შოთა უტიაშვილი - „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთთან შეუძლებელია ისევე, როგორც ფრონტის გახსნა ირანთან ან ახალ ზელანდიასთან - საქართველოს ომის საწარმოებლად არანაირი საშუალება არ გააჩნია

„ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ყველაზე ეფექტური პროპაგანდა არის „ჩვენ რომ არ ვიყოთ, ომი იქნება და ამიტომ არ უნდა მოგვთხოვოთ არაფერზე პასუხი - მთავარია, რომ სანამ ჩვენ ვართ, იქამდე ომი არ მოხდება“, - ამის შესახებ

„რონდელის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, შოთა უტიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უტიაშვილის თქმით, მსგავსი პროპაგანდა და მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარიც კი შეუძლებელია, რადგან, მისივე შეფასებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ „მეორე ფრონტი“ გახსნან.

„მეორე ფრონტის“ გახსნა ისეთივე შეუძლებელია, როგორც ფრონტის გახსნა ირანთან ან ახალ ზელანდიასთან. საქართველოს არანაირი საშუალება ომის საწარმოებლად არ გააჩნია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ახლა არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ „მეორე ფრონტი“ გახსნან - ეს გამორიცხული და შეუძლებელია. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, შეუძლებელია რუსეთთან „მეორე ფრონტის“ გახსნა.

ჩვენი შეიარაღებული ძალები მთლიანად აღჭურვილია საბჭოთა შეიარაღებით. არტილერია, ტანკები, ვერტმფრენები, ავიაცია - სულ ყველაფერი არის რუსული წარმოების. რამე რომ იყოს და სადღაც ომი დაიწყოს, ჩვენ რაც გვაქვს, გავისვრით და მერე ამ იარაღს ვეღარსად ვიშოვით, რადგან უკრაინამ შეიწოვა მთელი ეს საბჭოთა იარაღი, რაც აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ იყო. ერთადერთი წყარო, საიდანაც იარაღი ვიშოვოთ, არის რუსეთი, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ბომბები, მარაგ-ნაწილები, სარემონტო ნაწილები და სხვ. სხვაგან ვერაფერს ვიშოვით. ის იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ პოტენციურ მოკავშირეებს დასავლეთში აღარ აქვთ“, - განაცხადა უტიაშვილმა.

მისივე შეფასებით, „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკის თანახმად, რუსები კარგები არიან და საფრთხე არის „ცუდ დასავლეთში“.

„ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ყველაზე ეფექტური პროპაგანდა არის „ჩვენ რომ არ ვიყოთ, ომი იქნება და ამიტომ არ უნდა მოგვთხოვოთ არაფერზე პასუხი - მთავარია, რომ სანამ ჩვენ ვართ, იქამდე ომი არ მოხდება“. რეალურად, ეს ძლიერი მესიჯია, რადგან ომი არავის უნდა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც 2008 წელს თავის თავზე იწვნია ეს ყველაფერი. ხელისუფლება ამ მესიჯს ბოლომდე ავითარებს. თანაც ნახეთ, არგუმენტი როგორ შემოატრიალეს - საფრთხე ის კი არ არის, რომ რუსეთი დაგვესხმება თავს. მათი თქმით, რუსები კარგები არიან და საფრთხე არის „ცუდ დასავლეთში“. „ცუდი დასავლეთი“ არის ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ასევე ძალიან ცუდია შვეიცარიის ბანკი, ამერიკელი კონგრესმენებიც ძალიან ცუდები არიან, „ნიუ იორკ თაიმსია“ საშინელი. თითქოს ამათ უნდათ, რომ საქართველოს უბიძგონ იმისკენ, რომ ქვეყანამ გახსნას „მეორე ფრონტი“, ოღონდ სად და რით შეიძლება გახსნას, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა დუმს“, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა