რამდენად გახდები შენ მასალა სხვისთვის საკუთარი მიზნის განსახორციელებლად.

როცა შენს მიმართ არის მზაკვრული ჩანაფიქრი, ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვები ამ პროცესში და რამდენად გახდები შენ მასალა სხვისთვის საკუთარი მიზნის განსახორციელებლად

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობამ, ვერ შეძლო გაეტარებინა თავისი მნიშვნელოვანი პარტიული პოლიტიკა და ის დღეს, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე უფრო სუსტად გამოიყურება ბოლო 7-6 წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მაგრამ, ვინ ამბობს „ნაცმოძრაობის“ დასუსტებას, როცა გაცილებით უფრო უარესი რამ ხდება. დღეს მის მიერ გატარებული გეგმა, მხედველობაში მაქვს ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში,“ არანაკლებ აზიანებს საერთო პოლიტიკურ პროცესს, შეაქვს დაბნეულობა საზოგადოებაში, მათ შორის თავის მომხრეებშიც.

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ უმთავრესი ოპოზიციური პარტიის ელექტორატი ფაქტობრივად მცირდება კატასტროფული მასშტაბით.

რატომ? იმიტომ რომ არის უნდობლობა, პარტიაში მიმდინარე გაუგებარი პროცესების მიმართ, დაპირისპირების მიმართ, რასაც ადგილი აქვს „ნაცმოძრაობაში“, ჩემი დაკვირვებით მხოლოდ ოპონენტის, ანუ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამის ფონზე მე ვსვამ კითხვას - ამას ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ მათ პოლიტიკაში?

„ნაცმოძრაობა“ ამ სახით განწირულია იმისთვის, რომ ის თანდათან უფრო და უფრო დასუსტდეს და საბოლოო ჯამში საერთოდ ვეღარ წარმოადგენდეს ვერანაირი გავლენის პოლიტიკურ სუბიექტს ქართულ პოლიტიკაში.

მესმის, რომ ეს უხარია „ქართულ ოცნებას,“. გულწრფელად გეტყვით, შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში ეს არც თუ ისე ცუდი იყოს მთლიანობაში ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდან, ეს რა თქმა უნდა, აზიანებს პროცესს.

და რაც მთავარია, დავუბრუნდები მთავარ საკითხს, ეს უკიდურესად აზიანებს საქართველოსთვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების უმნიშვნელოვანეს პროცესს.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები გულშემატკივრობდნენ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას და სასჯელის გადავადებას. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლაც აკვირდებიან ჩვენში მიმდინარე პროცესებს.

თუ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში პროცესები ისე განვითარდა, რა ტრაექტორიაც პროცესს აქვს აღებული სააკაშვილის სასამართლოს დასრულების შემდეგ, თუ „ნაცმოძრაობამ“ ბოლომდე შეინარჩუნა ბოიკოტი, ევროკომისიას არ ექნება არანაირი საფუძველი საქართველოს ხელი შეუწყონ ევროპასთან დაახლოებაში.

გაქვთ განცდა, რომ სააკაშვილის საკითხში დასავლეთი და ვაშინგტონი იაქტიურებენ, რაც „ნაცმოძრაობას“ ბოიკოტზე უარს ათქმევინებს? თუ პროცესები ისე განვითარდება, როგორ ახლა ვითარდება?

- მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი თემა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგშიც და ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის.

ჩვენ უნდა ვხდებოდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი, მით უფრო მესამე პრეზიდენტისა, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში უმთავრეს საკითხთან - საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვერ აირჩია პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო გზა.

ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი, მით უფრო მესამე პრეზიდენტისა, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში უმთავრეს საკითხთან - საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნაცმოძრაობამ ვერ აირჩია პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო გზა

ვფიქრობ, რომ თავისთავად მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბების შექმნის ჰუმანური იდეა, შესაძლოა, არასწორია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს უნდა შევქმნათ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის შტაბები.

აი ასეთ შემთხვევაში, ამგვარი ძალისხმევის შემთხვევაში, ჩვენ შევქმნით იმის მყარ გარანტიას, რომ სააკაშვილის სიცოცხლეც გადარჩეს და რაც მთავარია, გადარჩეს საქართველოში დემოკრატიის ნარჩენები….

ამიტომაც, ჩემთვის არის ერთადერთი თემა - დღეს ოპოზიციის ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ იმაზე, რა წაადგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. რაც აზიანებს მას, აზიანებს არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ მთელ სახელმწიფოებრივ პროცესს.

იქნებ დადგეს დრო და გავიაზროთ ჩვენ, პოლიტიკოსებმა, რომ თუკი პოლიტიკური დღის წესრიგი ჩვენი პარტიის, ჩვენი პიროვნული არ მოდის თანხვედრაში საქართველოს სახელმწიფოებრივ, ევროპულ, დემოკრატიულ პერსპექტივასთან, მაშინ ის განწირულია დასაღუპად.

ამიტომაც, როგორც ჩანს, დგება დრო, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს არა უბრალოდ ახალი კონფიგურაცია, არამედ თვისობრივად მნიშვნელოვანი და სწორი სივრცე, რომელიც ერთი მხრივ სრულად გაიაზრებს 9+10 წლის „ნაციონალური მოძრაობისა“ და„ქართული ოცნების“ წარსულს, წარმატებებს, მაგრამ ამავდროულად დრამატულ შეცდომებს და ამის გათვალისწინებით შეძლებს სრულიად ახალი ევროპული პერსპექტივის შეთავაზებას ჩვენი საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, სწორედ ეს ამოცანა უნდა ვაქციოთ ჩვენს უმთავრეს საქმედ, ამ მოჯადოებული

წრიდან გამოსვლისა და საქართველოს წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთადერთ, სწორ, ფორმულად.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო